მთიულეთში წმინდა გიორგის გულის ნაწილი ინახება?!
28-08-2017
მთიულეთში წმინდა გიორგის გულის ნაწილი ინახება?!
ოქროს ჯვარი, რომელსაც წინა მხარეს მაცხოვრის გამოსახულება აქვს ამოტვიფრული, არავინ იცის, როდის და როგორ მოხვდა წიფორის სალოცავში. ჯვარი შუაზე იხსნება და მასში მოთავსებულია წმინდა ნაწილები. მთიულთა თქმით, ეს წმინდა გიორგის გულის ფრაგმენტია

ფასანაურს რომ გავცდებით, არაგვს გაღმა, მთის კალთაზე ნასახლარები მოჩანს. ჩემი მასპინძელი 80 წლის წიფორელი კოლა კედელაშვილია. მისმა მეზობელ-ნათესავებმა აქაურობა დიდი ხნის წინ მიატოვეს. წინაპართა კერას მხოლოდ ერთი ოჯახი არ აციებს, საკვამურიდან სიცოცხლის კვამლი ერთად­ერთი სახლიდან ადის...
წელიწადში მხოლოდ
სამ დღეს ივსება წიფორი მთიულებითა და მომლოცველებით. წმინდა გიორგის სალოცავის გზა გრძელია. მთის კალთაზე პირველი ნიში გვხვდება, ქვაში ნაკვეთი წმინდა გიორგის ხატი ამშვენებს, თავს ჯვარი ადგას. მერე მეორე ნიში გვეგებება, ამჯერად რკინის ჯვრისა.

წმინდა გიორგის წყალობით ბოძებული ვაჟი მებრძოლ ყმად უნდა აღეზარდათ

მლოცველები საუკუნეების მანძილზე წმინდა გიორგის შვილიერებას შესთხოვენ. ეთნოგრაფოსი სერგი მაკალათია წიგნში, "მთიულეთი", წერს: "სოფელ ქავთარაანიდან 4-5 კილომეტრზე, სოფელ ჟიჟიანსა და წიფორს შორის არის წიფორის წმინდა გიორგის ხატი, რომლის სახელობაზე აგებულია ეკლესია და ნიში ხატის ტყით დაფარულ ერთ გორაკზე. ნიში სავსეა ხატის უღლებით, ზანზალაკებით და სხვა შარნებით. ეკლესიის გარშემო ჩამწკრივებულია გრძელი ჭოკები, რომლებზეც ფრიალებენ თეთრ-წითელი ქსოვილის ნაჭრები. ხატს ამ დროშებს უცოლო ბიჭები სწირავენ - ტყეში ჭრიან წიფლის ან ნაძვის რაც შეიძლება გრძელ და სწორ ჯოხებს, რომლებსაც წვერზე ფერად ნაჭრებს შეაბამენ. აღდგომა დილას ვაჟები ამ დროშებით წიფორის წმინდა გიორგის ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან, ჯოხებს გალავანში ჩაასობენ. დროშას ხელს არავინ ახლებს, სანამ თავად არ წაიქცევა და არ დაიშლება. ხალხის რწმენით, ამ დროშის შემწირველს ხატი ცოლ-შვილის ღირსად გახდის. წიფორის წმინდა გიორგის განსაკუთრებით ვაჟიანობას შესთხოვენ. ამ მიზნით მას ვერცხლის თასებსა და დროშას (ბავრიყს) სწირავენ. თუ ამან არ გასჭრა, მაშინ უძეონი ხუთწლიან კურატს მიჰგვრიან დეკანოზს (ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს დროშებისა და ხატების გამოსვენებას, დალოცვას, მსხვერპლის შეწირვის წესს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა), დაამწყალობინებენ და იქვე დაჰკლავენ. ამის შემდეგ თუ ვაჟი შეეძინებათ, მას წიფორის წმინდა გიორგის ყმად ზრდიან, თეთრებს აცმევენ და რამდენიმე წელიწადი ხატობაზე ატარებენ. სამსახურის გასვლის შემდეგ ვაჟს
თეთრებს გახდიან და იქვე, ხატში დასტოვებენ".
წიფორის წმინდა გიორგის ყმებად ქავთარაძეები, ბიბილაშვილები, კედელაშვილები და ჟიჟიაშვილები ითვლებიან. გადმოცემის თანახმად, მებრძოლებს ცოცხალი ჯაჭვი გაუბამთ, ხელიდან ხელში ქვის ლოდები გადაუციათ და წმინდა გიორგის სახელზე სალოცავი ასე აუგიათ. მთიულთა რწმენით, წმინდა გიორგის წყალობით ბოძებული ვაჟი მებრძოლ ყმად უნდა აღეზარდათ, ამიტომაც შესთხოვენ შემწეობას და შვილიერებას წმინდა გიორგის.

წიფორის წმინდა გიორგის ხატის მადიდებელი
წიფორის წმინდა გიორგის ხატის მოსალოცად მიმავალს მთიულური წესით, გამომცხვარი სალოცველები ანუ ხავიწის ქადები, ღვინო და სანთლები გამატანეს. საყდარს რომ შემოვუარეთ, დეკანოზმა დამწყალობლება დაიწყო - "ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა", ლოცვისას ქადა ჯვარსახოვნად გასერა, ოჯახი, გამომცხობი, მთისა და ბარის სალოცავები, მთლიანად ქვეყანა შეავედრა წიფორის წმინდა გიორგის. ღვინო და ერბოს ქადის პირველი ლუკმა დეკანოზმა იხმია, შემდეგ - მე...

კოლა კედელაშვილი, დეკანოზი: - ამ ხატში ქალების ამოსვლა აკრძალულია, მამაკაცებთან ერთად მხოლოდ ქალიშვილებს შეუძლიათ მოსვლა და ლოცვა.
XII საუკუნიდან დღემდე, ხატის დეკანოზები კედელაშვილები არიან. მეორე მსოფლიო ომში ყველა კედელაშვილის გვარის მამაკაცი გაუწვევიათ. უხუცესი კედელაშვილის გარდაცვალების შემდეგ ქავთარაძეები დეკანოზობდნენ. მერე მე დამავალა სოფელმა ეს დიდი საქმე. თქმულებით, თუ მამაკაცი კედელაშვილი აღარ იარსებებს, მაშინ ხატი სალოცავიდან ქალწულმა კედელაშვილმა უნდა გამოაბრძანოს.
წინა თაობებისგან ვიცით, რომ იყო საყდრის წიგნი, რომელიც აქ მოღვაწე ერთ-ერთ სასულიერო პირს თან წაუღია. იქ ყოფილა დაწვრილებით აღნუსხული ტაძრის აშენების ამბავი.
ჩვენი წინაპრები სალოცავის აგებას თამარის მეფობას მიაწერდნენ. ახლაც ეძახიან ადგილობრივები საბეროებს ნანგრევებს, სადაც სამონასტრო ცხოვრების ჟამს სასულიერო პირები ცხოვრობდნენ. სალოცავის მშენებლობის დროს 13 ახალგაზრდა დაღუპულა. მათი სულის უკვდავსაყოფად აკლდამა აშენებულა და ისინიც იქვე დაუმარხავთ. ეს აკლდამა მძარცველებმა გახსნეს. ზოგს ძვირფასი ნივთები ჰქონდა ჩატანებული.

ჯვარი, რომელშიც წმინდა გიორგის გულის ნაწილი ინახება
წიფორის საყდარი სხვა მთის სალოცავებისგან იმით გამოირჩევა, რომ სალოცავს ნაბოძები აქვს ოქროს ჯვარი, რომელიც იხსნება და მომლოცველს წმინდა გიორგის გულის ნაწილზე მთხვევა შეუძლია. დეკანოზი და ე.წ. დასტურები, ანუ შეფიცულები, მის ადგილსამყოფელს მკაცრად ასაიდუმლოებენ. სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა ხატობისას წელიწადში სამჯერ ეძლევა მომლოცველს, წმინდა გიორგის ხსენების ორ დღესა და აღდგომას. ოქროს ჯვარი, რომელსაც წინა მხარეს მაცხოვრის გამოსახულება აქვს ამოტვიფრული, არავინ იცის, როდის და როგორ მოხვდა წიფორის სალოცავში. ჯვარს უკანა მხარეს ბერძნული წარწერა აქვს. ამჟამად, "კვირის პალიტრის" თხოვნით, ლინგვისტი მუშაობს თარგმანზე და ალბათ, ბევრ კითხვას უპასუხებს. ადგილობრივების ცნობით, ჯვარი უნიკალურია იმითაც, რომ შუაზე იხსნება და მასში მოთავსებულია წმინდა ნაწილები. მთიულთა თქმით, ეს წმინდა გიორგის გულის ფრაგმენტია. როგორც დეკანოზი ამბობს, - ჩვენი წინაპრები, ჯვარს საყდარში არ ტოვებდნენ. ჯვრის დასაბრძანებელი საიდუმლო საცავი იყო აშენებული. ბევრჯერ გაიძარცვა ეს სალოცავი, დაიკარგა ოქროულობა, თასები, ხატები. ჯვარსაც ეძებდნენ, თუმცა ამაოდ.
ბევრი სასწაული უკავშირდება ამ ჯვარს და სალოცავს. ყოფილა შემთხვევები, როცა ავადმყოფი მოუყვანიათ, ულოციათ და აქედან ჯანმრთელი წაუყვანიათ. მომსწრე ვარ - მრავალი წლის უშვილო, იმედგადაწურულ ცოლ-ქმარს მხურვალე ლოცვის წლისთავზე შვილი მისცემიათ წმინდა გიორგის მეოხებით."
უნიკალური ჯვრის წარწერის შინაარსი მოკლე დროში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ისევ "კვირის პალიტრიდან" შეიტყობს მკითხველი.

წიფორის საყდარი
წიფორის წმინდა გიორგის ხატი XII საუკუNნისაა. ორნავიან ბაზილიკურ საყდარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. არაერთგზის რესტავრირებული სალოცავი 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა. მთიულებმა საკუთარი სახსრებით გაამაგრეს. შიდა ინტერიერი უნიკალურია. საყდრის მთავარი დარბაზი და გვერდითა ნავი ეფუძნება, უზარმაზარ ქვის სვეტს. სვეტის წინა მხარეს უზარმაზარი ხის ჯვარია აღმართული. საკურთხევლის ერთი მხარე მომრგვალებული ქვითაა ნაშენი, მეორე - ოთხკუთხა კონსტრუქციით. კედლებში თახჩებია. სალოცავი მოხატული არ არის, მაგრამ აქ უამრავი შეწირული ხატია დაბრძანებული.

თორნიკე ყაჯრიშვილი
ანა
24 ნოემბერი 2017 13:03
გვფრავდეს მისი მადლი ყველას და სრულიად საქართველოს.
ია
05 ოქტომბერი 2017 23:42
როგორ მიყვარს მთიულები, არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია ესენი ყველაზე მაგარი ქართველები არიან. მთიული არ ვარ.
ნინო
29 აგვისტო 2017 09:21
გვფარავდეს დაა გვწყალობდეს ყველას წიფორის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი სალოცავი! ამინ!ამინ! ამინ!

რედაქტორის რჩევით