დამოუკიდებლობის დღე "ჯიბრზე"?! - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობის დღე "ჯიბრზე"?!

ძალიან პატარა ვიყავი, დედამ პირველად აღლუმზე რომ წამიყვანა. არა, მოდი, მარკესივით დავიწყებ: გავა დრო და ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გაიხსენებს, როგორ წაიყვანა პირველად დედამ აღლუმზე... იმდენად პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს, 7 ნოემბრის აღლუმი იყო, 1-ელი თუ 9 მაისის.

მაგრამ მახსოვს ბევრი ბუშტი. აღლუმები ბუშტების გამო მიყვარდა. ბუშტებს ხელში დავიჭერდი და ასე მივდიოდი. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომუნისტური აღლუმები სრული მარაზმი იყო, მაინც კარგ მოგონებად დარჩა. ბავშვებს გვიხაროდა, პომპეზური მაინც იყო და ვერთობოდით.

რა ხდება პოსტსაბჭოთა საქართველოში? აღლუმები ვერ მოვიშალეთ, მაგრამ რიგიანად ვერც ვატარებთ. აღლუმები ტანჯვად გვექცა. შევარდნაძის დროს სამხედროები დახეული ფეხსაცმელებითა და ბოტასებით გამოდიოდნენ. ზოგჯერ, უსახსრობის გამო, საერთოდ ვერც ატარებდნენ. სააკაშვილის დროს სიტუაცია გამოსწორდა. ჯარი ჯარს დაემსგავსა, მაგრამ აღლუმი ზეიმად მაინც ვერ იქცა. რაღაც აკლია! უპირველესად, ალბათ, საზეიმო განწყობა. მომკალით და ასეა, ქართველ ხალხს კომუნისტების დროს უფრო ეზეიმებოდა, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კომუნისტური ზეიმები უფრო სახალხო იყო.

ასე მგონია, 26 მაისი არ გვეზეიმება. რატომ? გაჭირვებული ცხოვრების ბრალია? არ ვიცი. ისიც  ფაქტია, საზეიმო განწყობილებაზე გაჭირვება ვერაფრით რომ ვერ დაგაყენებს. ასეა თუ ისე, ბოლო ორი წელია, ომის წაგების შემდეგ, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის ჩატარება-არჩატარების საკითხი დიდ ვნებათაღელვას იწვევს. შარშან რუსთაველის პროსპექტი ოპოზიციას ჰქონდა გადაკეტილი და ვერ ჩატარდა, წელს კი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აღლუმს ხელისუფლება ოპოზიციის ჯიბრზე ატარებს. მოდი,  ვიკითხოთ: ვის სჭირდება მართლაც საბჭოთა სტილში ჩატარებული აღლუმი? ხალხს? ჯარს? არა მგონია.

თქვენი არ ვიცი და, მე რომ ჯარისკაცი ვიყო, წაგებული ომის შემდეგ გამიჭირდებოდა პროსპექტზე თავაწეულს ჩავლა. ჯარს ერთი ომი მაინც უნდა ჰქონდეს მოგებული, დამოუკიდებლობის ზეიმზე მთავარ გმირად რომ იქცეს. ქართულ ჯარს კი, სამწუხაროდ, აქამდე ყველა ომი წაგებული აქვს. მართალია, ძირითადად, მთავარსარდლების უსუსურობის გამო, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. ამიტომ ვამბობ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ წლევანდელ აღლუმს ერთი დანიშნულება აქვს. ამით ხელისუფლება ამბობს: "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ, ჩვენ ყველა კრიზისი დავძლიეთ და ისევ მყარად ვაგრძელებთ ქვეყნის სათავეში ყოფნას.

გვინდა აღლუმი, იქნება აღლუმი და სულ არ გვაინტერესებს, ხალხს როგორ სურს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა". არა, ხალხს თავისი ჯარისკაცების დანახვა ყოველთვის გაუხარდება, ბავშვებშიც ყოველთვის გამოიწვევს ინტერესს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ ეს არ იქნება ნამდვილი ზეიმი, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეკადრება. ვფიქრობ, დადგა დრო, ვიფიქროთ, როგორ ვაქციოთ ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად და ახალი წელი უფრო მეტად არ გვიხაროდეს, ვიდრე დამოუკიდებლობის დღე.

არჩევნების ერთადერთი ინტრიგა

მართალია, ოპოზიციას სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგების არ სჯერა, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ უგულავა რეიტინგით ყველა კანდიდატს უსწრებს. სადავო მხოლოდ ციფრებია. აქვს უგულავას 57%, რაც მას ბოლო ორი სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად აღმოაჩნდა, თუ არა? შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ ეს სულაც არ არის მთავარი საკითხი, მაგრამ ასე არაა. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს: რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი პროცენტით მოიგებს უგულავა, მთავარია, მოიგებს და ისევ მერი იქნებაო, მაგრამ ასე არ არის.

უგულავას 50%-ზე მეტით გამარჯვება ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას 7 ნოემბრამდე არსებულ მდგომარეობაში დააბრუნებს. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ერთადერთი კოზირი და სატრაბახო აქვს, - თბილისს ჩვენ ვიგებთ, თბილისი მხარს ხელისუფლებას არ უჭერს, სააკაშვილი დედაქალაქს აგებსო.

თუ უგულავა, მაგალითად, 40%-ით მოიგებს, მართალია, ქალაქის მერი გახდება, მაგრამ ოპოზიციას ისევ ექნება სათქმელი, რომ საერთო ჯამში ოპოზიციური ხმები უფრო მეტი გამოვიდა, ვიდრე ხელისუფლების მხარდამჭერების, ხოლო, თუ უგულავა 50%-ზე მეტს აიღებს, ოპოზიცია დედაქალაქს დაემშვიდობება. მათი მთავარი და ერთადერთი გამარჯვება - თბილისის მოგება - წარსულს ჩაჰბარდება. ამიტომ დღეს არჩევნებს ერთადერთი ინტრიგა შემორჩა: შეინარჩუნებს ოპოზიცია დედაქალაქს თუ სააკაშვილი თბილისს დაიბრუნებს.

ბოლოს რატომაც ვიტირე

ეს ამბავი ორიოდე დღის წინ მოხდა და არ შემიძლია, თქვენც არ მოგიყვეთ, არ გაგიზიაროთ. მეუღლემ, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში მუშაობს (სახელწოდებას ვერ გეტყვით, მაინც კონკურენტია და რეკლამა გამომივა), ღამის 12 საათზე მითხრა, სკაიპით ამერიკაში ინტერვიუს ჩაწერას ვაპირებ და იქნებ დამეხმაროო (კომპიუტერთან ცოტა მწყრალადაა). როგორც გაირკვა, ამერიკაში "რუსთავი 2"-ის სპეციალურ კორესპონდენტს, დავით ნიკურაძეს  მოუყოლია მისთვის ნიუ-ორლეანში მცხოვრები ერთი ქართველი ექიმის შესახებ, რომელიც ქარიშხალ "კატრინას" დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის პრეზიდენტმა ბუშმა ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი დააჯილდოვა. ეს ადამიანი, რომლის სახელი და გვარია ზურაბ გურული, დღესაც ამერიკაში ცხოვრობს და ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორია.

ინტერვიუ რომ დაიწყო, ტახტზე წამოვწექი, თან ტელევიზორს ვუყურებ, თან ჩემი მეუღლისა და მისი ამერიკელი რესპონდენტის საუბარს ვუსმენ. დაიწყო ამ კაცმა მოყოლა: როგორ აღმოჩნდა 15 წლის წინ ამერიკაში, როგორ მიაღწია წარმატებას, როგორ იმუშავა ქარიშხლის დროს ნიუ-ორლეანში, როგორ მიიღო პრესტიჟული ამერიკული ჯილდო და კიდევ უამრავი საინტერესო რამ. ბოლოს, ჩემი მეუღლე ეკითხება, სამხედრო ექიმი ხართ და სამხედრო ჩინი თუ გაქვთო. არაო, - უპასუხა რესპონდენტმა. რატომო, - ჰკითხა კორესპონდენტმა.

იმიტომ, რომ სამხედრო წოდებას აქ მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს აძლევენ, მე კიდევ ამერიკის მოქალაქე არა ვარო. "როგორ, - გაოცდა კორესპონდენტი, - 15 წელია ამერიკაში ცხოვრობთ და ამერიკის მოქალაქეობა არა გაქვთ? რატომ?" არ მინდა და იმიტომო, - მიიღო მოკლე პასუხი. როგორო? აი, ასე! არ მინდა და მორჩა, 15 წელია გრინქარდით ვცხოვრობ, მართალია, გრინქარდის აღებიდან 4 წელიწადში უფლება გაქვს მოქალაქე გახდე, მაგრამ მე უარს ვამბობ, საქართველოს მოქალაქეობას ვერ დავთმობო.

მეგონა, გულჩვილი არ ვიყავი, მაგრამ შევცდი. ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში რაღაც ბურთივით და ცრემლები წამომივიდა. ერთი-ორი კურცხალი კი არა (როგორც გურულები იტყვიან), არამედ ღვარ-ღვარად მომდიოდა. ხალხი რას არ სჩადის იმისთვის, რომ ამერიკის მოქალაქეობა მიიღოს! ემიგრანტები, არა მარტო საქართველოდან, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ამისთვის ლამის თავს იკლავენ, ეს კაცი კი უარს ამბობს მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოს მოქალაქეობა არ ეთმობა; არ ეთმობა იმ ქვეყნის მოქალაქეობა, საიდანაც გაქცევასა და თავის დაღწევას ათასობით მოქალაქე ცდილობს. მისთვის ეს სიმბოლური აქტია.

სამშობლოდან 15 წელია გადახვეწილია, მაგრამ მაინც საქართველოს მოქალაქეა. ასე თავს უმტკიცებს, რომ სამშობლოს არ მოსწყდა. ამ ამბავში ყველაზე მთავარი ისაა, რომ მას ამის მოთხოვნილება აქვს, სურვილი. ის კი არა, თურმე ოკეანის გაღმა ჯერ ცოლ-შვილიც არ მიჰყავს. ასე ოჯახისგან მოწყვეტილი ცხოვრობს უკვე 15 წელია და მხოლოდ არდადეგებზე ნახულობს მათ იმიტომ, რომ უნდა ბავშვებმა სკოლა საქართველოში დაამთავრონ. "აქ  ბევრი ჩემი მეგობრის შვილს უკვე ქართულად ლაპარაკი უჭირს. ბავშვი რომ 17 წლამდე საქართველოში გაიზრდება, მას არა მარტო ქართული, ქართველობაც აღარ დაავიწყდება", - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება. 2008 წელს, ომის დროს, ბილეთები აღებული ჰქონდა და თურქეთში ჩამოსვლას და იქიდან ფეხით გადმოსვლას აპირებდა (სამხედრო ექიმი ვარ და იქნებ სამშობლოს გამოვადგეო), მაგრამ ომი 5 დღეში დამთავრდა.

ვუსმენდი ზურაბ გურულს და ვფიქრობდი, მოდი და წერე ამის მერე ქართველ პოლიტიკოსებზე, ისმინე მათი განმარტებები იმის შესახებ, რატომ დარბიან ყოველ მეორე დღეს რუსეთში, ან რატომ ცხოვრობს მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ცოლ-შვილი ნიუ-იორკში. Aამათზე წერას ზურაბ გურულზე წერა არ სჯობია?