"ხმაური 6-8 წლით ამცირებს სიცოცხლეს!" - კვირის პალიტრა

"ხმაური 6-8 წლით ამცირებს სიცოცხლეს!"

"პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთი დაწესებულების სავენტილაციო სისტემები აიძულებს მობინადრეებს, თვითმფრინავის აფრენის რეჟიმში იცხოვრონ, დღედაღამ მოსვენება არა აქვთ"

15 აგვისტოდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარებიან კაფე-ბარები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ცენტრები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. თითოეულ შემთხვევაში ხმაურის სხვადასხვა ნორმაა გათვალისწინებული, რომელთა დარღვევას სოლიდური ჯარიმები მოჰყვება.

რა სანქციები დაეკისრებათ ზედმეტად ხმაურიანებს

ხმაურით დაბინძურება ერთ-ერთი დიდი პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც.

დიდი ქალაქების მცხოვრებთა 60%-მდე ყოველდღიურად განიცდის ხმაურით გამოწვეულ დისკომფორტს, რაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობის დაცვის მიზნით რამდენიმე ზომას გვთავაზობს. მათ შორისაა:

ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა; ტელევიზორების, მუსიკალური ცენტრების, რადიომიმღებების და სხვა ბგერის წარმომქმნელი და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის ძალიან ხმამაღალზე გამოყენების აკრძალვა.

დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 55 დეციბელი. სამწუხაროდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ევროპის მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოსახლე 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში იმყოფება.

თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასეთ ხმაურიან გარემოში, არ არის გამორიცხული, მას აუწიოს არტერიულმა წნევამ და დაერღვეს გულის ნორმალური მუშაობა, სმენა და ძილი.

ხმაურის რეგულაციები რომ დაკანონებულიყო, მოქალაქეთა გაერთიანება "არა ხმაურს" დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას აწყობდა, ამ საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ავტორი კი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილია.

პაატა ქურდაძე, მწერალი, მოქალაქეთა გაერთიანების "არა ხმაურს" თავმჯდომარე:

- მოქალაქეთა გაერთიანება "არა ხმაურს" მარტ=ში შეიქმნა. მასში გაწევრდნენ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში იტანჯებიან ზღვარგადასული ხმაურისაგან.

ვცდილობდით აქტიურები ვყოფილიყავით მედიაში, მიგვეტანა ინფორმაცია საზოგადოებამდე იმის შესახებ, თუU რა შედეგებამდე მიჰყავს ადამიანის ფსიქიკა და ზოგადად, ჯანმრთელობა უძილო ღამეებს, ან თუნდაც დღისით გადაჭარბებულ ხმაურს. მივწერეთ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩავატარეთ მანიფესტაცია რუსთაველის პროსპექტზე პარლამენტის შენობის წინ.… დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო ეს კანონი.

- ხმაურისთვის სანქციების დაწესებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ეს კანონი ტურისტების შემოდინებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

-არც ერთი ნორმალური ტურისტი არ ჩამოვა საქართველოში იმისათვის, რომ 40-გრადუსიანი სიცხით გათანგულ თბილისში ღამეები ათენოს ღია ცის ქვეშ მოწყობილ უგემოვნო კლუბებში. ყველაზე ცნობილი და ხარისხიანი თბილისური კლუბები კი იზოლირებულია და პრობლემას არ უქმნიან მოსახლეობას. თუმცა, გააჩნია ტურისტსაც. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ტურიზმს ვავითარებთ. თუ ისეთს, როგორიც დასავლეთევროპელ ტურისტებს აინტერესებთ, მაშინ მათ ღამე დასვენების საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუ ისეთს, როგორიც, სამწუხაროდ, განვითარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც უცხოელები ლამის მონათმფლობელების უფლებით სარგებლობენ. მე მოწინააღმდეგეთა მოსაზრებაში ლოგიკას ვერ ვხედავ, არ არსებობს ბიზნესი, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა.

თუ ვინმე მეტყვის, რომ პარიზის, ნიუ-იორკის ან ლონდონის ხელისუფლებები იმიტომ ხურავენ მსგავს დაწესებულებებს უზარმაზარი ჯარიმის თანხლებით, რომ ბიზნესის მტრები არიან, მათი უფლებაა. მსოფლიოს ყველაზე ტურისტულ და შემოსავლიან ქალაქებში ეს რეგულაციები კარგა ხანია მიღებულია. ხმაური უმკაცრესად ისჯება,-მაგალითად, ბრიტანეთში -40 ათას გირვანქამდე, საფრანგეთში იმავე ოდენობის ევრომდე. მეტიც, ასეთ დაწესებულებებს ლიცენზიას ართმევენ და ხურავენ.

ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის წევრი, საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი: -ეს საკითხი წინა მოწვევის პარლამენტშიც იდგა, მაგრამ ვერ გავიდა, რადგან ჩაითვალა, რომ ბიზნესს დააზარალებდა. მაგრამ ეს საკითხი ხელახლა დაისვა. კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, დავიწყეთ მუშაობა, რასაც 2-3 თვე მოვანდომეთ. ამ ხნის განმავლობაში მოვუსმინეთ მხარეებს -კაფე-ბარების, სასტუმროებისა და ჰოსტელის მფლობელებს, რომლებიც ამბობდნენ, ფაქტობრივად, ბიზნესი გვიკვდება იმის გამო, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენთან ათევს ღამეს, მეორე დილით თანხას უკან ითხოვს და ტოვებს დაწესებულებას, რადგან ვერ იძინებსო. ასეთივე პრობლემა ჰქონდა ერთ-ერთ სოლიდურ სასტუმროს ბათუმში. ერთ კაფეში დაჯდები და მეორე და მესამე კაფეში ჩართული მუსიკა გაყრუებს. ახლომახლო სახლებში მცხოვრებნი 24 საათის განმავლობაში ამ რეჟიმში ცხოვრობენ.

გავეცანით ასევე ჯანდაცვის საერთაშორისო კვლევებს და იყო ერთი ძალიან საინტერესო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ხმაური 36%-ით მეტად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე თამბაქოს მოხმარება და საშუალოდ 6-8 წლით ამცირებს სიცოცხლეს.

ხმაურის ნიადაგზე ხშირი იყო კონფლიქტები, მოსახლეობა თვითონ ჩადიოდა კაფეების მეპატრონეებთან საქმის გასარჩევად, ვინაიდან პოლიციის გამოძახება უაზრობა იყო, მას სანქციის ან იძულების ღონისძიების გამოყენების უფლება არ ჰქონდა. მხოლოდ თხოვნით თუ მიმართავდა ხმაურის გამომწვევს.

სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პრობლემაა, მაგალითად, პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთი დაწესებულების სავენტილაციო სისტემები აიძულებს მობინადრეებს, თვითმფრინავის აფრენის რეჟიმში იცხოვრონ, დღედაღამ მოსვენება არა აქვთ. იგივე სიტუაციაა დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე, სადაც გაუკონტროლებელი ავტოშემკეთებელი სახელოსნოებია.

ვფიქრობ, კარგი კანონი მივიღეთ. პარლამენტმა მიიღო სანქცია ნორმის დარღვევისთვის. ნორმა გაწერილია, მისი დარღვევის შემთხვევაში იურიდიული ან ფიზიკური პირი დაისჯება.

- ვთქვათ, ხმაურით შეწუხებულმა მოქალაქემ პატრული გამოიძახა, რომელსაც მისვლისას ხმაური შეწყვეტილი დახვდა, როგორ მოიქცევა?

- პატრული შემთხვევის ადგილზე კონკრეტულად ხმაურის მომენტში უნდა მივიდეს, სხვაგვარად ხმაურის დადგენილი დონის დარღვევას ვერ დააფიქსირებს.

- ხშირად ღამით ისმის ხმაური, რომელიც კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების შედეგია.

- თუ დადგენილ საათებში ხმაურის ზომას არ იცავენ, ვინც უნდა იყვნენ, კანონის მიხედვით აგებენ პასუხს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმების მიხედვით:

საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი -30-ს. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია. სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელის ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება ბარებსა და რესტორნებს, თუ ასეთ ობიექტებს 6 სართულამდე კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ღამით - 40. მაღალსართულიანი კორპუსების მიმდებარედ ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55 დეციბელია, ღამით კი -45. ხმაურის დასაშვები ნორმები სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზებისთვისაც ამოქმედდება და 55 დეციბელი იქნება.

ხმაურის დადგენილი დონის გადაჭარბება სპეციალური ხმაურის მზომებით განისაზღვრება, რითაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღიჭურვებიან. რეგულაციების თანახმად, ხმაურის დადგენილი ნორმის გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში, ხმაურის გამომწვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული -500 ლარით დაჯარიმდება, შემდეგში კი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.

საშიში დეციბელები

30 დეციბელამდე ხმაური (დაახლოებით ისეთი სიძლიერის, როგორიც ჩურჩული ან საათის ხმა) ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს.

35 დეციბელი -დეციბელზე კარგად ისმის ჩუმი საუბარი.

50 დეციბელი -გამოკვეთილად ისმის საშუალო სიმაღლის საუბარი და სარეცხი მანქანის მუშაობის ხმა.

95 დეციბელი - ძლიერი ხმაურია, მაგ: მოტოციკლეტის ძრავის ხმა.

120 დეციბელი -ადამიანისთვის გაუსაძლისი ხმაურია; მაგ: სანგრევი ჩაქუჩის ხმაური.

130 დეციბელი -ტკივილის ზღვრამდეა, სირენა, თვითმფრინავის აფრენა.

140 დეციბელი -შიდა ყურის ტრავმას იწვევს, მაგალითად, როკკონცერტზე მაქსიმალური ხმა.

150-155 დეციბელი -იწვევს კონტუზიას.

160-170 დეციბელი - შოკი, ტრავმები, შესაძლოა, ყურის აპკის გაგლეჯა. ყურთან ახლოს ზარბაზნის გასროლის სიმძლავრის ხმაა.

170-180 დეციბელი - ფილტვების გაგლეჯა. არც სიკვდილია გამორიცხული.

200 დეციბელი -იწვევს სიკვდილს.

სხვადასხვა ქვეყანაში ხმაურისთვის დაწესებული სანქციები

მონტენეგროში -3400- 4000 ევრო; კოსოვოში -500-1000 ევრომდე; ხორვატიაში -1300-დან 2000 ევრომდე; დიდ ბრიტანეთში 5 000-20 000 გირვანქა სტერლინგი; ლატვიაში -ხმაურის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები ჯარიმდებიან 30-355 ევროთი, ხოლო იურიდიული _70-700 ევროთი; აშშ -ნიუ-იორკში მოქმედებს "ხმაურის შესახებ" კანონი (Nოისე ჩოდე), რომლის თანახმადაც გადაჭარბებული ხმაურისთვის პირველ ჯერზე 250 დოლარით ჯარიმდებიან, გამეორებისას -500 დოლარით, მესამე ჯერზე -750-ით, ხოლო მეოთხე ჯერზე -1 000 დოლარით;

რუსეთში -ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობა -340 ევრო, თანამდებობის პირებისთვის -მინიმალური ხელფასის ოცმაგი ოდენობა -3 400 ევრო, ხოლო ორგანიზაციებისთვის მინიმალური ხელფასის 50 ოდენობა -8 500 ევრო.

ეკა სალაღაია