"ასე მგონია, მოვა და მეტყვის, ნახე, დედა, ჩვენი თუთები რამხელა გაიზარდაო" - კვირის პალიტრა

"ასე მგონია, მოვა და მეტყვის, ნახე, დედა, ჩვენი თუთები რამხელა გაიზარდაო"

"მე ამ ბაღში გაშენებული თუთები მაცოცხლებს, - ყველა გათენებისას რომ არ ვუცქერდე, ალბათ, დიდი ხანია აღარ ვიქნებოდი. ისინი ჩემს ერთადერთ ბიჭს მაგონებს, სწორედ მან დარგო პატარა ხელებით"

ქალბატონ ციალა ქუშიტაშვილის წერილში მოთხრობილი ამბავი, შესაძლოა, წარმოუდგენლად არავის ეჩვენოს. მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, ამ თემას ბოლომდე მივყოლოდით. თუნდაც იმიტომ, რომ ამ წერილის ავტორი ქვეყანას მხოლოდ პედაგოგობით კი არ ემსახურა, არამედ ერთადერთი ვაჟიც შესწირა.

"ვაჟა ფშაველას პროსპექტის V კვარტალში, ჩვენი ეზო ქალაქის მტვერსა და ბუღში ედემის ბაღივით რომ გამოირჩევა, იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც აქ 54 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. იმხანად აქ მხოლოდ ტრიალი მინდორი იყო, სახელმწიფომ ერთი დიდი ნაკვეთი გამოგვიყო, თავად გაამწვანეთ და მოუარეთო. ვიყიდეთ კვიპაროსების, ალვების, ბროწეულის, ატმის, თუთისა თუ კომშის ნერგები და მათ დარგვაში შვილები დავიხმარეთ. მხოლოდ დარგვა ხომ არ არის საქმე: ნერგს მოვლა-გახარებისთვის დიდი შრომა სჭირდება. დღეს რომ ჩვენს ეზოებში ულამაზესი ბაღი შრიალებს, სწორედ ჩვენი შრომის დამსახურებაა. სხვა თუ ამ ბაღით მხოლოდ ხარობს, მე ამ ბაღში გაშენებული თუთები მაცოცხლებს, - ყველა გათენებისას რომ არ ვუცქერდე, ალბათ, დიდი ხანია აღარ ვიქნებოდი. ისინი ჩემს ერთადერთ ბიჭს მაგონებს, სწორედ მან დარგო პატარა ხელებით. ის დღეს აღარ მყავს, Iარც ცოლი დარჩენია და არც შვილი. 1991 წელს წავიდა სამაჩაბლოსთვის ბრძოლაში და უკან აღარ დამიბრუნდა. ქალიშვილიც მყავს, მაგრამ ვაჟს განსაკუთრებით ვთხოვდი ყველა ნერგის მიხედვას. ვფიქრობდი, ვაჟმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ნერგის დარგვითა და შვილის გაჩენით კაცი მომავალს ამაგრებს-მეთქი. თუთა ტკბილი დადგა, ჩემი შვილი კი ქვეყნისთვის სასახელო.

როცა თუთა მწიფს და ბავშვები ჟივილ-ხივილით ესევიან, მათ შემყურეს ჩემი შვილის ბავშვობა მახსენდება. მავიწყდება და ზოგჯერ ჩემი შვილი ცოცხალი მგონია. მგონია მოვა და მეტყვის, ნახე, დედა ჩვენი თუთები რამხელა გაიზარდაო, მაგრამ რომ გამოვფხიზლდები, გული მწარედ შემეკუმშება.

ეზოში ახალი მობინადრეები მოვიდნენ და მხოლოდ თუთებს კი არა, მთელ ბაღს უთვალთვალებენ გადასაჩეხად,…თანაც მხოლოდ იმისთვის, რომ მანქანები კომფორტულად დააყენონ, ანდა ხეებმა ფანჯრები არ დაუჩრდილოს.

2 წლის წინ კორპუსის თავმჯდომარემ ქალაქის მერიიდან მანქანა მოიყვანა, - ალვის ხეები კორპუსის ფანჯრებთან ახლოს არის, ქარის დროს შეიძლება ფანჯრები ჩაამტვრიოს, ამიტომ უნდა დავჭრათო. უძლურმა მოხუცმა წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, ამხანაგობის თავმჯდომარე ქალაქის მერიის დაქვემდებარებული პირია და ხის მოჭრას ვინ დაუშლიდა, როცა მერია დაიყენა გვერდით უკანონობის დასაკანონებლად. ასე მოჭრეს 7 უზარმაზარი ჯანმრთელი ალვის ხე.

ახლა კი თუთის ხეს მიადგა მორიგი მობინადრე, ოჯახში 3 ავტომობილი გვყავს, ამ თუთის ხის ქვეშ უნდა გავაჩეროთ და ნაყოფმა რომ არ დასვაროს, უნდა მოვჭრათო! ვუთხარი, არ დაგანებებთ, ეს ხეები ჩემი შვილის დარგულია და თუ მოჭრით, შვილს მეორეჯერ მომიკლავთ-მეთქი;

ასე რომ, იმ მომენტში ვერაფერს გახდნენ, მაგრამ მალე სხვა მეზობელი მომადგა, შენი შვილის დარგული თუთა ხმებაო. მართლაც, ხეს უკვე ფოთლები სცვიოდა. მივხვდი, ვიღაცას გასახმობი სითხე მიუსხამს! მაგრამ სასწაული მოხდა და ჩემმა თუთის ხემ მოწამვლა გადაიტანა, მხოლოდ ნახევარი ტოტები შეახმა, დანარჩენი კი ისევ გაცოცხლდა…და მეც ამოვისუნთქე. ის მეზობელი კი გავაფრთხილე, ვიცი, გასახმობად წამალი ხეს თქვენ მიასხით, გაფრთხილებთ, ეს აღარ გააკეთოთ, თორემ არ გაპატიებთ-მეთქი. მე მოხუცი და უძლური კი ვარ, მაგრამ ხეების განადგურებაზე ჩვენს ეზოში ბევრი დარდობს და მათთან ერთად ვიბრძოლებ. რედაქციას კი თხოვნით მოგმართავთ, გემუდარებით გვერდში დაგვიდექით, რომ ამ უკანონობასთან ბრძოლაში მარტო არ აღმოვჩნდეთ~.

წერილის წაკითხვის შემდეგ ქალბატონ ციალას შინ ვეწვიე, მოხუცს სიარული იმდენად უჭირს, რომ მხოლოდ აივნიდან დამანახა მისი ბინის წინ ნახევრად გამხმარი, მაგრამ სიცოცხლისთვის მებრძოლი შინმოუსვლელი შვილის დარგული თუთა.

ვისურვებდი, რომ ყველას ამ თუთასავით ებრძოლა სიცოცხლისთვის, მათ შორის იმ ოჯახსაც, რომელიც ომში დაღუპული ჯარისკაცის დარგული თუთის მოსაჭრელად იბრძვის! მართალია, ქვეყანა ხშირად ჩალით არის დახურული, მაგრამ ის ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც სიკეთესა და ბოროტების ბრძოლისას სიკეთის გვერდით დგებიან და ამარჯვებინებენ!

ეთერ ერაძე