ისლანდიაში დაღუპული ქართველის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურა ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყება - კვირის პალიტრა

ისლანდიაში დაღუპული ქართველის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურა ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყება

19 ივლისს ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ნიკა ბეგაძის გვამი გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში გუშინ იპოვეს. დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებით, ნიკა ბეგაძის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით მოხდა.

ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახი იქნა მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი. რუსთაველი ახალგაზარდა ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო და ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა.

ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები, იმავე დღეს დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები.

ელჩის განცხადებით, ნიკა ბეგაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები, აუტოფსიის ჩატარებისა და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყება.

"პოლიციისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ თითის ანაბეჭდებისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით, ცხედარი ამოცნობილია და ეს ნიკა ბეგაძეა, აუტოფსიის ჩასატარებლად კი ოჯახის წევრების თანხმობა დასჭირდებათ. ოჯახი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია, ინფორმაცია მივაწოდეთ ისლანდიაში მყოფ ნიკა ბეგაძის ახლობლებს. რაც შეეხება გადმოსვენების საკითხს, ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

"ინტერპრესნიუსი"