"ბატონო ელჩო, ექვსი დღეა, რაც ციხე დავტოვე"
21-08-2017
"ბატონო ელჩო, ექვსი დღეა, რაც ციხე დავტოვე"
რა კავშირია ყოფილ პატიმარსა და ამერიკის ელჩ იან კელის შორის

"ვიყიდე მაისური, რომელსაც უნდა დავაწერო, "მე ყოფილი პატიმარი ვარ", მინდა, დაინგრეს სტიგმა, ყოფილი პატიმარი საშიშია"


ამერიკის ელჩ იან კელის უფლისციხის რესტორან "გამარჯობაში"­ სასიამოვნო სიურპრიზი დახვდა­ - სადილობისას უთხრეს, რომ შეფმზარეულს მასთან შეხვედრა სურდა. მართლაც, ცოტა ხანში­ ელჩს ახალგაზრდა მამაკაცი მიუა­ხლოვდა, თავისი ხელით მომზადებული, ლამაზად გაწყობილი თევზი მიართვა და თავი შეახსენა:­ ბატონო ელჩო, ექვსი დღეა, რაც ციხე დავტოვე და უკვე აქ
ვმუშაობ, ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს - ამერიკის­ საელჩოს ჰქონდა ექვსთვიანი პროგრამა მსჯავრდადებულთათვის, სადაც ცნობილი შეფ­მზარეული მანუელი კულინარიას გვასწავლიდა. მე რომ აქ ვმუშაობ, თქვენი დამსახურებაა. ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა მადლობა გადაგიხადოთო. 41 წლის ყოფილ პატიმარს ელჩი გადაეხვია და თავის მეუღლესაც გააცნო იგი.

ირაკლი
მირუაშვილმა ციხეში ორი წელი გაატარა. ამბობს, რომ ეს წლები ფუჭად არ დაუკარგავს და სულ სიახლის ძიებაში იყო. სამსახურის ძებნა პირველივე­ დღეს დაიწყო და ციხეში შესწავლილი პროფესიის წყალობით უკვე ერთ-ერთი რესტორნის შეფმზარეულია.

- თქვენი დაკავების შესახებ გვიამბეთ?

- მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს. 8 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, ვკითხულობდი ლექციებს გორის უნივერსიტეტში, ვმღეროდი გორის­ ანსამბლში. ბოლო ორი წელი მუზეუმის დირექტორი გახლდით და თანამდებობ­რივი უფლებამოსილების­ გადამეტებისა და დიდი ოდენობით თანხის აღების ბრალდებით გამასამართლეს. ვფიქ­რობ, ეს პროვოკაცია იყო, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არ ღირს. სამი წელი მომისაჯეს, ორი წლის შემდეგ შეწყალების კომისიამ სასჯელი გამინახევრა, შემდეგ კი ვადაზე ადრე გამათავისუფლეს.

ციხეში მოხვედრა თავზარდამცემი იყო, რადგან ჩემი სუბკულტურა არ არის კრიმინალი. გლდანის მერვე დაწესებულ­ება სატრანზიტოა და ძნელია იქ ცხოვ­რება, მაგრამ გასამართლების შემდეგ რუსთავის მე-16 დაწესებულებაში გადავედი. იქ ციხის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ნორმალურად გვეგრძნო თავი.

- როგორც ვიცი, ციხეში დადგით სპექტაკლი, რომელიც რუსთაველის თეატრში იხილა მაყურებელმა.

- დავდგით ცნობილი კინოფილმის, "12 განრისხებული მამაკაცის" ადაპტირებული ვერსია. ტექსტი გადავაკეთეთ, მუსიკაც ჩვენია. პრემიერას პატრიარქი, პრემიერი, მინისტრები, ოჯახის წევრები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდნენ. დარბაზში ოვაცია არ ცხრებოდა.

- თქვენ რა როლი გქონდათ?

- ცოტა კურიოზულია, მაგრამ იქაც სკოლის დირექტორის როლი მერგო. სცენარის მიხედვით, სასამართლოში რემ­ონტია, ამიტომ სკოლაში გაიმართა პროცესი, რომლის დროსაც ასამართლებენ ამავე სკოლის მოსწავლეს, ვისაც სიკვდილი უნდა მიუსაჯონ. პატარა როლი მქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი.

- რუსთაველის თეატრში რეპეტიციების შემდეგ ციხეში დაბრუნება არ გიჭირდათ?

- როცა გვითხრეს, რუსთაველის თეატ­რის სცენაზე დავდგებოდით, ყურებს­ არ ვუჯერებდით. რეჟისორი ვანო მაჭავარიანი იყო - ჩვენ ერთ საკანში­ ვისხედით და ის ჯერ ისევ ციხეშია. რამდე­ნჯერმე გაგვიყვანეს რეპეტიციაზე, რომ სცენას შევჩვეოდით. უკან დაბრუნება ძნელი იყო, მაგრამ ვახერხებდით თავის მოთოკვას.

- გვიამბეთ თქვენს კლიპზეც, რომელიც­ "არტგენის" მაყურებელმა ნახა.

- ეს არის რვაწუთიანი მუსიკალური კომპოზიცია - მასში მეტალი, როკი და ელექტრომუსიკაა ერთმანეთთან შერწყმული. "არტგენზე" უნდა გვემღერა, ამისთვისაც ვემზადებოდით, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ღია სივრცეში ტარდებოდა, ვერ გარისკეს. სამაგიეროდ, გადავიღეთ კლიპი, რომელმაც ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მერე გავაკეთეთ მეორე, მესამეც დავიწყეთ, მაგრამ ამასობაში გამათავისუფლეს და საქმე გაჩერდა.­ ვოკალისტი არა ჰყავთ, "ნიჭიერში" დაგ­ვარეგისტრირეს და თუ ეს შედგა, მე სახლიდან მივალ "ნიჭიერში", ბიჭები - დაწესებულებიდან და ფართო საზოგადოება ნახავს ჩვენს ნამუშევარს. სექტემბერში ნიაზ დიასამიძე გეგმავს დაწესებულებაში შესვლას. მეც ვიმღერებ, უკვე სტუმრის სტატუსით და მიხარია, რომ ვნახავ ჩემს მეგობრებს.

- ამბობენ, რომ გიტარის დაკვრას ასწავლიდით პატიმრებს.

- დაწესებულებაში რომ მივედი, დირექტორს ვუთხარი, თუ რეჟიმი­ იძლევა ამის საშუალებას, შემიძლია გიტარის დაკვრა შევასწავლო პატიმრებს-მეთქი. ციხის დირექტორმა გიტარა მიყიდა და პატიმრებს დაკვრასა და ქართულ საგალობლებს ვასწავლიდი. რთული შესასრულებელი იყო ის კომპოზიცია. ჩვენს ხუთკაციან ანსამბლში უკრავენ სანდრო შერაზადაშვილი, რომელმაც ციხეში ისწავლა გიტარის დაკვრა და დღეს საკმაოდ კარგი მუსიკოსია, ნიკუშა წერეთელი, რომელიც კლავიშიანებს უკრავს, ვანო მაჭავარიანი, რომელიც დაკავებამდე დრამერი იყო, და ნიჭიერი­ მიშა თოდუა. ჯგუფს ჰქვია "სანამ" - სანამ აქა ვართ, ეს ვაკეთოთ-მეთქი და დავარქვით კიდეც ასე ჯგუფს. თავად მუსიკალურ ტრეკს "უძილობა" ჰქვია, ციხეში უძილობა ყველას აწუხებს.

პარალელურად ისტორიის ლექციებს ვუკითხავდი მსჯავრდადებულებს. აქტუალურ თემებს განვიხილავდით, ვატარებდით ღია გაკვეთილებს. ჩამოვაყალიბეთ მსჯავრდადებულთა ინტელექტუალური კლუბი, რომელსაც პაატა შენგელია ხელმძ­ღვანელობდა. კარგია, რომ დიდი ბიბლიოთეკაა და ამ რესურსს ყველაფერში ვიყენებდით.

- მოწყენის საშუალება არ გქონდათ...

- როგორ არ მოიწყენ, იზოლირებული ხარ და ეს არის აუტანელი სევდა, მაგრამ რომ დამეძლია, ძალიან ვაქტიურობდი.

- თქვენი ლექციები პატიმრებს მოსწონდათ?

- როცა სასწავლო კორპუსში მივედით, 25 მსჯავრდადებული­ ვიყავით. რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, რომ პატიმარი კითხულობდა ლექციას, მაგრამ მალე პოპულარული გახდა ჩემი ლექციები.

- იქ ახალ პროფესიასაც დაეუფლეთ.

- სიამოვნებით ვსწავლობდი კულინარიას, ექვსთვიანი კურსი გავიარე და სერტიფიკატი ავიღე. კურსი ამერიკის საელჩომ დააფინანსა, ამიტომ ხშირად მოდიოდა ბატონი ელჩი. ბოლოს ბანკეტსაც დაესწრო. ამიტომ საშუალება მომეცა, პირადად გამეცნო.
გათავისუფლებიდან მეექვსე დღეს რესტო­რანში დავიწყე მუშაობა. რესტორნის მეპატრონეს რომ ვუთხარი, ამერიკის ელჩს საქართველოში ვიცნობ-მეთქი, გაუკვირდა.­ იან კელისთვის სიურპრიზი იყო ჩემთან შეხვედრა. ელჩს რესტორნის ანსამბლთან ერთად "მრავალჟამიერიც" ვუმღერე. მოკლედ, აღფრთოვანებული წავიდა ჩვენგან.

- მოულოდნელი იყო თქვენი გათავისუფლება?

- ერთ დღეს ციხის თანამშრომელმა მითხრა, სად გაქვს ის შარვალი, რომლითაც ციხეში შემოხვედიო. მაშინ­ 136 კილ­ოგრამი ვიყავი, ახლა 100-ს ვიწონი. ციხეში ინტენსიურად ვვარჯიშობდი, კალა­თბურთის ჩემპიონატსაც ვატარებდით, მოკლედ, 36 კილოგრამი დავიკელი. აღარ მჭირდება ის შარვალი-მეთქი, ახლა დაგჭირდება, დღეს გახვალ აქედანო. მერე აღარაფერი მახსოვს, სიხარულისგან ვეღარ ვაზროვნებდი. ბიჭებს დავემშვიდობე, მეგობარს დავურეკე, წამიყვანე-მეთქი. მეუღლეს გზიდან დავურეკე და შევაპარე, რომ შინ მივდიოდი. პირველ დღეებში არ მეძინებოდა, ისევ ციხეში მეგონა­ თავი.

- სამსახურის ძებნა არ გაგჭირვებიათ?

- ციხიდან გამოსვლის პირველივე­ ღამეს ინტერნეტში დავიწყე სამსახურის­ ძებნა. 20 წლის ბიჭი მყავს, რომელიც წარჩინებული სტუდენტია, ვარშავაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. გოგონაც მყავს. შვილებს ჩემი თანადგომა სჭირდებათ. ეს რესტორანი ჩემს სოფელშია, გორის­ რაიონის სოფელ ქვახვრელში. აქვეა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი. კლდეში­ ნა­კვეთი ქალაქია, როგორც ვარძია, ოღო­ნდ­­ უფრო პატარა. მეგობრებმა შემომთავაზეს შეფმზარეულად მუშაობა­ და სიხარულით დავთანხმდი. ვიყიდე მაისური, რომელსაც უნდა დავაწერო, "მე ყოფილი პატიმარი ვარ", მინდა დაინგრეს სტიგმა, ყოფილი პატიმარი საშიშია.

- რა გეგმები გაქვთ?

- სექტემბრიდან ისევ წავიკითხავ ლექციებს გორის უნივერსიტეტში და ვფიქ­რობ, შევუთავსებ ამ ორ საქმეს ერთმანე­თს. პარალელურად ვივლი ანსამბლში, უამისოდ არ შემიძლია.

- რა მოგცათ ციხეში გატარებულმა ორმა წელმა?

- იქ უამრავი სოციალური სტატუსის, მენტალიტეტის ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. ჩემთვის ეს დიდი სკოლა იყო.

თეა ხურცილავა
uiiiiiiiiiiiii
23 აგვისტო 2017 10:44
აბსლუგის ლომი
lela
23 აგვისტო 2017 09:35
გაგახაროთ ღმერთმა. წინსვლა და წარმატებები არ მოგეშალოთ. თქვენნაირ ადამიანს ღმერთი არ მიატოვებს.
ninonino
23 აგვისტო 2017 04:11
გამარჯვებები მისურვებია,ვაზჰკაცო

რედაქტორის რჩევით