"ეს ბიზნესის "ახევის" აპრობირებული მეთოდია" - კვირის პალიტრა

"ეს ბიზნესის "ახევის" აპრობირებული მეთოდია"

"მხოლოდ იმიტომ ვისჯებით, რომ თანაბარი კონკურენციის პირობებს ვითხოვთ?"

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. არადა, იქ თურმე მეტად საინტერესო ამბები ხდება. როგორც ყველა სარფიანი საქმე და ბიზნესი საქართველოში, როგორც ჩანს, საკაბელო არხების დისტრიბუციაც მავანთა ინტერესის სფეროში მოექცა. ეს ბიზნესი იმდენად სარფიანი და მსუყეა, რომ პირველი ლედის სახელით თაღლითობას არც დიპლომატები მორიდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად საინტერესო რამდენიმემილიონიანი აფერა სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდა, ამ საქმეზე გამოძიებაც არავის დაუწყია.

გურამ ბერუაშვილი, საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის თავმჯდომარე: "როცა საკაბელო ტელევიზიებმა ჩამოყალიბება დაიწყო, მოგეხსენებათ, ყველაფერი სპონტანურად კეთდებოდა. ვიჭერდით ღია არხებს, ვატარებდით ჩვენს ქსელში და მერე ვაწვდიდით აბონენტებს. ქვეყანაში ვითარება ოდნავ რომ მოწესრიგდა, მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, არხების ტრანსლირება კანონიერად დაწყებულიყო, რაც ამ არხებთან კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას გულისხმობდა.

მართლაც, გავაფორმეთ ხელშეკრულებები და რომ დაინახეს, ამ სფეროში ყველაფერი თავის ადგილას დადგა, 2006 წლის დეკემბრიდან კომისიამ მაკონტროლებლის უფლებამოსილება მოიხსნა(?!). საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელებს გამოგვიცხადეს, "დღეიდან რაც გინდათ, ის გიქნიათო". თუმცა ერთ მშვენიერ დღეს საკაბელო ტელექსელების ხელმძღვანელებს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით (მაშინ ბატონი ქიტოშვილი გახლდათ) მიუვიდათ წერილი, რომ საქართველოში შეიქმნა შპს "კოდი", რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმების გარეშე რუსული ტელეკომპანია "ნტვ პლუსის" არხებს ვეღარ ჩავრთავთ ქსელშიო. ამ წერილის შემდეგ ყველა საკაბელო ვალდებული იყო ხელშეკრულება მითითებულ შპს-სთან გაეფორმებინა და არხების ჩვენების უფლებაც მისგან შეესყიდა.

მარეგულირებელი კომისიის მიერ შეთავაზებული შპს-ს მომსახურება კი საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა(!). ყოველ საკაბელო კომპანიას ერთ არხზე თვეში გადასახადი 200 დოლარი დაუწესეს. თითო საკაბელოს, სულ ცოტა, 20 არხი მაინც აქვს ჩართული ქსელში, ხელშეკრულებები კი 50-მა საკაბელო ტელევიზიამ გააფორმა. მოგვიანებით საკაბელო ტელეარხების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ შპს "კოდის" უფლებები და ბატონ ქიტოშვილს მიმართეს ოფიციალური წერილით.

ქიტოშვილმა საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელებს აცნობა, "ნტვ პლუსმა", როგორც წერილობით, ასევე ზეპირად დაგვიდასტურა შპს "კოდის" უფლება, გააფორმოს ხელშეკრულებები ადგილობრივ საკაბელო ტელეკომპანიებთან "ნტვ პლუსის" არხებზეო.

ამის შემდეგ "ნტვ პლუსის" დირექციაში წერილი გავგზავნეთ, საიდანაც გვიპასუხეს, რომ, შპს "კოდს" ჰქონდა მინდობილობა, მაგრამ არა "ნტვ პლუსის" არხების გაყიდვაზე, არამედ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში "კოდს" "ნტვ პლუსის" გადაცემების ეთერში გაშვების აკრძალვის უფლება ჰქონდა და არა მისი გაყიდვისა. თანაც საეჭვო ის იყო, რომ მინდობილობას ხელს აწერდა "ნტვ პლუსის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ფილინი. რა შუაში იყო ლიცენზიის გაცემასთან უსაფრთხოების სამსახური? ამიტომაც გავფრინდი მოსკოვში, "ნტვ პლუსში" საქმის გასარკვევად. ვიკითხე, როგორ გაეცით ეს დოკუმენტი-მეთქი?

ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა (კა-გე-ბეს გენერალი გამოდგა) მითხრა, საქართველოს საელჩოდან მოვიდნენ და გვითხრეს, ეს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის ბიზნესია, გირჩევთ, დოკუმენტი გასცეთ, ხელს ნუ შეუშლით, თორემ თქვენს მაუწყებლობას ავკრძალავთ საქართველოშიო. ფაქტია, საქართველოს საელჩოდან დიპლომატიური "მისიით" აღჭურვილი თაღლითი მივიდა "ნტვ პლუსში", თორემ პრეზიდენტის მეუღლე რომ საკაბელო ტელევიზიების დისტრიბუციაზე არ ირბენდა, ცხადია.

სკანდალი რომ ატყდა, სასწრაფოდ გააქრეს შპს "კოდი", მალე ახალი შპს "საქართველოს მთიანი რეგიონების ასოციაცია" გახსნეს და ახლა იქითკენ მიუთითეს ოპერატორებს. ისევ აფრინეს ოპერატორებმა წერილი მოსკოვში პირველ არხსა და კომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაცია "უნივერსალში", საიდანაც გვიპასუხეს, არავითარი ხელშეკრულება "საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების ასოციაციასთან" არ გაგვიფორმებიაო. ამასობაში მოასწრეს და სოლიდური თანხები ისევ აკრიფეს საკაბელოებისგან, მალე ეს "ასოციაციაც" გააქრეს.

- სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა?

- არა, არავითარი სისხლის სამართლის საქმე, არავითარი ძიება. არც იმის გარკვევა დაუწყია ვინმეს, მილიონობით დოლარი ვინ ჩაიჯიბა (არადა, თანხა არცთუ პატარაა, შპს "კოდმა" 6 თვე იმუშავა, თითო არხიდან ყოველთვიურად 4.000 დოლარს იღებდა, ხელშეკრულება კი 50 არხს ჰქონდა გაფორმებული. ეს კი 2 მილიონ დოლარს შეადგენს!). თანაც, ამ ფირმების უკან ოფიციალური სტრუქტურა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია იდგა!

არტემ ვირაბოვი, შპს "ნორმას" დირექტორი: - ცოტა ხნის წინ კიდევ ახალი ასოციაცია გამოჩნდა, ოღონდ ახალი და უფრო ეშმაკური სქემით. ამჯერად ერთსა და იმავე მისამართზე შეიქმნა ტელეარხების სადისტრიბუციო კომპანია "საკაბელო ქსელების ასოციაცია" და იმავე დასახელების შპს. როგორც შევიტყვეთ, სქემის ამუშავების მიზნით მარეგულირებელმა კომისიამ გასული წლის შემოდგომაზე ოთხი მსხვილი კომპანია - "აიეტი", "გლობალ-ტვ", "მე-7 არხი", "ტვ-8" - დააჯარიმა. ამის შემდეგ, კომპანიები იძულებულები გახდნენ ასოციაციის დამფუძნებლები გამხდარიყვნენ.

კანონით მარეგულირებელ კომისიას ეკრძალება ასოციაციის ან კერძო შპს-ების შექმნა და ლობირება, მაგრამ რეალურად ყველამ იცის, რომ ვითომ დამოუკიდებელ ასოციაციაში კრებებს დეპარტამენტის თავმჯდომარე რატიშვილი ატარებს. მიუხედავად ამისა, ოპერატორებმა მიიღეს "რეკომენდაციები" მარეგულირებლებისაგან, რომ თუ გაწევრდებოდნენ ასოციაციაში, პრობლემები არ ექნებოდათ, ხოლო ის, ვინც დარჩებოდა კავშირში, "ყველაფერი საკუთარი თავისთვის დაებრალებინა".

მუქარა ძალიან მალე შეასრულეს. ივლისიდან მასობრივად დაიწყეს საკაბელო ტელევიზიების ხელშეკრულებებსა და საბუთებში ქექვა და გაფრთხილებები ჩამოარიგეს ელემენტარულ დარღვევებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ურჩებისათვის 10.000-ლარიანი ჯარიმის დრო მოდიოდა.

- ურჩებში ვინ იგულისხმებიან?

- ისინი, ვინც ასოციაციაში არ გაწევრდნენ.

- კი მაგრამ, თუ ასოციაციაში დაცული იქნებოდნენ, რატომ თქვეს უარი გაწევრებაზე?

- შეიძლება მისაღებიც იყოს ასეთი ვარიანტი, გადაიხდი და ხარ შენთვის წყნარად, მაგრამ ამათ როგორ უნდა ენდო? ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ასოციაციაც დახურონ. გეტყვიან, რა ვიცი, ვიღაც შპს თუ ასოციაცია ვინ იყოო, დაგაჯარიმებენ ათიათასობით ლარით და გაგაკოტრებენ.

კახა ნადირაძე, საკაბელო ტელეარხ "დიდგორი 2"-ის ხელმძღვანელი: - აგვისტოს ომის შემდეგ რუსული საინფორმაციო არხები გავთიშეთ, სანაცვლოდ კი ოპერატორებმა ოთხი არასაინფორმაციო არხი ჩართეს. მარეგულირებელ კომისიაში დაგვპირდნენ, რომ "ნტვ ფუტბოლის", სტს-ის, "კინოჰიტისა" და "კინოპრემიერის" რეტრანსლაციის უფლებას მოგვცემდნენ.

ამ არხების გაშვება-არგაშვებას სამი სხდომა მიუძღვნა დეპარტამენტის თავმჯდომარემ. 80 კაცის თანდასწრებით განაცხადა, ამ არხების ჩვენებაზე პრობლემები არ შეგექმნებათო. ცოტა ხანში ჩაატარეს შერჩევითი შემოწმება და ჩემი კომპანია სწორედ იმ ნებადართული ოთხი არხის გამო 10.000 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ ის საკაბელოები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრებული, ჩვეულებრივ აგრძელებენ ამ ვითომდა აკრძალული არხების რეტრანსლაციას, მაგრამ ისინი არავის დაუჯარიმებია. გაგიგიათ, დასაჯარიმებლად ხულოში გარბოდე, როცა აგერ, თბილისში, უპრობლემოდ აგრძელებენ ფავორიტი კომპანიები რეტრანსლაციას? ეს ხომ არათანაბარი კონკურენციაა?! ცხადია, რაკი მე ამიკრძალეს ამ არხების გაშვება, ჩემი მაყურებელი სხვა საკაბელო არხზე გადავა და მორჩა ჩემი ბიზნესი.

- თუ რატიშვილმა ამ არხების გავრცელების უფლება მოგცათ, რატომღა დაგაჯარიმეს?

- საკითხავიც ეს არის. რატიშვილმა იუარა, ამის ნება მე არ მომიციაო. არადა, 80 კაცი ესწრებოდა სამივე სხდომას. 10.000 ლარით რომ დამაჯარიმეს, მერე მითხრეს, ახლა ჩართე ეგ არხები, აღარ დაგაჯარიმებთო.

- ჩართეთ?

- არა, ბატონო, მაგათი სიტყვა სანდოა? შემდეგი ჯარიმა 30.000 ლარს ითვალისწინებს. რომ ვკითხე, ასოციაციაში გაწევრებული კომპანიებიც ხომ უშვებენ ამ აკრძალულ არხებს და რატომ არ აჯარიმებთ-მეთქი, ეგენი ჯერ არ შეგვიმოწმებიაო. რა შემოწმება უნდა, ტელევიზორს ხომ ყოველდღე უყურებენ და დავიჯერო, არ იციან, ამ არხებს უშვებენ თუ არა ეს საკაბელოები?

თემურ გაფრინდაშვილი, საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის თავმჯდომარის მოადგილე: - რატიშვილი ასოციაციაში დაუფარავად მიდის და თათბირებს ატარებს. ასოციაციის კრებებსაც კი თავიდან მარეგულირებელი კომისიის შენობაში ატარებდნენ. ვიკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი და, რა მოხდა, ვეხმარებითო. 12 წელია ჩვენი კავშირი არსებობს, მსგავსი სახის დახმარება მათგან არ გვახსოვს. ვფიქრობ, ეს ქმედებები მიმართულია ამ სფეროს მაქსიმალური კონტროლისაკენ და არასასურველი კომპანიების დასუსტებისკენ, რათა ხელში იოლად ჩაიგდონ.

პროტესტს რომ გამოთქვამ და სასამართლოს ახსენებ, მუქარა გამზადებული აქვთ, წახვალთ სასამართლოში და ფინანსურ პოლიციას მოგიქსევთო. ეს ხომ შანტაჟია? ეტყობა, ხელს ვუშლით მიზნის მიღწევაში. მიზანი კი ის არის, რომ ეს სფერო, როგორც ზემოთ ვთქვი, კონტროლირებადი გახადონ. ეს საკაბელო ტელევიზიების მოხრჩობის, უფრო სწორად, ბიზნესის "ახევის" აპრობირებული მეთოდია.

კომისიიდან მესიჯები მოგვდის,“არჩევნების შემდეგ კავშირსაც “ჩავძირავთ და იმ ოპერატორებსაც, ვინც მათთან თანამშრომლობენო. რატომ? განა რა დავაშავეთ ასეთი? მხოლოდ იმიტომ ვისჯებით, რომ თანაბარი კონკურენციის პირობებს ვითხოვთ? ეს ეტაპი უკრაინამ უკვე გაიარა, იქ საკაბელო ოპერატორები იძულებული გახადეს, კაპიკებად გაეყიდათ ბიზნესი და ახლა ამ ვარიანტს საქართველოში ატარებენ.

ვინც ნებით არ გადაიხდის, 10.000-ლარიანი ჯარიმა გარანტირებული აქვს. საბოლოოდ იქამდე მიგიყვანენ, რომ 10-ლარიან ბიზნესს ლარად გაგაყიდვინებენ და მონოპოლიას ჩაიგდებენ ხელთ.

ჩვენ დავუკავშირდით ბატონ რატიშვილს, რომელმაც პრესსამსახურისკენ მიგვითითა. პრესსამსახურმა კი, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები რატიშვილთან გვქონდა, კახი ყურაშვილთან "მიგვავლინა":

კახი ყურაშვილი, კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი: - კომისია არ ითხოვს არხების გათიშვას, უბრალოდ, ყველა კომპანიას ვთხოვთ, იქონიონ მაუწყებლობის ტრანზიტისთვის საჭირო ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებები არ იქნება, ეს არის "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კანონის დაცვას ვითხოვთ.

- გასაგებია, მაგრამ კანონი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს და არა ცალკეულ საკაბელო ტელევიზიაზე.

- მაუწყებლობის სფეროს რეგულაცია გულისხმობს ავტორიზებული პირების მუდმივ და სისტემატურ მონიტორინგს. 80-ზე მეტ ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი ერთდროულად ვერ შეამოწმებს.

- ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ ტელევიზორის ჩართვაა საჭირო, რომ გაიგო, ვინ ახდენს უკანონო რეტრანსლაციას და ვინ - არა.

- არ არის საკმარისი ტელევიზორის ჩართვა. მაინც ვერ გაიგებ, რომელი ოპერატორი რას უშვებს. არაერთი მივლინება გვქონდა სხვადასხვა რეგიონში მონიტორინგის მიზნით. მონიტორინგი მსხვილი კომპანიებიდან დავიწყეთ. 2009 წელს სწორედ ამ დარღვევისთვის "აიეტი" დავაჯარიმეთ 10.000 ლარით.

- მაგრამ "აიეტი" ამ არხების რეტრანსლაციას ისევ აგრძელებს და ამის გასაგებად მივლინება რა საჭიროა?

- საკაბელო ქსელების კავშირი აქცენტს მხოლოდ თავისი წევრების დაჯარიმებაზე აკეთებს და ჩვენ კი ბრალად სხვებისთვის სასათბურე პირობების შექმნას გვდებს. ეს პროცესი მონიტორინგის გატარების პირდაპირპროპორციულად არის დროში განაწილებული. სადაც ჩატარდა მონიტორინგი და გამოვლინდა დარღვევები, ის კომპანიები დაჯარიმდნენ. მერე იმ ოპერატორმა ჩართო თუ არა ისევ ეს არხები, საიდან გავიგებთ, ჩვენს თანამშრომლებს მათ ოფისებში ხომ არ დავსვამთ?

- ოპერატორები ამბობენ, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარე რატიშვილი ასოციაციაში კრებებს ატარებს. ეს კანონის დარღვევა არ არის?

- კომისიის აპარატის არც ერთ თანამშრომელს არა აქვს უფლება, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს რომელიმე კომპანიასთან, გარდა სამსახურებრივი მოვალეობისა. ამის გამო კომისიამ დაჰკითხა ბატონი გიორგი რატიშვილი და მან უარყო კავშირი ასოციაციასთან.

- არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ რატიშვილმა ოპერატორებს ოთხი არხის რეტრანსლაციის სიტყვიერი უფლება მისცა, რომელთა ჩართვის შემდეგ ისინი დააჯარიმეს?

- ეს კომისიის სხდომაზეც თქვეს, რატიშვილმა მოგვცა უფლებაო. ამის თაობაზეც ჩამოერთვა ახსნა-განმარტება გიორგი რატიშვილს და მან არ დაადასტურა არც ეს ფაქტი. ამ შეხვედრაზე რატიშვილი და საკაბელოების ოპერატორები იყვნენ. ერთი ამბობს, არ მითქვამსო, ესენი ეუბნებიან, კი თქვიო და როგორ ენდოს ადმინისტრაციული ორგანო მათ ნათქვამს? რომც დაჰპირებოდა რატიშვილი ამას, ეს იქნებოდა უკანონო, იურიდიული ძალის არმქონე.