რა ვითარებაა ისნის ბაზრობაზე, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა ისნის ბაზრობაზე, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღეს დილიდან ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა კარი, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, საპატრულო პოლიციის ლენტითაა შემოღობილი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ბაზრობის ტერიტორიაზე არცერთ გარეშე პირს არ უშვებენ.

გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სავაჭრო ობიექტების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათი ქონება დაზღვეული არ იყო. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ემზარ ლეთოდიანმა განაცხადა, რადგან ბაზრობაზე იყიდება ე.წ. მეორადი ავტომობილების ნაწილები, არც ერთი სადაზღვევო კომპანიის ინტერესში არ შედის მათი დაზღვევა.

დაზარალებულებს ბაზრობის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

"ბაზრობის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ მაღაზიები იყო თქვენს მფლობელობაში და თქვენ თვითონ მიხედეთო. ჩვენ ვართ დაზარალებულები. გუშინ ღამე ვნახე, რომ ჩემი მაღაზია მთლიანადაა დამწვარი, ჭერი ჩამონგრეულია. შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დაგვატოვებინეს. დღეს კი ადგილზე შესვლის საშუალება არ გვეძლევა", - განაცხადა ემზარ ლეთოდიანმა.

ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად გამოვიდა ისნის ბაზრობის მფლობელი კომპანიის შპს "ტრანსსერვისის" იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი, თუმცა მას ტერიტორიაზე მყოფი დაზარალებულები დაუპირისპირდნენ.

დაზარალებულების განცხადებით, ბაზრობას არ უვარგა დაცვის სამსახური, მათ ვერ შეამოწმეს და ვერ გააკონტროლეს ელექტროობა. იურისტის მისამართით ისინი სვამდნენ კითხვებს, თუ ვინ აუნაზღაურებს მათ ზარალს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ბანკის ვალები და ბინები იპოთეკით აქვთ დატვირთული.

იხილეთ ასევე: ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს

"ინტერპრესნიუსი"