23 წლის ქართველი პიანისტის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე - კვირის პალიტრა

23 წლის ქართველი პიანისტის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

სანდრო ჯულაყიძე: "როდესაც მუსიკას ეხება საქმე, თავისუფალი დრო არ არსებობს. აქ ყველა წუთი თავისუფალია და იმავდროულად - დაკავებულიც"

ივლისის მიწურულს სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი "თეთრი ღამეები" ჩატარდა (White nights international piano festival), რომელშიც ჩვენი თანამემამულე, კონსერვატორიის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, 23 წლის სანდრო ჯულაყიძე მონაწილეობდა.

სანდრო თბილისში მესამე პრემიითა და ლაურეატის წოდებით დაბრუნდა. ახალგაზრდა პიანისტი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ეს იყო 14-დღიანი საფესტივალო პროგრამა, რომელიც მოიცავდა კონცერტებსა და მასტერკლასებს. მე დაახლოებით რვა გამოსვლა მქონდა. ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ ვადიმ მონასტირსკი. სულ 32 მონაწილე ვიყავით. მათგან 28 პიანისტი იყო. საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ჩინეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან. "მე კი ერთადერთი ქართველი ვიყავი.

- რა იცოდნენ კონკურსანტებმა საქართველოს შესახებ?

- უმრავლესობა იცნობდა ჩვენს ქვეყანას. ზოგს ამერიკის შტატ ჯორჯიიდან ვეგონე. მიხარია, რომ ეს ფესტივალი მომავალი წლის თებერვალში თბილისში გაგრძელდება, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

- როგორც ვიცი, ეს თქვენი პირველი წარმატება არ არის.

- ბევრ ფესტივალზე ვარ ნამყოფი. 2016 წელს ნიცაში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე, პირველი პრემია ავიღე.

- ბავშვობიდან მონაწილეობთ მუსიკალურ ცხოვრებაში...

- ჩვენს ოჯახში, ბებიის გარდა, ყველა მუსიკოსია. ბავშვებს, როგორც წესი, არ ეხალისებათ მუსიკის სწავლა, მაგრამ ამისათვის საჭიროა ისეთი დედა, როგორიც მე მყავდა, რომელიც მუდმივად თავზე მადგა და მამეცადინებდა. ბევრი შრომა წარმატების საწინდარია, მაგრამ ცუდია, რომ ბავშვობას გართმევენ - იმ დროს, როდესაც ყველა თამაშობს, შენ ზიხარ და მეცადინეობ. ახლა დღეში ოთხი-ხუთი საათი თუ ვიმეცადინე, ბედნიერი ვარ.

- რომ არა მუსიკა, რომელ სფეროში მოსინჯავდით ძალას?

- ავტოსპორტში, სადაც მოყვარულის დონეზე არცთუ ცოტა ხანს ვიყავი ჩართული. შეჯიბრებაში რამდენიმე დონეზე გავედი და არაერთხელ მოვიგე კიდეც, მაგრამ იმდენად უპერსპექტივოა ავტოსპორტი საქართველოში, რომ როგორც უნდა მიყვარდეს, ამ სფეროში კარიერაზე არც ვიფიქრებდი.

- მუსიკაში რა პერსპექტივას ხედავთ?

- ჩვენი შემოქმედების მსყიდველობითი უნარი ნულია, ხალხი არ მოდის კონცერტებზე, სამაგიეროდ, გვაქვს ძალიან კარგი სკოლა, რომლის წყალობით ქმნი ბაზას იმ პროდუქტისთვის, რომელიც ევროპაში ან სხვაგან წარმატებით იყიდება.

მნიშვნელოვანია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოლიტიკა. ბევრ სტუდენტსა თუ მოსწავლეს აძლევენ საშუალებას, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, მასტერკლასებსა და ფესტივალებში. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის. მაგალითად, თამუნა გოჩაშვილმა მოიგო მოსკოვის დიდი თეატრის სამტურიანი ვოკალური კონკურსი, ანა ჟორდანია ვენეციაში ჯაზის მასტერკურსზე იმყოფებოდა და დასკვნით კონცერტზე ვენეციის ბიგბენდთან მიიწვიეს.

- სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ?

- პატრიოტი ვარ და ვფიქრობ, ყველანაირ რესურსს გამოვიყენებ, რომ საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც კლასიკური მუსიკა, ელექტრომუსიკა, ჯაზი დაფასდება, ხალხი დაინტერესდება ამ მუსიკით. საჭიროა, აღიზარდოს მსმენელი, ინფორმაცია და კარგი მუსიკა არ მოაკლდეთ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- როდესაც მუსიკას ეხება საქმე, თავისუფალი დრო არ არსებობს. აქ ყველა წუთი თავისუფალია და იმავდროულად - დაკავებულიც.

- რა პროფესიის ადამიანს აირჩევდით ცხოვრების მეგზურად?

- აუცილებლად მუსიკოსს. არამუსიკოსი ნაკლებად ემოციურია - პირადი ურთიერთობა კი ემოციებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ვინც ჩემ გვერდით იქნება, აუცილებლად მუსიკასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ეკა სალაღაია