სუპერთაღლითი! კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება - კვირის პალიტრა

სუპერთაღლითი! კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება

გრაი პრაკს როკანკური ცნობილი პროდიუსერის, დინო დე ლაურენტისის ნათესავად გაეცნო, სწრაფად მოხიბლა თავისი ფრანგული აქცენტითა თუ საჩუქრებით და მალე იქორწინეს ლას-ვეგასში, თუმცა, ვნების ჩაცხრომასთან ერთად გრაიმ აღმოაჩინა, რომ თითქმის არ იცნობდა საყვარელ მეუღლეს

მაქსიმალური, ოცწლიანი სასჯელის თავიდან ასაცილებლად როკანკურმა დანაშაული სამ პუნქტში აღიარა და ხუთწლიანი პატიმრობაც მიიღო 9 მილიონ ჯარიმასთან ერთად, რაც ნამდვილად არაფერია იმ ნადავლთან შედარებით, რომელიც თაღლითმა წლების მანძილზე დააგროვა

მართალია, ყველა თაღლითს საქმიანობის განსხვავებული სფერო და "მუშაობის" ინდივიდუალური სტილი აქვს, მაგრამ ყველას ერთი მიზანი - სხვათა მოტყუებით გამდიდრების სურვილი ამოძრავებს. გამონაკლისი არც თვითმარქვია კრისტოფ როკანკურია, რომელიც ხან სოფი ლორენის შვილად, დიზაინერ ოსკარ დე ლა რენტასა თუ პროდიუსერ დინო დე ლაურენტისის ნათესავად, ხან კი როკფელერის მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრედ ასაღებდა თავს.

კრისტოფ როკანკური 1967 წლის 16 ივლისს დაიბადა ნორმანდიის პატარა სოფელ ონფლორში. მშობლები ადრე დაეღუპა და მისი აღზრდა დეიდამ ითავა, თუმცა, მალე მოჰბეზრდა და ცხრა წლის კრისტოფი სენ-ჟერმენის თავშესაფარში გაგზავნეს. თავშესაფრიდან სამხედრო მოსამსახურის ოჯახში მოხვედრილმა თავნება კრისტოფმა დიდხანს ვერ გაუძლო დისციპლინის მკაცრ მოთხოვნებს და პარიზში გაიქცა, სადაც რუსი წარჩინებულის, გოლიცინის შთამომავლად გაასაღა თავი, მაგრამ რუს ემიგრანტებში დიდად ვერ მოიკიდა ფეხი. ევროპის ქალაქებში მოგზაურობისას წვრილმანი თაღლითობით ირჩენდა თავს. პირველი მილიონი პარიზში იშოვა - დოკუმენტები გააყალბა და ვითომ საკუთარი, სინამდვილეში კი სხვისი, ფეშენებელური სახლი გაყიდა. წარმატებით ფრთაშესხმულმა 1980-90-იან წლებში კიდევ რამდენიმე აფერა დაატრიალა საფრანგეთში, მერე კი შვეიცარიაში გადაინაცვლა, სადაც ჩეკებისა და საკრედიტო ბარათების გაყალბებითა და წვრილმანი ქურდობით გაითქვა სახელი. საიუველირო მაღაზიის გაძარცვის შემდეგ კი, როცა პოლიციამ მისი ძებნა გამოაცხადა, ოკეანის გადაღმა გამგზავრება და ამერიკის დაპყრობა გადაწყვიტა.

ლოს-ანჯელესში გაშინაურებულმა როკანკურმა აღმოაჩინა, რომ ამერიკელები ბევრად მიამიტები იყვნენ, ვიდრე ევროპელები, და სწრაფად შეუდგა საჭირო ნაცნობების შეძენას. ღვინის ვაჭარ ვინმე ჩარლზ გლენსს ევროპის უძლიერეს მოკრივედ წარუდგინა თავი და განუცხადა, რომ ამერიკაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ჩამოვიდა. ამგვარი ნაცნობობით ამაყმა გლენმა კი, თავის მხრივ, "ევროპელი ჩემპიონი" ცნობილ რესტორან Mირრორ-ის მუდმივ კლიენტებს, რესპექტაბელურ საზოგადოებას გააცნო, მერე კი მთელი თვე დაატარებდა ღამის კლუბებში.

როკანკური არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარეგნობით, მაგრამ კომუნიკაბელურობის წყალობით ყოველთვის ახერხებდა ქალების გულის მონადირებას და ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა. ლამაზმან გრაი პრაკს როკანკური ცნობილი პროდიუსერის, დინო დე ლაურენტისის ნათესავად გაეცნო, სწრაფად მოხიბლა თავისი ფრანგული აქცენტითა თუ საჩუქრებით და მალე იქორწინეს ლას-ვეგასში, თუმცა, ვნების ჩაცხრომასთან ერთად აღფრთოვანებაც გაქრა და გრაიმ აღმოაჩინა, რომ თითქმის არ იცნობდა საყვარელ მეუღლეს. მისი ეჭვი მეგობრებმაც გაიზიარეს, რომელთა დახმარებით სერიალების ვარსკვლავმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო გამოძიების ფედერალური ბიუროსგან და მის იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგო, რომ იმ კრისტოფ როკანკურს გაჰყოლია ცოლად, რომელსაც შვეიცარიის პოლიციის მოთხოვნით ინტერპოლი ეძებდა.

მართალია, ჟენევაში პოლიციამ ვერ შეძლო საიუველირო მაღაზიის ძარცვაში როკანკურის მონაწილეობის დამტკიცება, მაგრამ ფრანგმა სამართალდამცავებმა სწრაფად წაუყენეს ბრალი თაღლითობაში და ციხეშიც გამოამწყვდიეს, საიდანაც კრისტოფი ნაღვლიან წერილებს სწერდა ცოლყოფილს, რომელსაც მის არყოფნაში ქალიშვილი შეეძინა.

1995 წელს ავანტიურისტი ისევ ამერიკაში დაბრუნდა, ჟურნალ Pლაყბოყ-ის მოდელი, პია რეისი შეირთო ცოლად და ვაჟიშვილი, ზევსიც შეეძინა. კრისტოფი თავს ხან პროდიუსერად, ხან ბირჟის მაკლერად ასაღებდა და მარჯვედ სარგებლობდა შეძლებული ირანელი ბიზნესმენების ხელგაშლილობითაც, რომლებმაც ევროპელ მეგობარს ჯერ 200 000 დოლარი ასესხეს, მერე 25 000-ის ღირებულების მოდური ტანსაცმელი და ავტომობილი "ფერარიც" უსახსოვრეს.

თითქმის ჩამქრალ ვარსკვლავს, მიკი რურკს, თაღლითი ერთ-ერთ ბარში პროდიუსერად გაეცნო და სწრაფადაც დაუმეგობრდა. რურკმა თვითმარქვია როკანკური მეგობრებს წარუდგინა და ამაყად განაცხადა, რომ სწორედ ის დააბრუნებდა დიდების მწვერვალზე. როკანკური დიდხანს სცინცლავდა ფულს გალოთებულ რურკს, ილუზიებით კვებავდა, მერე კი კიდევ ერთი გაფერმკრთალებული ვარსკვლავი, ჟან-კლოდ ვან დამი გაიცნო და მისი ნდობაც მოიპოვა. ბოევიკების კუნთმაგარი გმირისთვის კრისტოფერს არც უფიქრია ფულის გამოძალვა, უფრო მეტიც, თვითონ შეჰპირდა 40 მილიონ დოლარს ახალი ფილმის გადასაღებად, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ვან დამი დაეხმარებოდა მდიდარი ჰოლივუდელების ვიწრო წრეში შეღწევაში.

1998 წელს როკანკური ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესიდან გაქრა და ერთ წელიწადში ნიუ-იორკში ამოყო თავი - მანჰეტენზე, მდიდრულ აპარტამენტებში დაბინავდა. ახალ ნაცნობებს როკანკური სარფიანად ინვესტირების წყალობით დანაზოგის გაორმაგებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი მხოლოდ მოკრძალებულ ავანსს, 50 000 დოლარს ითხოვდა. ბევრმა ვერ შეძლო მაცდუნებელ წინადადებაზე უარის თქმა და მახეშიც გაება. ერთმა მდიდარმა ქალმა გალანტურ კავალერს ჯერ 90 000 დოლარი ასესხა, ერთ მშვენიერ დღეს კი მისი სახლიდან 250 000 დოლარად ღირებული ძვირფასეულობა გაქრა, თუმცა, ქალმა აუკრძალა პოლიციას საკუთარი სახელის როკანკურის საქმეში მოხსენიება.\ 2000 წელს როკანკურმა ქალაქ ჰემპტონის რესპექტაბელურ საზოგადოებას დასდო სტუმრობის პატივი, საკუთარი სტატუსის განსაცხადებლად კი საკმაოდ მარტივ ოინს მიმართა - რამდენჯერმე ვითომ შემთხვევით დატოვა ბრილიანტით მოჭედილი "როლექსის" საათი მოდური მაღაზიის დახლზე და ელიტური სპორტული კლუბის გასახდელში. რა თქმა უნდა, ხმები მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანზე სწრაფად გავრცელდა და როკანკურსაც გზა გაეხსნა მაღალი საზოგადოებისკენ. კრისტოფს ყველგან თან დაჰყვებოდა პირადი მცველი, მელოტი ჯოზეფი, რომელიც სინამდვილეში ბრუკლინელი ბოროტმოქმედი, დანტე დანიელო იყო, და მშვენიერი ქალბატონი ლორენი. ტრიო მუდმივად ცნობილ რესტორანს სტუმრობდა და VIP-მაგიდაზე სადილობდნენ. როკანკური კუბურ სიგარას ეწეოდა და მომავალ მსხვერპლს ეცნობოდა.

მოგვიანებით თაღლითი თავს იმართლებდა, რომ შეძლებული ადამიანები თვითონ სთხოვდნენ ფულის სარფიანად დაბანდებას და არც ცრუობდა. მაგალითად, სპორტული კლუბის მფლობელი, მომხიბლავი კორინი სულ რამდენიმე წუთში დათანხმდა საკუთარი დანაზოგის მომგებიან ინვესტიციად დაბანდებას და დაუფიქრებლად ჩააბარა "როკფელერს" 14 000 დოლარი. ბედის ირონიით, სწორედ კორინი გახდა ავანტიურისტის მხილების მიზეზი, როცა დარჩენილი თანხის - 125 000 დოლარის გადასაცემად სასტუმროში მიაკითხა და ვეღარ მიაგნო. სასტუმროს ვალი - 19 000 დოლარი იქცა როკანკურის დაპატიმრების მიზეზად, რომელიც პოლიციამ ფაბიენ ორტუნოს სახელით დააკავა, თუმცა, გირაოდ 45 000 დოლარის გადახდისთანავე გაათავისუფლა და მოგვიანებით ძალიან ინანა, - როცა ორტუნო სასამართლოში არ გამოცხადდა, პოლიციამ მისი თითის ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა და ხელთ საერთაშორისო თაღლითი, კრისტოფ როკანკური შერჩა. ამასობაში მან კანადაში გადაინაცვლა.

ვანკუვერში როკანკურმა ბიზნესმენი რობერტ ბელდოკი და მისი მეუღლე გაიცნო და ძალიან აღაფრთოვანა, როცა გამოუტყდა, "ფორმულა 1"-ის პილოტი მიხაელ ვან ჰოვენი ვარ და სულ ცოტა ხნის წინ 28-მილიონდოლარიანი კონტრაქტი გავაფორმე "ფერარის" გუნდთანო და როგორც კი მათი ნდობა მოიპოვა, 10 მილიონ დოლარად ისეთი სახლი შეაძენინა, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ შენდებოდა, მერე კი 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაადებინა საკუთარ არარსებულ ფირმაში. გარიგების ხარჯები, რა თქმა უნდა, რობერტ ბელდოკმა იკისრა, რომელმაც ჯერ კიდევ ვანკუვერში დაიწყო როკანკურის მოთხოვნების ასრულება ავტომობილის არენდისა და მდიდრულ სასტუმროში ბინადრობის ჩათვლით. გარდა ამისა, მადლიერების ნიშნად ბელდოკმა ახალგაზრდა მეგობარს 26 000 დოლარად ღირებული "როლექსის" ზუსტად ის მოდელი უსახსოვრა, რომელიც თურმე მის კოლექციას აკლდა. ბელდოკი გვიან მიხვდა, რომ გააბრიყვეს, თუმცა, დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას და 2001 წლის 26 აპრილს როკანკური დააკავეს.

კანადის საპატიმროში როკანკურმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და მასხრად აიგდო ყველა, ვინც მის მაქინაციებს ემსხვერპლა.""სულ არ მეცოდებიან ეს ადამიანები, რადგან ისინი არა მე, არამედ საკუთარმა სიხარბემ დაღუპა", - განუცხადა თაღლითმა ჟურნალისტებს, როცა კანადაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2002 წელს, შეერთებულ შტატებში წარდგა სასამართლოს წინაშე.

ოფიციალურად როკანკურმა 19 კაცი გააცურა, თუმცა, დაზარალებულთა უმრავლესობამ, ჰოლივუდის ბომონდმა, არც სასამართლოს მიმართა, არც საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მაქსიმალური, ოცწლიანი სასჯელის თავიდან ასაცილებლად როკანკურმა დანაშაული სამ პუნქტში აღიარა და ხუთწლიანი პატიმრობაც მიიღო 9 მილიონ ჯარიმასთან ერთად, რაც ნამდვილად არაფერია იმ ნადავლთან შედარებით, რომელიც თაღლითმა წლების მანძილზე დააგროვა. მით უმეტეს, რომ 2005 წელს ვადაზე ადრე გათავისუფლდა. კრისტოფ როკანკური დღესაც ხშირად სტუმრობს საერთაშორისო კინოფესტივალებს, ელიტურ წვეულებებს და არავინ იცის, სად ან ვისი სახელით გამოჩნდება მომავალში.