ძია ამირანის უნიკალური პარკი - კვირის პალიტრა

ძია ამირანის უნიკალური პარკი

პარკში ყველგან ბანერებია, რომლებზეც ქართველი პოეტების ლექსების ამონარიდებია წარწერილი

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბაკურიანში, ამირანის პარკის გზა აუცილებლად იცის. ამირან გოგოლაძე ათეულობით წლებია, ტყე-პარკზე ზრუნავს.

- აქაურობა 50 წლის წინ უპატრონოდ იყო მიტოვებული. მეზობლებს შევთავაზე -შემოვღობოთ და მოვუაროთ-მეთქი. უარი მითხრეს. ბევრი დაბრკოლება გამოვიარე, რომ ეს ადგილი ისეთი ყოფილიყო, როგორსაც ხედავთ. ტყე დაახლოებით 30 ჰექტარია. ამ პარკს საკუთარი სახსრებით ვუვლი.პარკში 30 ჯიშის ნაძვია, უმეტესობა ჩემი ხელით დავრგე. ურმით თუ ზურგით, წვალებით მომქონდა ნერგები სხვადასხვა ადგილიდან. ყველაზე მხცოვანი ხე 5-საუკუნოვანია, შემდეგ 4 საუკუნის ხე მოდის -`ქორბუდა~. პარკში შეხვდებით ადგილობრივ კავკასიურ ნაძვებს, აზიურ დეკორატიული ჯიშისა და ევროპულ ნაძვებს. ტყის ზედა ნაწილში ნაძვნარია. ეს ტყე უხდება ასთმით, რაქიტით, ბრონქიტით დაავადებულებს, გარემო და სიმწვანე კი ნერვებს ამშვიდებს.

პარკში ყველგან ბანერებია, რომლებზეც ქართველი პოეტების ლექსების ამონარიდებია წარწერილი. აქ ბავშვები და მათი მშობლები მოდიან და მინდა, ყველა ეზიაროს ქართულ პოეზიას. ჩემს პარკში შემოსვლა უფასოა, ერთადერთი -რასაც დამთვალიერებლებისგან ვითხოვ, არ დაანაგვიანონ. ურნები მთელ ტყეშია დამონტაჟებული, მაგრამ ნაგავს მაინც ძირს ყრიან. სამწუხაროდ, უცხოელები მეტი სიფრთხილით ეპყრობიან აქაურობას, ვიდრე ქართველები.

ნინო წიფურია