"უკან მოვიხედე და უამრავი შეშინებული ადამიანი დავინახე, იმედი და ნდობა იგრძნობოდა მათ მზერაში" - კვირის პალიტრა

"უკან მოვიხედე და უამრავი შეშინებული ადამიანი დავინახე, იმედი და ნდობა იგრძნობოდა მათ მზერაში"

"ყველა ღონე უნდა გვეხმარა და ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე არ მიგვეშვა. ძალას ისიც მმატებდა, რომ გვერდით პროფესიონალი მეხანძრე-მაშველები მყავდა. ასეთ დროს გუნდური მუშაობა უმნიშვნელოვანესია"

8 აგვისტოს, საღამოს 10 საათისთვის, თბილისი პანიკამ მოიცვა - მთაწმინდის ფერდობზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარედ გაჩნდა ხანძარი, რომელიც მთაწმინდის პარკსა და დასახლებულ ტერიტორიას დაემუქრა - ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა გაჭირდა, წამოიჭრა ბელინსკის ქუჩის მცხოვრებთა ევაკუაციის საკითხიც, თუმცა მეხანძრეებმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანების დაცვაც შეძლეს და ხანძარიც დროულად ჩააქრეს.

მეხანძრე გიორგი ჟიჟიაშვილი "კვირის პალიტრასთან" იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ცეცხლის შუაგულში: - სამსახურში ობიექტიდან ძალიან დაღლილი დავბრუნდი და დასვენებას ვაპირებდი, როდესაც შეტყობინება მივიღეთ, რომ მთაწმინდის ფერდობზე გაჩნდა ხანძარი და ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავედით. მოსახლეობა პანიკაში იყო, ეშინოდათ, ცეცხლს მათ სახლებამდე არ მიეღწია. შეძლებისდაგვარად დავამშვიდეთ და ვთხოვეთ, მუშაობისას ხელი არ შეეშალათ. იქვე შევიმუშავეთ სტრატეგია და ცეცხლის ქრობა დავიწყეთ.

სამუშაო ჯგუფში პირველ ნომრად გამწესების შემდეგ ხანძრის კერას მივუახლოვდი. ყველა ღონე უნდა გვეხმარა და ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე არ მიგვეშვა. ძალას ისიც მმატებდა, რომ გვერდით პროფესიონალი მეხანძრე-მაშველები მყავდა. ასეთ დროს გუნდური მუშაობა უმნიშვნელოვანესია. ხანძრის კერის იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ჯგუფი განთავსდა, ცეცხლი ეკიდა ადვილად აალებად წიწვოვან მცენარეებს, ამიტომ მოსახლეობა სწრაფად გავიყვანეთ. ასეთ დროს შესაძლებელია, ადვილად დაშავდეს ის, ვისაც ხანძრის ჩაქრობის გამოცდილება და შესაბამისი ეკიპირება არა აქვს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 70-მა მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება სწრაფად შეძლო.

- რას გრძნობთ მეხანძრეები მაშინ, როდესაც სტიქიასთან ბრძოლა გიწევთ, ან რამდენად მოქმედებს მოსახლეობის და ხშირად - არაპროფესიონალების კრიტიკა, რომლებიც თქვენი მუშაობით უკმაყოფილონი არიან?

- ამ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩავაქროთ ცეცხლი და მასშტაბის ზრდას ხელი შევუშალოთ. როდესაც ყველაფერი მთავრდება, ემოციები მერე იჩენს თავს. ახლაც ასე მოხდა. დანაკარგი მაწუხებდა - მენანებოდა ის მწვანე საფარი, რომელიც ცეცხლმა შეიწირა, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ხანძარს გავრცელების საშუალება არ მივეცით, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქარი ქროდა და ხელს გვიშლიდა. ერთხანს უკან მოვიხედე და უამრავი შეშინებული ადამიანი დავინახე. იმედი და ნდობა იგრძნობოდა მათ მზერაში. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო და სტიმულია.

- რა დრო დაგჭირდათ ცეცხლის ლოკალიზებისთვის?

- 30-35 წუთი. მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ძირითადი კერა ორად გავყავით, მეხანძრე-მაშველები გადავნაწილდით და ორივე კერა ვაკუუმში მოვაქციეთ. ხანძრის გავრცელების საშიშროებაც მალე აღმოიფხვრა.

- კამათობდნენ, უნდა გამოგეყენებინათ თუ არა "სუპერპუმას" ვერტმფრენი. მისი გამოყენება ხანძრის ჩაქრობას დააჩქარებდა?

- ვერტმფრენის გამოყენება საჭირო არ იყო. ყველაფერს, მათ შორის ასეთი ტექნიკის გამოყენებასაც, თავისი წესი აქვს. დადებითი და უარყოფითი მხარეებიც გასათვალისწინებელია...

ამ შემთხვევაში ვერტმფრენის პროცესში ჩართვა საქმეს გაგვირთულებდა. დიდი იყო საფრთხე, რომ შეზღუდული ხილვადობისა და მთაწმინდის რელიეფის პირობებში ან ვერტმფრენი, ან რომელიმე მეხანძრე დაზიანებულიყო. ადგილზე მობილიზებული იყო 70 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით - ყველაზე ეფექტური რაოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ამ ხანძრის სწრაფად ჩასაქრობად გამოგვეყენებინა. შედეგიც ყველამ დავინახეთ. ჩვენ სასწორზე არასდროს დავდებთ სხვის სიცოცხლეს. ვცდილობთ, ოპტიმალური გეგმა შევიმუშაოთ ზარალის მატების თავიდან ასაცილებლად.

რუსუდან შელია