"უმრავლესობა მარტოხელა დედაა და შვილებისა და მშობლების სარჩენად აკეთებს ამას" - საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკია - კვირის პალიტრა

"უმრავლესობა მარტოხელა დედაა და შვილებისა და მშობლების სარჩენად აკეთებს ამას" - საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკია

"საქართველოში საუნათა ნახევარზე მეტი ბორდელია"

სამედიცინო, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ "თანადგომის" მონაცემებით, დღეს საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკია.

არჩილ რეხვიაშვილი,"ცენტრის მენეჯერი: - პირველად 2014 წელს დავიქირავეთ ექსპერტი, რომელმაც ჯგუფთან ერთად იმუშავა და დაადგინა, რომ საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკი ქალია. მას შემდეგ საკუთარი ძალებით ვაკვირდებით, აღვრიცხავთ და ვეხმარებით... უმეტესობა ძირითადად თბილისსა და ბათუმში მუშაობს. ეს ცვლადი მონაცემია - დამოკიდებულია ტურისტების ნაკადსა და სეზონზე. ზაფხულში ბათუმი უფრო დატვირთულია, წელიწადის სხვა დროს - თბილისი.

6 ათასზე მეტ სექსმუშაკში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები და ასევე უცხოეთიდან - რუსეთიდან, უკრაინიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან და ა. შ. ჩამოსული ქალები; თუმცა, უმეტესობა ქართველია.

სექსმუშაკების უმეტესობას განათლება და სპეციალური უნარ-ჩვევები ნაკლებად აქვთ, ამიტომ კონკურენციას ვერ უწევენ სხვებს სამსახურის მოძიებაში და ერთადერთ გამოსავლად სექსმუშაკობა მიაჩნიათ. უმრავლესობა მარტოხელა დედაა და შვილებისა და მოხუცი მშობლების სარჩენად აკეთებს ამას.

- თქვენ იკვლევთ დაავადებებსაც. როგორი შედეგი გაქვთ?

- აივ-ინფექცია არ არის გავრცელებული, რაც ძალიან კარგია. სხვა ვენერიული დაავადებები, მაგალითად, სიფილისი, გონორეა საკმაოდ ხშირად გვხვდება. ამ დაავადებების მკურნალობა გართულებულია - ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი და უმთავრესი ალბათ ის არის, რომ ეს ადამიანები ამ პრობლემას ზერელედ უდგებიან, არადა, სიფილისი ერთ-ერთი საშინელი ინფექციაა.

- ამ ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ?

- მათი საქმიანობის კვალად, რა თქმა უნდა, პრობლემები აქვთ. დროდადრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაერევიან ხოლმე, სცემენ. ლანძღავენ - აქ ნუ დგახართ, გაეთრიეთო, თუ ვინმე შეეწინააღმდეგა ან შეეპასუხა, აჯარიმებენ. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას ემსახურება სამართალდამცავების ეს აქცია. ამით პროსტიტუციის შეზღუდვა არ ხდება, აქ იდგება თუ 100 მეტრის დაშორებით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საბოლოო ჯამში, ისინიც იმალებიან და ჩვენც გვიძნელდება მათთან ურთიერთობა.

- მათ შორის კლასიფიკაციები არსებობს, არა?

- რა თქმა უნდა. არის ქუჩის პროსტიტუცია, არის სპეციალური დაწესებულებები. საქართველოში საუნათა ნახევარზე მეტი ბორდელია. ამ ეგრეთ წოდებულ კლასიფიკაციებში შემოსავლები განსხვავებულია. ვინ დღეში 5-10 ლარს შოულობს, ვინ - ხუთასსაც კი. ზოგიერთი ქუჩაში მომუშავე ერთი ბოთლი არყისთვის ირჯება...

- კონტაქტზე ძნელად გამოდიან?

- თავიდან, წლების წინ, ეჭვით გვიყურებდნენ, პოლიციელი ან მოგზავნილი ხომ არა ხარო... ახლა უკვე გვიცნობენ. ყველა ადამიანს უხარია, მასზე რომ ზრუნავენ.

ეკა სალაღაია

"მშობელთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი შვილები პროსტიტუციით არიან დაკავებული"