"განა მუშაობა მეთაკილება, ასაკი მებრძვის, დავიღალე" - კვირის პალიტრა

"განა მუშაობა მეთაკილება, ასაკი მებრძვის, დავიღალე"

თბილისის ხვატსა და ბუღს მე და ჩემი ხუთი წლის შვილი ბაკურიანში გავექეცით. სიგრილე, დაბურული ტყე და ტყის ნაპირას, სიმწვანეში ჩამწკრივებული სახლები, რაც მთავარია, ბევრი მოღიმარი და მშვიდი ადამიანი - სხვა კიდევ რა უნდა ინატრო მთელი წლის მანძილზე დაგროვილი სტრესისა თუ დაღლილობისგან განსაკურნავად!

საოჯახო ტიპის პატარა სასტუმროში დავბინავდით, ვისადილეთ და საბავშვო პარკის გზას დავადექით - ჯერ ტყის ბილიკი ავიარეთ, მერე დაღმართზე დავეშვით და პარკის შუაგულში ამოვყავით თავი. დამსვენებელი ბევრია, პარკიც სუფთაა, როგორც ჩანს, დასუფთავების სამსახური კარგად მუშაობს, - გულში წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი, ნიკო გაიქცა და ხის სიახლოვეს გაშლილ მაგიდასთან შეჩერდა, ნაბიჯს ავუჩქარე, თუმცა სანამ მივუახლოვდი, საღებავები, ფუნჯი და პატარა თეთრი ქანდაკება უკვე წინ დაედო და მისთვის უჩვეულო სიდინჯით აფერადებდა. ნიკოს გვერდით თეთრ ქანდაკებას პატარა გოგონა აფერადებდა, კუთხეში კი ხანში შესული ქალი იჯდა, რომელსაც ისეთი წყლიანი თვალები ჰქონდა, გავიფიქრე, ალბათ, როგორც კი წამწამებს დაახამხამებს, ცრემლებს ჩამოაყოლებს-მეთქი. რამდენიმე წამით მივაჩერდი კიდეც - დახმარება ხომ არ სჭირდება-მეთქი, მაგრამ ბავშვებს ისე მონდომებით უხსნიდა თაბაშირის ქანდაკებების გაფერადების წესებს, დავრწმუნდი, ნამტირალევი არ იყო, უბრალოდ, ლამაზი, ბუნებრივად წყლიანი და სიკეთით სავსე თვალები ჰქონდა. მეც იქვე სკამზე ჩამოვჯექი...

- წელს ყველაზე ცუდი სეზონი გვაქვს, - უცებ მომიბრუნდა ქალბატონი და დაამატა, - მე ნაზი ბებო ვარო. მე კი მეგონა, ბაკურიანელებს წელს ბევრი დამსვენებელი გყავდათ-მეთქი. თავი გააქნია, - სულ ათი დღეა, რაც ხალხი ამოვიდა. წინა წლებში დამსვენებელი მაის-ივნისში ამოდიოდა. თან, წელს დავაკვირდი, მშობლები ბავშვებს მაქსიმალურად არიდებენ თავს გასართობ ატრაქციონებს, რომ ნაკლები ფული დაეხარჯოთ. განა არ მესმის, ხალხს ფული აღარ აქვს, არადა, ჩვენ დამსვენებლებზე ვართ დამოკიდებულნი.

აქ ადგილებს ვქირაობთ, ათასი ლარი გადამახდევინეს და გამგეობას ყოველთვიურად დამატებით ქირასაც ვუხდი ამ მაგიდისთვის - ზემოთ"სულ არ ანაღვლებთ, რამდენი დამსვენებელი შემოვა პარკში ან ვახერხებთ თუ არა ყოველთვიურად ქირის გადასახადის მოგროვებას.

სხვა გამოსავალიც არ დამიტოვა ცხოვრებამ - 70 წლის ვარ, პენსიით თავს ვერ ვინახავ, იძულებული ვარ, საშოვარზე ვიფიქრო. ერთეულებისთვისაა ეს ქვეყანა. აგერ, ის კაცი უკვე მეხუთე სასტუმროს აშენებს, ასობით ხე აქვს მოჭრილი, მაგრამ ვინ რას ეტყვის - ინვესტიციას დებსო, გიპასუხებენ. თუ ბაკურიანი გაკაფეს, ვის რად სჭირდება მერე ეს ინვესტიცია? ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვინც სასტუმროებს აშენებს, მშენებლებიც თვითონ ამოჰყავს, იშვიათად ერთი-ორი აქაური დაასაქმონ... ახალგაზრდების უმრავლესობა საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობს, ჩემი ძმის შვილიშვილებიც კაპიკს კაპიკზე ადებენ, რომ ფული დააგროვონ და ევროპაში წავიდნენ. ჩემი შვილი კი არ დატოვებდა ბაკურიანს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს მეც არ ვიჯდებოდი აქ ლუკმაპურისთვის, ყველაფერს გააკეთებდა, რომ სიცოცხლის ბოლო წლები შიმშილის ზღვარზე არ გამეტარებინა. განა მუშაობა მეთაკილება, ასაკი მებრძვის, დავიღალე, - სიტყვა შეწყვიტა ნაზი ბებომ და ვიგრძენი, როგორ გაეჩხირა ყელში ბურთი.

ახლა რა უნდა ვუთხრა-მეთქი, - გულში ვეკითხებოდი ჩემს თავს და სიტყვას ვეძებდი, რომ საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა, თუმცა, სანამ ამას მოვახერხებდი, დამასწრო და გააგრძელა: - აფხაზეთის ომში ბაკურიანიდან ორი ბიჭი დაიღუპა, ერთი ჩემი 19 წლის შვილი, პაატა ბოძაშვილი. როგორც კი ომი დაიწყო, უნდა წავიდეო, მითხრა. ისე ჩავულაგე ბარგი, შეწინააღმდეგებაც ვერ გავუბედე, სჯეროდა, რომ სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, იქ მიდიოდა. პაატას დაღუპვის შემდეგ მეუღლეც დამეღუპა, მეორე შვილიც დამისნეულდა... ვიცი, რომ მალე წავალ" და ეს სიმშვიდეს მმატებს, მაგრამ ახალგაზრდები მებრალებიან ამ უსამართლო ქვეყანაში, რამდენი უნდა გადაიტანონ, არადა, ხომ ვხედავ, მათაც დაუსრულებელი და უშედეგო ომი მოუწევთ, - მიყვებოდა ნაზი ბებო და წყლიან თვალებში ცრემლი უდგებოდა. მინდოდა, მენუგეშებინა, რომ ტკივილი ცოტა ხნით მაინც შემემსუბუქებინა, მაგრამ ამასობაში შვილმა დამიძახა, - გავაფერადეო... ნაზი ბებოს ორი ლარი გადავუხადე და დავემშვიდობე.

პარკიდან გამოვედით და ისევ აღმართს ავუყევი, ნიკო რაღაცას მეტიტინებოდა, მაგრამ აზრს ვერ ვიგებდი, სიტყვები კარგად არ მესმოდა, ბრაზი მერეოდა - რატომ ვერ ვახერხებთ ომში დაღუპული, გმირი შვილების დედებს უზრუნველი სიბერე შევუქმნათ, რატომ უნდა უწევდეთ ლუკმაპურისთვის მთელი დღე ქუჩაში ყოფნა, რატომ-მეთქი... სასტუმროს კიბე მე და ნიკომ სწრაფად ავიარეთ. საბავშვო პარკში, ნაზი ბებოს ხვალ ისევ ვნახავთ...

რუსუდან შელია