ექსკლუზიური ინტერვიუ "სპანჯბობის" და "კუნგ-ფუ პანდას" ავტორთან
14-08-2017
ექსკლუზიური ინტერვიუ "სპანჯბობის" და "კუნგ-ფუ პანდას" ავტორთან
"რთულია, იცოდე, ზუსტად რას აკეთებ, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვობიდან გამოყოლილ პრობლემებს ებრძვი..."

მარკ ოსბორნი: "ეს საოცარი ამბავია, რომელსაც აქვს სასწაულმოქმედი უნარი, თავი მის მონაწილედ წარმოგვა­დგენინოს. მადლობელი ვარ, რომ "პატარა უფლისწული" ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა..."


ის ვინც ერთხელ მაინც ბავშვთან ერთად ანიმაციის სანახავად კინოში წასულა, ან ტელევიზორთან მოკალათებულა, კუნგ-ფუ პანდა და სპანჯბობი მისთვის ნაცნობი სახელებია. პატარები, მათი მშობლები და ბებია-ბაბუებიც კი 21-ე საუკუნეში­ პოპულარული ანიმაციური­ ფილმების გმირებს კარგად იცნობენ, თუმცა, კადრს მიღმა რჩება­
მათი თავდაუზოგავი შრომა, ვინც ყველასთვის საყვარელი ფილმების შექმნაზე იზრუნა.

პოპულარული ანიმაციური ფილმების ავტორი მარკ ოსბორნი­ "ოსკარზე" ორჯერ იყო ნომინირებული და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს­ მფლობელია. "კვირის პალიტრასთან" საუბარს ბავშვობის წლების გახსენებით იწყებს:

- მახსოვს პირველი ფილმი, რომელიც 3-4 წლისამ ვნახე, დისნეის "რობინ ჰუდი" იყო. ისეთი შთაბეჭდილება
მოახდინა, რომ ჰელოუინის დღესასწაულზე მინდოდა, რობინ ჰუდი ვყოფილიყავი... სანამ კოლეჯში ჩავაბარებდი,­ ხელოვნებითა და რეჟისურით ვიყავი გატაცებული, მას შემდეგ, რაც ანიმაციის კურსებზე ჩავაბარე, მივხვდი, რომ საშუალება მეძლეოდა, ბავშვობის ოცნება ანიმაციის საშუალებით გადმომეცა. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ინტერესის სფერო იყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, რომ სწორედ ეს არის ის საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება გავყვებოდი.

- თქვენ ყველაზე პრეტენზიული და გულწრფელი მაყურებელი გყავთ - ბავშვები...

- იყო მშობელი, გულისხმობს ყოვე­ლდღიურ ბრძოლას, გამოწვევას, რომ ბოლომდე მიიღო ბავშვის გრძნობები და განცდები. ძალიან რთულია იცოდე, ზუსტად რას აკეთებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვობიდან გამოყოლილ პრობლემებს ებრძვი... ანიმაციაზე­ მუშაობა თერაპიულ პროცესს ჰგავს, შეს­აძლებლობა მომეცა სიღრმისეულად ჩავძიებოდი ბავშვური უმანკოების მნიშვნელობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ის ემოცია, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება და უკვე ზრდასრულ ასაკში განვიცდით.

- "კუნგ-ფუ პანდა" ორჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე", ძალიან პოპულარულია "სპანჯბობის" (ღრუბელი ბობი - კვადრა­ტული შარვალი) სერიალიც. როგორი იყო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ანიმაციური სერიალების შექმნის პროცესი?
- დაუსრულებლად შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი. "კუნგ-ფუ პანდას" ორი რეჟისორიდან ერთ-ერთი ვარ, რაც გულისხმობს იმას, თუ რამდენად არის დამოკიდებული შექმნის პროცესი თანამშრომლობაზე. ეს შემოქმედებითი პროცესია, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. უამრავი ადამიანი წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს, უამრავი ადამიანის გონება მუშაობს, რომ მაყურებელს ეკრანზე დაანახოს შემოქმედებითი შრომის შედეგი.

- ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი - "პატარა უფლისწული" 1943 წელს გამოიცა. მას შემდეგ ყველა დროის ბავშვმა თუ უფროსმა შეიყვარა ეს წიგნი. 2016 წელს საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ფრანგებმა თქვენთვის არც "სეზარის" (ფრანგული კინოპრემიის მთავარი ჯილდო) გადმოცემა დაიშურეს.
- კი, ნამდვილად ასეა... ეს საოცარი ამბავია, რომელსაც აქვს სასწაულმოქმედი უნარი, თავი მის მონაწილედ წარმოგვა­დგენინოს. საოცარია! მადლობელი ვარ, რომ ეს წიგნი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მერგო პატივი, ფილმად მექცია. მუშაობის დროს გამუდმებით ვფიქრობდი, რას ნიშნავს, იყო ბავშვი, ვიხსენებდი ჩემს ბავშვობას და ვფიქრობდი ჩემს ორ შვილზეც.

ეს წიგნი მეუღლემ 25 წლის წინ მათხოვა. მაშინ შეყვარებულები ვიყავით. სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" ჩვენი ურთიერთობისა და ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. როდესაც ნაწარმოების მიხედვით ანიმაციის შექმნა შემომთავაზეს, თავდაპირველად უარი ვთქვი, რადგან მას ძალიან დიდი ადგილი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში...

- მინდა "ქოლდფლეისა"­ და კრის მარტინზე გკითხოთ. თქვენ მსოფლიოში ძალიან პოპულარული ბრიტანული როკჯგუფ "ქოლდფლეის" ალბომის Mylo Xyloto-ს ვიზუალური და კონცეპტუალური მხარე­ შექმენით, ამასთან, ხართ რეჟისორი მუსიკალური კლიპისა Hurts Like Heaven. როგორია კრის მარტინთან მუშაობა?

- ძალიან სასიამ­ო­ვნოა, გამიმართლა, რომ მასთან ვითანამშრომლე. ძალიან ბევრი ვერსია განვიხილეთ, ბენდის დანარჩენი­ წევრებიც კი ჩავრთეთ, მაგრამ ანიმაც­იური ფილმის­ შექმნა არ გვქონდა დაგ­ეგმილი. მუშაობისას დაიბადა იდეა და ჩვენ ერთად გავაკეთეთ სცენარი კომიქსების წიგნისთვის,­ ბენდმა კი ახალი მუსიკა დაწერა სახელწოდებით Mylo Xyloto(ანიმაციის მთავარი პერსონაჟი). მათთან მუშაობამ, "ქოლდფლეის" შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. დაუჯერებელია, რომ ეს შევძელით! ვიმედოვნებ, მომავალში კვლავ მომეცემა მათთან მუშაობის შესაძლებლობა.

- გეგმებზეც გკითხავთ...

- ახლა რამდენიმე ფილმის თანაავტორი ვარ. ერთი ანიმაციური ფილმის ტრილოგიაა, რომელიც ჯეფ სმიტის კომიქსების BONE მიხედვით იქმნება, მეორე - ადამ კლაინის საბავშვო მოთხრობა ESCAPE FROM HAT-ის მიხედვით. მესამე პროექტიც ანიმაციურ ფილმს უკავშირდება. ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა შესაძლებლობა, მეტი ვილაპარაკო სამივე ფილმზე.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით