ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია, თუმცა დაკითხვაზე ისევ დაიბარეს - კვირის პალიტრა

ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია, თუმცა დაკითხვაზე ისევ დაიბარეს

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტია, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს, გამთენიისას კი გაათავისუფლეს. საქმე ეხება დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის სპარტაკ დრიაევის მიმართ „ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას“.

მეარაყიშვილის დაკავების პარალელურად, მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ჩხრეკის დროს კორპუსში მდებარე ბინაში თავადაც იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, შეძლეს გაერკვიათ, რომ ფორმიანები ცდილობდნენ ეპოვათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაამტკიცებდა.

თამარ მეარაყიშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, ე.წ. მილიციის და პროკურატურის თანამშრომლები ბინაში მყოფებს უხეშად ელაპარაკებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. ოჯახის წევრების ცნობით, თამარ მეარაყიშვილს გათავისუფლებისას უთხრეს, რომ "პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ ისევ უნდა გამოცხადდეს". მეარაყიშვილის დაკითხვა 18 აგვისტოს, 09:30 საათზეა დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"