იმედის შვიდი ჩაუქრობელი ლამპარი - კვირის პალიტრა

იმედის შვიდი ჩაუქრობელი ლამპარი

"ახალმოსახლეები კი ვართ, მაგრამ უცხოტომელები - არა. ბავშვები რამეს დააშავებენ თუ არა, ზოგიერთი გულმოსული გვეუბნება, საიდანაც მოსულხართ, იქ წადითო. ცოტა ხნის წინ სახედარი ვიყიდეთ, გვიჩივლეს და სოციალური დახმარება შეგვიჩერეს, საწყენია ასეთი დამოკიდებულება. ვცდილობ, ყველასთან კეთილი მეზობლობა მაკავშირებდეს, შვილებსაც ამას ვუნერგავ"

ივანე კალანდია და სუსანა ხაჩატურიანი საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში 7 ვაჟს ზრდიან. წლების წინ სიყვარულით დაქორწინებულებს ძალიან გაუჭირდათ ცხოვრება, ივანეს მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა და ოჯახს თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდა თავი, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ქველმოქმედმა ადამიანებმა სოფლად სახლი შეუძინეს და ოჯახმა ცოტა ამოისუნთქა. მანამდე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილებთან ერთად დედაქალაქში ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიოდა.

სუსანა: - ძალიან რომ გაგვიჭირდა, უფროს ბიჭებთან, დავითსა და დიმიტრისთან ერთად ბავშვთა სახლის ხშირი სტუმარი გავხდი. დირექტორმა იცოდა, რომ სახლი არ გვქონდა და ერთ დღესაც მითხრა, იქნებ მოვძებნო ადამიანები, რომლებიც თქვენს პრობლემას მოაგვარებენო. ვერასდროს დავივიწყებ მის სიკეთეს. მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთი ორგანიზაციიდან გვეწვივნენ, რამდენიმე თვის შემდეგ კი დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საცხოვრებლად სახლი მოგვეძებნა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, დავრწმუნდით, რომ კარიდან კარზე სიარულს ბოლო მოეღო. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, საბოლოოდ არჩევანი ამ ლამაზ სოფელზე შევაჩერეთ. მართალია, სახლი სარემონტოა, მაგრამ ფართობით დიდია, ორსართულიანია და თავისუფლად ვეტევით. ავეჯითაც და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთითაც თანდათან მოგვამარაგეს, გარკვეული თანხაც ჩაგვირიცხეს.

ივანე: - გადარიცხული თანხით გადავწყვიტეთ სახლში წყალი შემოგვეყვანა, სათავე სოფლის ზემოთ, ტყეშია, ჩემმა წყლის მილმა სამეზობლოს ნაკვეთებზე გამოიარა. გაგვაფრთხილეს, წყალი სოფლისთვისაც გაგვენაწილებინა, დევი ხომ არ ვიყავი, მეზობლისთვის წყალი დამეჭირა, რომც არ მიეღოთ მონაწილეობა წყლის გამოყვანაში. როცა სათავეში წყალი იკლებს, მხოლოდ მაშინ გვიკეტავენ, სხვა დროს, მადლობა ღმერთს, გვაქვს.

ახალმოსახლეები კი ვართ, მაგრამ უცხოტომელები - არა. ბავშვები რამეს დააშავებენ თუ არა, ზოგიერთი გულმოსული გვეუბნება, საიდანაც მოსულხართ, იქ წადითო. ცოტა ხნის წინ სახედარი ვიყიდეთ, გვიჩივლეს და სოციალური დახმარება შეგვიჩერეს, საწყენია ასეთი დამოკიდებულება. ვცდილობ, ყველასთან კეთილი მეზობლობა მაკავშირებდეს, შვილებსაც ამას ვუნერგავ,

გაიზრდებიან, ონავრობას მოიშლიან და სოფელსაც გამოადგებიან. მადლობა ღმერთს, სოციალური აგენტი და თელავიდან შესამოწმებლად ჩამოსული კომისიის წევრები ღვთისნიერი ადამიანები გამოდგნენ და დახმარება აღგვიდგინეს.

სუსანა: - მეუღლე კალატოზია, ზოგჯერ ახლომახლო სოფლებში მუშაობს. ეს რომ არა, უფრო გაგვიჭირდებოდა, ბიჭები იზრდებიან და მეტი უნდათ. ეზოს პატარა ნაკვეთი ეკვრის, იქ ბოსტნეული მოგვყვავს.

ყველაზე მეტად შვილების ჯანმრთელობას ვაქცევ ყურადღებას, ამის გამო თბილისში ხშირად ჩავდივარ.

ორი თვის წინათ ცუდად გავხდი, აქ დიაგნოზის დასმა გაუჭირდათ და იძულებული ვიყავი, დედაქალაქში წავსულიყავი. კლინიკაში ექიმთან რომ შევედი, ერთი ბავშვი მოსაცდელში დავტოვე, მეორესთან ერთად კი ექიმთან შევედი. როგორც მოგვიანებით გავიგე, რიგს მეუღლესთან ერთად ცნობილი მომღერალი ელოდებოდა. ჩემს შვილს გამოლაპარაკებია, ჩვენი ამბავი რომ შეუტყვია, ტელეფონი ამოუღია და უჩუქებია.

- ბიჭებზე მოგვიყევით?

- უფროსი გიორგი 16 წლისაა, რამდენიმე დღის წინ ფეხი იღრძო, კიკბოქსინგში ვარჯიშობს და საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია. უამრავი მედალი და დიპლომი აქვს. ორი წლის წინათ სახლში არ ვიყავით და მედლები მოგვპარეს, მიუხედავად ამისა, ათეულობით დარჩა. კოლეჯიც დაამთავრა ელექტროტექნიკოსის სპეციალობით. მიუხედავად სპორტული წარმატებისა და ფედერაციის პრეზიდენტის უანგარო თანადგომისა, სპონსორის მოძიება ჭირს. ამიტომ ფიქრობს, შესაფერისი სამსახური მოძებნოს. ჩვენც გვიხარია, მალე ისიც მოგვეხმარება ოჯახის რჩენაში.

დიტო 14 წლისაა, მომავალი მეურნეა, შინაური ცხოველები უყვარს, ის პატრონობს ვირსაც და პატარა ფერმის მოწყობასაც გეგმავს. სახლში ცოტაოდენი კრუხ-წიწილა გავიჩინეთ და მას ჩავაბარეთ.

შუათანა, გიორგი, 12 წლისაა, ხელსაქმეში გვეხმარება, ჩვენი სახედრისთვის წყალს და ტყიდან ფიჩხს ეგ ეზიდება. ილია მხოლოდ 10 წლისაა, მიუხედავად ამისა, სტიქარი აცვია და სოფელში მღვდელს საეკლესიო მსახურების აღსრულებაში ეხმარება.

8 წლის მიხეილს უამრავი წარჩინების დიპლომი აქვს და მშენებელ-ინჟინრობაზე ოცნებობს.

5 წლის ირაკლი და 2 წლის მათე, ჯერჯერობით მხოლოდ თამაშით იქცევენ თავს. ნაბოლარას თანდაყოლილი თირკმლის კისტა აღმოაჩნდა. მათეს გამოკვლევასა და მკურნალობაში სამ თვეში ერთხელ 400 ლარი სჭირდება. წამალი, რომელსაც იღებს, დეფიციტურია, ამიტომ ფარმაცევტები აფთიაქიდან თავად გვირეკავენ, რომ წამალი შევიძინოთ, სანამ მარაგში აქვთ, უჩვენოდ არ ყიდიან, ზრუნავენ ჩვენზე.

მალე ბიჭები წამოგვეზრდებიან, ერთმანეთს გვერდში ამოუდგებიან და წელში გავიმართებით, - ამბობს დიდი ოჯახის დიასახლისი."

ვემშვიდობები კალანდიების ოჯახს, ბიჭები ეზოს კარამდე მაცილებენ, თვალებში ყველას იმედის ლამპარი უკიაფებთ - იმედის შვიდი ჩაუქრობელი ლამპარი.

კახა მჭედლიშვილი