"მანდატურს ბავშვები პოლიციელად აღიქვამენ" - კვირის პალიტრა

"მანდატურს ბავშვები პოლიციელად აღიქვამენ"

სჭირდებათ თუ არა ჩვენს ბავშვებს ვიდეოთვალი და თანამედროვე "კუკარაჩა"?

"რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? - იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა… კომპიუტერი!" - ხალხში გავრცელებული ეს მოსწრებული გამონათქვამი ზედმიწევნით ასახავს დღევანდელ საქართველოში შექმნილ სიტუაციას.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას უამრავი ცვლილება მოჰყვა, რამაც პედაგოგთა ერთი ნაწილის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი უარყოფითად აფასებს როგორც მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას, ასევე კომპიუტერით სწავლების დანერგვას დაწყებით კლასებში. ამ საკითხის შესახებ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ:

დალი ხაჩიძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე: - "განათლების რეფორმა თუმცა ილიას სახელს ატარებს, მაგრამ ამ პრინციპებისაგან შორს დგას. უფრო მეტიც - ილიასეული სამი ბოძის გარდა სკოლას უკვე ორი საყრდენი - ცოდნა და ზნეობაც ეცლება. პირველ კლასში წიგნის ნაცვლად კომპიუტერის სწავლება მომავალ თაობას კიდევ უფრო დააშორებს ჭეშმარიტი ცოდნის წყაროს და კიდევ უფრო მიაჯაჭვავს კომპიუტერს.

შემაშფოთებელია, როდესაც უყურებ, როგორ "დაძვრებიან" პატარები სხვადასხვა საიტზე, ეძებენ გასართობ პროგრამებს და ძვირფას დროს უაზროდ ფლანგავენ. მოსწავლეებს ცოდნით ვერც გამარტივებული სახელმძღვანელო უზრუნველყოფს და ვერც აღწერის პრინციპი. საინტერესოა, თუ ბავშვს დასაწყისში აქვს საშუალება თავისი საყვარელი საგანი აირჩიოს, რატომ აღარ ეძლევა მისი სწავლის უფლება მეთორმეტე კლასში? ან როგორ ავხსნათ, რომ საგამოცდო ტესტებში არც ერთი ქართველი მწერლის თხზულება შეტანილი არ არის?

პოლიციისა და მანდატურების შიში კი არა, ბავშვებს ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ. ეს ის მთავარი სწავლებაა, რასაც სკოლა უნდა ეფუძნებოდეს.

თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგი: - დღეს დაწყებითი სკოლის ბავშვები ბევრად განვითარებულები არიან და წინ უსწრებენ წინა თაობის ამავე ასაკის ბავშვებს. ხშირია, როცა კომპიუტერული თამაშები ან სხვა პროგრამები ჩაანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობას ან წიგნს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

რაც შეეხება მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას, ეს უფრო იძულებითი ფორმაა და დღევანდელი მდგომარეობით არის ნაკარნახევი. უნდა ითქვას, რომ აგრესიული ქმედებების რიცხვმა და აქედან გამომდინარე, ერთმანეთის სხეულის დაზიანებამ სკოლებში ძალიან იმატა. თუმცა, მე, როგორც ფსიქოლოგს, უფრო მნიშვნელოვანი მგონია, რამდენად იციან მანდატურებმა სხვადასხვა სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგია, რამდენად მოახერხებენ თითოეული ბავშვის პიროვნული, ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებას. ეს ახალი წამოწყებაა და ლაპარაკი იმაზე, გაამართლებს თუ არა, ჯერჯერობით ძნელია.

ინეზა იამანიძე - კერძო სკოლა "ვერის უბნის ლიცეუმის" დამფუძნებელი: - ჩემთვის გასაკვირი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება - მანდატურებს ბავშვის დასჯის უფლება არა აქვთო. მოსწავლის დასჯის უფლება ალბათ არავის აქვს, მით უმეტეს, მანდატურს, მაგრამ განსხვავებით მასწავლებლისაგან, მანდატურს არც სწავლების უფლება აქვს, მაშინ ჩემთვის გაუგებარია, რა ფუნქცია აქვს მას? სკოლებში მართლაც არსებობს აგრესიული მუხტი, რომელიც ძალზე საშიშია. პიროვნება, რომელმაც ეს მუხტი უნდა მართოს, მოსწავლეს კარგად უნდა იცნობდეს.  პიროვნებას, რომელიც არ იცნობს თითოეული ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ძალიან გაუჭირდება მათი მართვა.

ყველა მანდატური რომ "კუკარაჩა" ვერ იქნება, ესეც ფაქტია. როგორც ვიცი, მანდატურების ხელფასი 700-800 ლარია, მაშინ, როცა მასწავლებლის ხელფასი 250 ლარს არ აღემატება. ეს თანხა მასწავლებლებზე რომ გადანაწილებულიყო, ბევრად უკეთეს შედეგებს მივიღებდით.

მე ეს ახალი თანამდებობა უფუნქციო დანამატი უფრო მგონია, რომელიც ვერაფერს შეცვლის. რაც უნდა კეთილშობილი ადამიანი იყოს, მანდატურს ბავშვები მაინც პოლიციელად აღიქვამენ. ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე შედეგი მოჰყვება სკოლებში ვიდეოთვალის დამონტაჟებასაც. დათრგუნვილი, სტრესის ქვეშ მოქცეული, შეშინებული თაობა თუ გვინდა გვყავდეს, მაშინ ყველაფერი გასაგებია.

P.S. ჩვენ დავუკავშირდით განათლების სამინისტროს პრესსამსახურს:

- მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში შეუდგნენ  მოვალეობის შესრულებას. მათი ინტეგრაცია სკოლებში საკმაოდ იოლად მოხდა.

მანდატურს სკოლაში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა ევალება.

მათი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, დანაშაულის პრევენციაა. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში იმყოფებიან. აქვთ სპეციალური ფორმა, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები და სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეოკამერებით აკონტროლებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე