ნანა ლეჟავა: "ხელთ ჩაგვივარდა გიგი უგულავასა და "ნაციონალური არხების" ჟურნალისტების რესტორანში წინასაარჩევნო მოლხენის კადრები" - კვირის პალიტრა

ნანა ლეჟავა: "ხელთ ჩაგვივარდა გიგი უგულავასა და "ნაციონალური არხების" ჟურნალისტების რესტორანში წინასაარჩევნო მოლხენის კადრები"

უკვე ორი კვირაა, რაც ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ადგენს, რა ხერხებით ცდილობს მმართველი პარტია მხარდამჭერების დარაზმვას და ვისი ფულით ქეიფობს გიგი უგულავა ხან პარტიულ აქტივისტებთან, ხანაც ჟურნალისტებთან რესტორნებში. ერთ-ერთი "კვირის რეპორტაჟის" მეშვეობით შევიტყვეთ, თუ როგორ მოილხინეს ქალაქის მერმა და პრეზიდენტმა ამხანაგობების თბილისელ თავმჯდომარეებთან ბათუმში, რესტორან "სან-რემოში".

პარტიულმა აქტივისტებმა, ძირითადად, ქალებმა, პრეზიდენტი დაღალეს კიდეც მასთან ფოტოების გადაღებით, თუმცა ჩანს, არჩევნები "მსხვერპლს" მოითხოვს... "ძვირფასო ქალბატონებო, თქვენი დახმარების იმედი ყოველთვის მექნება", - ეუბნება ამხანაგობების თავმჯდომარეებს უგულავა, სააკაშვილს კი რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული თემა არც ასეთ თავყრილობებზე ავიწყდება. "რა მიიღო რუსეთმა ამ ინტერვენციით? სულ რამდენიმე სოფელი!" - ეუბნება ის პარტიულ აქტივისტებს და სწორედ აქ წყდება "სან-რემოში"  გადაღებული კადრები, შემდეგ "კვირის რეპორტაჟი" დაკარგული სოფლების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალით მთავრდება(!).

სამწუხაროდ, ამ გადაცემის ნახვის შესაძლებლობა საქართველოში ყველას არა აქვს. ახლახან ნანა ლეჟავამ მოიპოვა უკვე რესტორან "სენატში" გიგი უგულავას ჟურნალისტებთან ერთად მოლხენის კადრებიც.

ნანა ლეჟავა: - ჩანაწერი, თუ როგორ ილხენდნენ კორპუსების თავმჯდომარეები მმართველი პარტიის პირველ პირებთან ერთად რესტორანში, ერთ-ერთმა  ოპოზიციურმა პარტიამ მოგვაწოდა. ჩვენ ისნის რაიონის მცხოვრებლები სათითაოდ მოგვყავდა და ვთხოვდით, ვიდეოკადრებში პირები ამოეცნოთ. ასე დავაზუსტეთ არაერთი ამხანაგობის თავმჯდომარის ვინაობა, მისამართი, ამჟამინდელი საქმიანობის სფერო და ზოგიერთ მათგანს სახლში, ზოგს  კი პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ვეწვიეთ.

დავადგინეთ, რომ ამ ბანკეტებისთვის  თბილისის ბიუჯეტის თანხები იხარჯება. ჩვენ ვკითხეთ იურისტს, დაირღვა თუ არა ამით რომელიმე კანონი, გამოიყენა თუ არა მმართველმა პარტიამ საამისოდ ადმინისტრაციული რესურსები. მან განგვიმარტა, რომ თუ ბანკეტისთვის თანხები პარტიული ფონდიდან დაიხარჯება, ეს არ იქნება კანონდარღვევა, მაგრამ მერიამ დახარჯა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის გამოყოფილი ფული.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის ბიუჯეტში ერთიანი თანხა არის გამოყოფილი და შემდეგ პუნქტებადაა  გაწერილი. ერთ-ერთი პუნქტით სემინარების ჩატარებაც არის გათვალისწინებული. მართლაც, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა გვითხრეს, რომ ბათუმში მერიის ორგანიზებულ სემინარზე იყვნენ. ვკითხეთ, რა გააკეთეთ ამ სემინარზე, რა ისწავლეთ-მეთქი. ის, რომ გიგი უგულავამ მათ საზოგადოებასთან ურთიერთობა ასწავლა იმ "ბანკეტ-სემინარზე", მგონი, სერიოზული პასუხი არ არის. ისნის რაიონის გამგებელმა კატეგორიულად უარყო, რომ "სან-რემოში" იყო. არადა, კადრში კარგად ჩანდა მისი სახე.

პრობლემაა ისიც, რომ  ასეთ სემინარებზე, სინამდვილეში კი - ბანკეტებზე, თბილისელების ფული დაიხარჯა და ისიც, რომ საკრებულომ მხარი დაუჭირა ასეთ გადაწყვეტილებას. აშკარაა, ბანკეტზე იყო მთელი პარტიული აქტივი, პრეზიდენტის, მერის, გამგებლების ჩათვლით და ფული მათი პარტიის ფონდიდან არ დახარჯულა.

- როცა თანხების ხარჯვის მიზნობრიობის გარკვევა გსურთ, საჯარო ინფორმაცია რამდენად ხელმისაწვდომია?

- საჯარო ინფორმაციის მოპოვება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბევრი ჟურნალისტისთვისაც საკმაოდ ძნელია. სიმართლე გითხრათ, ამ სიუჟეტის მომზადებისას საკრებულოს გადაწყვეტილება დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე (რაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის დამატებით თანხის გამოყოფას ითვალისწინებდა) ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვაწოდა. ჩვენ ვცდილობთ ისე შევხვდეთ ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენელს, რომ წინასწარ არ გავთქვათ ჩვენი ინტერესის საგანი. იძულებული ვართ, ასე მოვიქცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დაგველაპარაკება.

- გქონიათ თუ არა ისეთი მასალა, რომლის გამოქვეყნებისგანაც თავი შეგიკავებიათ?

- არასოდეს ყოფილა, საინტერესო მასალა ხელში ჩამვარდნოდა და ვინმესთან პირადი ნაცნობობის გამო არ გამომექვეყნებინა.

- დარწმუნებული ვარ, ამჟამინდელი "კვირის რეპორტაჟიც" საზოგადოების განსჯის  საგანი გახდება...

- ვიდეომასალა, რომელიც ახლახან მოგვაწოდეს,  გასული კვირის თემაზე არანაკლებ სკანდალურია.

ამჯერად, ვაჩვენებთ, როგორ წაიყვანა თბილისის მერმა "ნაციონალური არხების" ჟურნალისტები საქეიფოდ ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში. სულ 500-მდე ჟურნალისტი იყო. ამჯერად დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ერთად რესტორან "სენატში" მოილხინა.

მაინტერესებს, გიგი უგულავას მიწვეული ჟურნალისტები, რომლებიც რესტორანში გრიალებდნენ, გააშუქებენ თუ არა ობიექტურად ადგილობრივ არჩევნებს და საზოგადოდ, ჟურნალისტური ეთიკის ჩარჩოში თუ ჯდება მათი საქციელი?

- თავის დროზე, სააკაშვილმაც სცადა ჟურნალისტებთან ამ გზით დაახლოება (ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა). თქვენ არასოდეს დაუპატიჟებიხართ?

- მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთ "ერთობლივ" ლხინზე. მოგეხსენებათ, იმხანად "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ვიყავი, ბევრ პოლიტიკოსთან კარგი ურთიერთობაც მქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომ თავი დავალებულად მეგრძნო.