"პიტალო კლდეებით გარშემორტყმულ ქვაბულში აღმოვჩნდით..." - კვირის პალიტრა

"პიტალო კლდეებით გარშემორტყმულ ქვაბულში აღმოვჩნდით..."

ბორბალოს მთების მახლობლად, იქ, სადაც სათავეს არაგვი, იორი და ალაზანი იღებს, ფშავისა და თუშეთის გამყოფი ქედია წამომართული. უსახელო, დეკა და ღვიანით აფერადებული მთები მწვერვალამდე მიდის

"ევაკუაციის დროს შვეულმფრენში სამი ძაღლი ამოვიყვანეთ, მეოთხე კი იქ დაგვრჩა, სამწუხაროდ, ვერ მოვიხელთეთ"

ბორბალოს მთების მახლობლად, იქ, სადაც სათავეს სამი მდინარე - არაგვი, იორი და ალაზანი იღებს, ფშავისა და თუშეთის გამყოფი ქედია წამომართული. უსახელო, დეკა და ღვიანით აფერადებული მთები მწვერვალამდე მიდის, რომელიც ისეთივე ამაყი და შეუვალია, როგორიც 23 წლის ალვანელი თუში ბიჭი იყო, თავად მტერმა და სიკვდილმა რომ დაუმკვიდრეს უკვდავება. 18 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე 33 წლის გახდებოდა... 3276 მეტრი სიმაღლის მწვერვალს მალე ეროვნული გმირის სახელს მიანიჭებენ. ეს იდეა მოლაშქრეთა შვიდკაციან ჯგუფში დაიბადა, რომლებმაც მწვერვალი აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე დაიპყრეს. იდეის ავტორი და ტოპოგრაფთა ჯგუფის წევრი, თადარიგის პოლკოვნიკი დიმიტრი ქართლელიშვილი მწვერვალამდე მიმავალ ფათერაკებით სავსე გზაზე გვიამბობს:

- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმსახურე, აგვისტოს ომის დროს გარკვეული სირთულეები შემხვდა, რის შემდეგაც, 2009 წლის ბოლოს, გულის შუნტირება დამჭირდა. 2010 წელს თადარიგში გავედი. ყოფილი სპორტსმენი ვარ და როგორც მეგობრები მეუბნებიან, გამოუსწორებელმა ოპტიმისტმა 1-ლ აგვისტოს თანამოაზრეებთან ერთად დიდი ბორბალოს ერთ-ერთ მწვერვალზე გადავწყვიტე ასვლა. ექიმის რჩევის მიუხედავად, რისკზე წავედი, მინდოდა, თავისთვის დამემტკიცებინა, რომ 62 წლის ასაკში, შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, რაღაც კიდევ შემიძლია. ჯგუფის დანარჩენი წევრები ჩემზე უმცროსები არიან. ორი სამხედრო პირი ვიყავით - მე, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე და ლეიტენანტი ზვიად თურმანიძე. მე თადარიგის პოლკოვნიკი გახლავართ და სამოქალაქო პირად ვითვლები, ისე როგორც დანარჩენები - გიორგი ფერაძე, გვანცა წირღვავა, ოთარ დემეტრაშვილი და თედო გორგოძე.

თავდაპირველად სოფელ უკანა ფშავში ჩავედით, მწყემსებისგან ცხენები ავიყვანეთ და უახლოესი მწვერვალისკენ გავემართეთ. თან მეცხვარის ოთხი ლეკვი გამოგვყვა. მწყემსი ცდილობდა, ლეკვები უკან დაებრუნებინა, მაგრამ ვერ დაიყოლია და ისინიც ჩვენს ჯგუფს შემოუერთდნენ. ექვსი კილომეტრი გავიარეთ და 7-8 საათის შემდეგ უსახელო მწვერვალზე, რომლის სიმაღლე 3276 მეტრია, ავედით.

8 აგვისტო ახლოვდებოდა, რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავი, და მეგობრებს შევთავაზე, უსახელო მწვერვალს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დარქმეოდა. დაბრუნებულებმა, ვისაც ეს აზრი გავაცანით, ყველამ ერთხმად მოიწონა, მათ შორის გიორგის მეუღლემ, მაკამაც.

უსახელო მწვერვალიდან დაბრუნებისას დაახლოებით 7,5 კილომეტრი რთული რელიეფი გავიარეთ. ბილიკზე გასულებს წინ დათვის ბელმა გადაგვირბინა. სადაც ბელი იყო, იქ დედა დათვიც იქნებოდა, ამიტომ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნოდარ ხორბალაძემ, გადაწყვიტა, სხვა მიმართულებით წავსულიყავით, თან ისე, წყალს რომ არ მოვწყვეტოდით. ახალგაზრდა ლეიტენანტის, ზვიად თურმანიძის გამოცდილება ბევრ რამეში წაგვადგა. გზად კოკისპირულ წვიმაში მოვყევით, ბილიკები ჩამორეცხილი იყო, ამიტომ სხვა მიმართულებით წავედით და ჩანჩქერს მივადექით, რომლის გადალახვა შეუძლებელი იყო, ამასთან, პიტალო კლდეებით გარშემორტყმულ ქვაბულში აღმოვჩნდით და იძულებული გავხდით, დავბანაკებულიყავით, ამასობაში სურსათიც გამოგველია. მანამდე ჩვენს ოთხ ძაღლსაც, როგორც ჯგუფის წევრებს, თანაბრად ვუყოფდით საკვებს.

და მაშინ თურმანიძემ ივაჟკაცა, კლდეზე გავიდა, 8 საათი იარა და ბარისახოს მესაზღვრეებამდე მიაღწია. მესაზღვრეებს შეუერთდნენ მაშველებიც, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქვაბულიდან შვეულმფრენიდან ჩამოშვებული ბაგირებით უსაფრთხოდ ამოგვიყვანეს.

საოცარი სითბოთი მახსენდება ჯგუფის ერთადერთი გოგონა გვანცა წირღვავა. როცა სურსათი შემოგველია, დაგვრჩა მხოლოდ ნახევარი `სნიკერსი~, გვანცამ, ეს თქვენ უნდა მიირთვათ, როგორც ასაკით ყველაზე უფროსმაო. არავითარ შემთხვევაში-მეთქი. თვალებიდან არ ამომდის, როგორ დაჭრა და ულუფებად დაანაწილა, რომ ყველას შეხვედროდა.

ევაკუაციის დროს შვეულმფრენში სამი ძაღლი ამოვიყვანეთ, მეოთხე კი იქ დაგვრჩა, ვერ მოვიხელთეთ. ახლა რომ ვფიქრობ, მიკვირს, როგორ შევძელით ეს ყველაფერი.

სიძნელეების გადალახვა ზვიად თურმანიძის დახმარებით შევძელით. ასეთ ლაშქრობაში როდესაც მიდიხარ, აუცილებელია, თან ვინმე გამოცდილი გახლდეს. სამივე გადარჩენილი ჩვენი ერთგული მეგზური ძაღლი შინ წამოვიყვანე. მოგვიანებით მწყემსებს გადასცეს. ძალიან მწყდება გული იმ მეოთხე, დაკარგულ ლეკვზე. ამბობენ, ძაღლს ძალის მოკრება სჩვევია და შეიძლება ახლომახლო სოფელში თავისით გადავიდესო. ღმერთმა ქნას!

ასე დასრულდა ჩვენი გმირული ეპოპეა, რომლის მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს მიაკუთვნებენ. მით უმეტეს, ეს ახალგაზრდა გმირი თუში იყო. ჩვენი იდეა ყველამ მოიწონა - ახმეტის გამგებელმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამაც.

უნდა ვისწავლოთ გმირების დაფასება. მიხარია, რომ ჩემი ინიციატივით 2015 წელს, კრწანისის ომის 220-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ქართველი გმირის, ერეკლე მეფის არტილერისტის, მაიორ ერეკლე გურამიშვილის სახელი მიენიჭა. ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ასეთი ადამიანების საგმირო საქმეები... ახალგაზრდები სახელმწიფოს ერთიანობისა და პატრიოტიზმის სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ. განცხრომას ნუ მივეცემით, როცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე

დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში. ერაყიდან დაბრუნებულს ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებებამ მოუწია. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა.

კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკებისას ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. ოკუპანტებმა ინტერნეტით ქართველ ტყვეთა სადისტური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელეს. ჩანაწერში ჩანს, ანწუხელიძეს როგორ აიძულებენ სეპარატისტები დაიჩოქოს და მიწას აკოცოს, ბიჭი მედგრად დგას, მტერს არ ეპუება... ზოგი თავის მოჭრით ემუქრება, ზოგიც დახვრეტას უპირებს, აიძულებენ, მტრის ინტერესების მიხედვით მისცეს ჩვენება, მაგრამ ჯარისკაცი არ ტყდება, გმირულად უძლებს წამებას... წამებისა და დაკითხვის შემდეგ ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ეროვნული გმირი თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრებია ასახული. 2013 წლის აპრილში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძე ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო ანწუხელიძის ქვრივს, მაკა ჩიკვილაძეს გადაეცა.

ნანა ფიცხელაური