გრიგოლ ხანძთელის მოწაფის დაარსებული მონასტერი და მამების წმინდა ნაწილებზე დარჩენილი მტერთან ბრძოლის კვალი
22-08-2017
გრიგოლ ხანძთელის მოწაფის დაარსებული მონასტერი და მამების წმინდა ნაწილებზე დარჩენილი მტერთან ბრძოლის კვალი
"როცა მონასტერი აღორძინდა, ბერებმა მამათა წმინდა ნაწილები მომლოცველების სანახავად აქ დააბრძანეს, ცალკე, ტაძარში, ლუსკუმაშია მოთავსებული ჭრილობადამჩნეული ძვლები და თავის ქალები"

ბორჯომის მახლობლად, დაბა ახალდაბასთან, ფოთოლეთის ტყეში საოცარი ტაძარი დგას - იქ შემსვლელს ნაწამებ წმინდა მამათა ნაწილები სამზეოზე ხვდება. წამით ისიც ეჩვენება, რომ გარდასულთა სულები შენდობას ითხოვენ. არადა, რა აქვთ შესანდობი: ამ ხეობას მტერი არ ასცდენია, არც ერთს არ ჩაუვლია ისე, რომ მონასტრებს არ შესეოდა და ბერმონაზვნებს თავი არ შეეკლათ. მერე
მოვიდოდა ხეობაში გაფანტული მოსახლეობა და წმინდა მამებს იქვე, მონასტრის ეზოში დაკრძალავდა. შემდეგ გაუდაბურებულ ტაძარს კვლავ რომელიმე წმინდანი შეაფარებდა თავს და ააღორძინებდა.

დღეს ეს ეკლესია კვლავ აღორძინებულია და აქ ისევ ლოცულობენ წმინდა მამები. ბორჯომელი ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი გვიამბობს ფოთოლეთის კვირიკეწმინდის მონასტრის ამბავს:

- ეს მონასტერი მიჩნეულია დიდი
გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, ქრისტეფორეს დაარსებულად... ბიზანტიელებმა, სპარსელებმა, არაბებმა, მონღოლებმა, თურქ-სელჩუკებმა აქაურობა შავ დღეში ჩააგდეს; როცა ეს მხარე თურქეთმა მიიტაცა და 1595 წელს "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" შეადგინა, ხეობაში მხოლოდ 8 დაუცლელი სოფელი აღმოჩნდა 37 კომლით, რომელშიც მოსახლეობა 150 კაცს არ აღემატებოდა...
სისხლით გამძღარი მტერი დატოვებდა თუ არა აქაურობას, მშენებლობა გრძელდებოდა. XVI საუკუნეში, როცა თურქებმა ხეობა დაიპყრეს, ფოთოლეთის ტაძარიც გაუქმდა.

აქ ათასი ჯურის მტერი დათარეშობდა. მერე მრავალი საუკუნით ოსმალების ხელში აღმოჩნდა აქაურობა...
წმინდა ნაწილები და წარწერიანი ქვები 2008 წელს, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. გაიწმინდა მამათა საფლავები, წმინდა ნაწილები. ერთ-ერთი საფლავის ქვა ღაღადებს: "ღ(მერ)თმ(ა)ნ ნუ შეუდნეს ცოდვანი მნ{ათესა, რ{ომე}ლ ცხოარ არს".

- სულის შემძვრელი წარწერაა, სევდიანი. "უფალო, მნათეს ცოდვებს ნუ შეუნდობო". არადა, ვინ იცის, რამდენ ლოცვას აღავლენდა ფოთოლეში...

- ასეთ წარწერებს სწორედ განსაკუთრებულად მლოცველნი და სულგანათებულები აკეთებდნენ, ვისაც უფალი უყვარდა და მის ძალას გრძნობდა, მის დიდებასთან მიახლოების ღირსად თავს არ მიიჩნევდა.
როცა მონასტერი აღორძინდა, ბერებმა მამათა წმინდა ნაწილები მომლოცველების სანახავად აქ დააბრძანეს, ცალკე, ტაძარში, ლუსკუმაშია მოთავსებული ჭრილობადამჩნეული ძვლები და თავის ქალები. ბერები ამბობენ, ამ მამების წმინდა ნაწილებზე დარჩენილი მტერთან ბრძოლის კვალი დაე, ყველამ ნახოს, ვინც ტაძარში შემოვაო...

- შეუძლებელია, ამ ნაწილების ხილვისას შენი ქვეყნის ისტორია არ გაგახსენდეს, არ დაფიქრდე, დღემდე როგორ მოვედით. ეს წმინდა ნაწილები გვარწმუნებს, რომ ყოველ განსაცდელს გადავიტანთ...

- და არა მხოლოდ... მათი შემხედვარე იმასაც გრძნობ, რომ სიცოცხლე წამია და ამ წამის იქით უფალია, ეს წამი სიკეთითა და სინათლით უნდა განვლო.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით