"ოთარაანთ ქვრივი" - "ბლანკოს ქვრივი" ჰგონიათ - კვირის პალიტრა

"ოთარაანთ ქვრივი" - "ბლანკოს ქვრივი" ჰგონიათ

"ამ ბარათის მოწერა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიების - "ვაკუუმი ბრწყინვალე ტვინების ქვეყანაში" და "პირველი კლასიდან ბავშვების კომპიუტერიზაცია" გამო გადავწყვიტე.

უკვე 50 წელია სკოლაში ვმუშაობ.

სწავლის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე რომ სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი მოგვაწოდეს და არჩევანი გვთხოვეს, - რომელს აირჩევთო, - გაოგნებული დავრჩი. რის მიხედვით მთხოვდნენ არჩევანს, წიგნი გადაშლილიც არ მქონდა, ე.ი. ავტორთა გვარ-სახელების მიხედვით? წიგნზე წარწერა შენარჩუნებული კი იყო - "დედა ენა", მაგრამ "დედა ენა" ხომ მხოლოდ გოგებაშვილისეულია,  სხვა ავტორები რატომ აძლევენ იმავე სახელწოდებას?  "ვეფხისტყაოსანს" რომელიმე წიგნს დავაწერთ, თუკი მას სრულიად განსხვავებული შინაარსი ექნება?! ამიტომაც არ მესმის, ახალ სახელმძღვანელოებს "დედა ენა" რატომ უნდა ეწერებოდეს? ვის ვაყრით თვალში ნაცარს?!

რაც შეეხება სასკოლო სწავლების კომპიუტერიზაციას, ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ წიგნი მაინც წიგნია, პატარამ წერა-კითხვა ხომ უნდა ისწავლოს. ქართული ასოები დიდ ძალისხმევასა და სითბო-სიყვარულს მოითხოვს, თითოეული ასოს გამოყვანისას იმდენი უხილავი სითბოა ჩადებული, რაც ქართველს მშობლიური ენის შეყვარებაში ეხმარება. პირველკლასელისთვის კომპიუტერით განათლების მიცემა მასში ბევრ ძვირფას და აუცილებელ უნარს ჩაკლავს.

ეს უნიჭოდ და გაუაზრებლად შედგენილი სატელევიზიო გადაცემები ხომ ეროვნული და ტრადიციული სულიერების ამოსაშანთად, გონების დასაბინდად არის გამიზნული. ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა კლასში: რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით გადიოდა ლათინურამერიკული ტელესერიალი "ბლანკოს ქვრივი".

პირველკლასელებთან ილია ჭავჭავაძე ვახსენე და კარგად რომ მიმეხვედრებინა ვის შესახებ ვესაუბრებოდი, კინოფილმი - "ოთარაანთ ქვრივი" გავიხსენე - ეს კინო ილიას ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი-მეთქი. ერთმა გოგონამ გამაჩერა და მითხრა, - შეგეშალათ, მასწავლებელო, ეგ ოთარაანთ ქვრივი კი არა, ბლანკოს ქვრივიაო. სიტყვები პირზე შემეყინა, უცებ წამერთვა ყველაფრის ხალისი და კარგა ხანს თითქოს დავმუნჯდი. აი, საითკენ არის კურსი აღებული. ამ ყველაფრით ხომ ჩვენს მომავალ თაობაში ტრადიციულს, ქართულსა და ძირძველს ვძირკვავთ.

აუცილებელია უცხო ენების, კომპიუტერის ცოდნაც, მაგრამ მოზარდის სული და ეროვნული ცნობიერება მიმბაძველობით არ უნდა დავამახინჯოთ. თორემ გავა კიდევ სულ რაღაც 10 წელი და თუ ისევ ამგვარი ქაოსი იქნება განათლების სისტემაში, ერი კატასტროფულ შედეგს მიიღებს.

ლილი მურთაზაშვილი,

ალვანი