"ქართველობამ გადამარჩინა" - კვირის პალიტრა

"ქართველობამ გადამარჩინა"

ჟურნალი "გზა" მომღერალ ნინო ძოწენიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მომღერალი ზაფხულსა და დასვენებაზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ - დასასვენებლად დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედით?

- ბავშვობიდან ვმღერი. მახსოვს, პირველი "პაეზდკა" გერმანიაში გვქონდა - საბავშვო მუსიკალური თეატრის ბავშვები ქუთაისიდან წავედით. 13-14 წლის გახლდით. დამოუკიდებლობა კარგად იმ დროს შევიგრძენი. თან, გერმანიის პატარ-პატარა ქალაქებში ბევრი სპექტაკლი გვქონდა. ბავშვები ძალიან ბედნიერები ვიყავით... საზღვარგარეთ მანამდეც დავდიოდი, მაგრამ მაშინ გერმანიაში მშობლებმა მარტო (მასწავლებლებთან ერთად) გამიშვეს.

- როგორი სტილის დასვენება გიზიდავთ?

- მთა არ მიყვარს. ალბათ, უფრო ზღვაზე დასვენება მომწონს - არც ძალზე აქტიური და არც ისეთი, რომ სულ ვიწვე. სხვათა შორის, აქტიურად დაახლოებით ერთი თვის წინ დავისვენე: მეგობარი გოგონები 7 დღით კრეტაზე ვიყავით. გამგზავრება ექსპრომტად გადავწყვიტეთ. ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე აქტიური დასვენება იყო. მთელი კრეტა მოვიარეთ. დილის 8 საათზე გავდიოდით და ღამის 2-3 საათზე ვიძინებით. ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო! ძილი ძალიან მიყვარს და 8 საათი თუ არ გამოვიძინე, გიჟს ვგავარ ხოლმე. მეგობრებს უარსაც ვერ ვეუბნებოდი - უხერხული იყო: სასტუმროში მარტო ხომ არ დავრჩებოდი? დილიდან გავდიოდით. ამ ფერხულში ისე ჩავები და შევეჩვიე, რომ ბოლო სამი დღე ყველაზე ადრე მე ვიღვიძებდი (იცინის). ძალიან საინტერესო დასვენება გამოგვივიდა, საოცარი ადგილები მოვინახულეთ, მაგრამ ასეთი დასვენება ჩემთვის ცოტათი დამღლელია, თუმცა ვფიქრობ, საჭირო იყო...

- მეუღლე ხომ არ აპროტესტებს, როცა დასასვენებლად მის გარეშე მიდიხართ?

- არა. პირველად გიგას ვკითხე, - კრეტაზე ხომ არ წავიდე-მეთქი? - წადიო, - მითხრა. არც მე ვუპროტესტებ ხოლმე. პროტესტი უხერხულია.

...

- მოგზაურობისას გაუთვალისწინებელ, სახალისო ან სახიფათო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

- სახიფათო სიტუაციაში ახლახან, კრეტაზე ყოფნისას აღმოვჩნდი: მეგობრები სანტორინიში ვიყავით. ფოტოებს ვიღებდით. საერთოდ, ბევრი სურათის გადაღება არ მიყვარს, მაგრამ ეს ისეთი ადგილია, რომ უნდა გადაიღო, რადგან კაცმა არ იცის, კიდევ მოხვდები თუ არა იქ... მართლა ძალიან ლამაზი ფოტოები გამოვიდა. ულამაზესი ღია კაფეები იყო. ბერძენი ხალხი ქვემოთ ცხოვრობს, ზემოთ (კლდეზე) კი სახლები ყველას გაქირავებული აქვს - ტურისტული ზონაა. უამრავი ხალხია. ერთი კაფე განსაკუთრებულად ლამაზია - ზღვაზე "გადადის". მეგობარს ვუთხარი, - შემოდი, ფოტო აქ გადავიღოთ-მეთქი. ჭიშკარი თოკით იყო გადაკეტილი. ფეხი გადავაბიჯე და გადავედი. უცებ, კაფის მეპატრონეები - ცოლიც და ქმარიც გამოცვივდნენ. ადამიანს გული რომ აგიჩქარდება, ისე მიყვიროდა ის კაცი. ინგლისურიც არ ვიცი. მეპატრონე ინგლისურ ენაზე მიყვიროდა. მივხვდი, რომ პილიციის გამოძახებით და დაჯარიმებით მემუქრებოდა. - რომელი ქვეყნიდან ხარო? - მკითხა. ვერაფერს ვეუბნებოდი, გავშტერდი, თან ძალიან შემრცხვა, მართლა ცუდად მოვიქეცი. შეიძლებოდა, პანიკა არ "აეწია", მაგრამ სურდა, დავეჯარიმებინე - ფულის "კეთების" გიჟები არიან. იცოდა, ფოტოს გადაღება მინდოდა და არაფერს მოვიპარავდი. 7-8 წუთი მეჩხუბებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ცუდი რაღაცები წარმოვიდგინე, მაგალითად - ის, რომ პოლიცია დამაკავებდა (იცინის)... უცებ, საიდან ხარო? - რომ მკითხა, ვუპასუხე: აი ემ ფრომ ჯორჯია-მეთქი. მოულოდნელად არ გაიცინა?! - თურქი ან არაბი მეგონე. უეჭველი დაგიჭერდი, მაგრამ რადგან საქართველოდან ხარ, კარგიაო, - მითხრა და თვალი ჩამიკრა. ხვდებით, რა გამიკეთა? 7 წუთში კაცმა "მომკლა"! ქართველობამ გადამარჩინა (იცინის). (ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 17 აგვისტოს ნომერში)

ეთო ყორღანაშვილი