სკოლას შეველიოთ თუ სტრიპტიზკლუბს?! - კვირის პალიტრა

სკოლას შეველიოთ თუ სტრიპტიზკლუბს?!

პოპულარულ პროექტ "ნიჭიერში" სტრიპტიზკლუბ "დივას" მოცეკვავის, ნინო ჯავახიშვილის საქვეყნოდ გაშიშვლება ბევრისთვის, ალბათ, შოკის მომგვრელი სანახაობა იყო. ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშვილის "გარეკლამება" "დივას" მფარველებს ხელს აძლევდა.

ბევრმა არც ის იცის, რომ კოსტავას ქუჩის მცხოვრებნი თავიანთი კორპუსის ახლოს ამ სტრიპტიზკლუბის მუშაობას დიდი ხანია აპროტესტებენ. მიზეზი ღამის საათებში შეზარხოშებული მამაკაცების გახშირებული ჩხუბი და ხმაურია. Kმობინადრეებმა არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს  და "დივას" დახურვა მოითხოვეს, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს.

სტრიპტიზიორი ნინო ჯავახიშვილი ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში არ მალავს, რომ "დივაში" ბევრი ცნობილი მამაკაცი დადის, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებო, ამბობს მოცეკვავე. ქართველი მამაკაცები თურმე ძალიან გულუხვები არიან.

შესაძლოა, "დივას" საქმიანობისთვის ყურადღება არც კი მიგვექცია, რომ არა ერთი გარემოება - გარდა იმისა, რომ ის ქალაქის ცენტრშია განთავსებული, მის თავზე, მეორე სართულზე, სკოლა-ლიცეუმი "ენკაა".

"ეს არის ფაქტი იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს ხელისუფლება გარყვნილებას.  ნუთუ ამ ქვეყანაში ან განათლების სამინისტრო არ არსებობს, ან მერიის სამსახური, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს? საზოგადოებისთვის მიუღებელია ერთ შენობაში სკოლისა და სტრიპტიზკლუბის განთავსება. ახლა იმასაც გვეუბნებიან, რომ იქვე მამაკაცების სტრიპტიზკლუბიც გაიხსნება(?!). - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

უნდა იყოს თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულება  და სტრიპტიზკლუბი ერთ შენობაში, ეს საკითხი კანონით არ არის დარეგულირებული. თავის დროზე უხერხულობა შენობაზე განთავსებული აბრების შინაარსმა გამოიწვია, რის გამოც, როგორც შევიტყვეთ, სკოლამ ჯერ თავისი აბრა მოხსნა, მოგვიანებით კი ისევ გააკრა.

მართალია, შენობაში საგანმანათლებლო ლიცეუმი "ენკა" უფრო ადრე განთავსდა, ვიდრე "სტრიპტიზკლუბი", მაგრამ თუ ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარება სცადა, უფრო სავარაუდოა, ამას შენობიდან სკოლის გაძევება მოჰყვეს, ვიდრე სტრიპტიზკლუბის. საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებს, გასართობი ადგილების ქალაქის ცენტრში განთავსება დაშვებულია თუ დაუშვებელი. ამდენად, კერძო ლიცეუმის დირექტორს, ნუგზარ ყენიას პრეტენზიის გამოხატვის "ერიდება", მაგრამ ზნეობრივი თვალსაზრისით შექმნილ დისკომფორტზე მიგვითითებს.

- ოთხი წელიწადია, რაც ამ შენობაში ვართ. ჩვენ ცალ-ცალკე შესასვლელი გვაქვს. სკოლა დღის საათებში მუშაობს, კლუბი - ღამით.

გარდა ზნეობრივ-მორალური მხარისა, არავითარი დისკომფორტი არ გვექმნება. რა უფლება მაქვს, "დივას" მფლობელთან მივიდე და ვუთხრა, აქ თქვენი ყოფნა არ შეიძლება-მეთქი. ცხადია, მეტყვის, თავად წადით აქედანო. სკოლისა და სტრიპტიზკლუბის ერთად არსებობა თუ უკანონობაა, მაშინ იმან უნდა მიიღოს ზომა, ვისი საქმეც არის. თუ ეს უკანონობა არ არის, პრეტენზიას ვერავის წავუყენებ.

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი: "არსებობს კანონი "საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ", რომელშიც ისეთი მუხლი, რომელიც მოსწავლეებისთვის აუცილებელი გარემოს უზრუნველყოფაზე მიუთითებს, გათვალისწინებული არ არის. სამწუხაროდ, სკოლა და სტრიპტიზკლუბი ერთ შენობაში რომ  არ უნდა იყოს, კანონით დარეგულირებული არ არის".

პეტრე წურწუმია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურისტი: "ეს საკითხი მორალური თვალსაზრისით ქმნის უხერხულობას. კანონი "ლიცენზირების შესახებ" არ ითვალისწინებს  მოთხოვნას, თუ რის გვერდით უნდა იყოს სკოლა და რის გვერდით - არა".

როგორც გავარკვიეთ, შენობა კერძო მესაკუთრეს, ნინო ცხვედაძეს ეკუთვნის, რომლისგანაც სკოლა-ლიცეუმ "ენკას" ფართი იჯარით აქვს აღებული. სტრიპტიზკლუბის მფლობელი კი ისრაელიდან ჩამოსული ქალბატონი, ვინმე პატრიცია ყოფილა. "ქალბატონ პატრიციათი მოხიბლული ვარ, ეს არის ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა  უნდა და როგორ მიიღოს სასურველი", - აცხადებს სტრიპტიზიორი ნინო ჯავახიშვილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ სიტყვებში ეჭვის შეტანა ნამდვილად ძნელია.