გარდა ბაღდათისა, გიგანტური ცხოველების ნაშთები სოფელ მეორე სვირშიც იპოვეს... - სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

გარდა ბაღდათისა, გიგანტური ცხოველების ნაშთები სოფელ მეორე სვირშიც იპოვეს... - სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ

"გეოლოგებმა თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს, ახლა ჯერი პალეონტოლოგებზეა"

გასულ წელს გაზეთ "კვირის პალიტრის" მეშვეობით მთელმა საქართველომ შეიტყო უნიკალური აღმოჩენის ამბავი - ბიოლოგმა ნინო ბაზანოვამ ბაღდათში, ხანისწყლის ხეობაში, გიგანტური ცხოველების ნაშთები აღმოაჩინა. ეს დაედო საფუძვლად ბაღდათისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

კითხვა ბევრია, ვარაუდიც... ყველაფერს პასუხი მაშინ გაეცემა, როცა საქმეში მეცნიერთა ჯგუფი ჩაერთვება. ამ დრომდე მხოლოდ გეოლოგები სწავლობდნენ მასალებს... გარდა ბაღდათისა, გიგანტური ცხოველების ნაშთები სოფელ მეორე სვირშიც იპოვეს...

"კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი სტატიის შემდეგ ჩვენი მკითხველი დაუკავშირდა ნინო ბაზანოვას და სვირში მიიწვია. გამართლდა მისი ვარაუდი, იმერეთში მრავლად შეიძლება ზღვისა და ხმელეთის ცხოველების ნაშთების აღმოჩენა.

როგორც ირკვევა, იმერეთში უხსოვარ დროს ზღვა ყოფილა. ამ ვარაუდს ნინო ბაზანოვას უმყარებს სამი რელიეფი, ზღვის ცხოველების ნაშთები და მოლუსკები.

ვარაუდი ვარაუდად რომ არ დარჩეს, მალე მეცნიერთა ჯგუფი ჩაერთვება საქმეში.

განმარხებული ცხოველების ნაშთი აღმოაჩინა სოფელ მეორე სვირში მცხოვრებმა რეზო წაქაძემ, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.

ახალი აღმოჩენის შესახებ კვლავ ნინო ბაზანოვას დავუკავშირდით:

- "ბაღდათში, ხანისწყლის ხეობაში, კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე - სამ მეტრამდე სიგრძის თევზის ნაშთი. პირვანდელი სახე კარგად აქვს შენარჩუნებული. იოლი მისახვედრია, რომ აღმოჩენილი ნაშთები რომელიმე ცხოველის ფორმის ქვა კი არა, ნამდვილად ცხოველებია.

ამას წინათ სოფელ წითელხევიდან დამიკავშირდნენ, მდინარე კორისწყალში უპოვიათ ანალოგიური მასალა. თუმცა, მეტად ეროზირებულია. რაც შეეხება სვირის აღმოჩენას, იქ აწ გარდაცვლილი რეზო წაქაძის მიწვევით ჩავედი. მისი ნაპოვნი დიდი კუს ნაშთი აღმოჩნდა.

დიდხანს ვერ მოვახერხეთ მდინარიდან სხვა მასალის ამოღება, როგორც კი წყალმა დაიკლო და მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, დავიწყეთ მოძიება. ვიპოვეთ მოლუსკ ნაუტილუსის, ზღვისა და ხმელეთის კუების ნაირსახეობანი.

სვირში აღმოჩენილია უიშვიათესი და უნიკალური ლეპიდოსირენიც, ორმაგად მსუნთქავი თევზი. მსგავსი სამხრეთ კაროლინაშიც ნახეს ზღვის პირას. ამჟამად მას სანტა-ბარბარას უნივერსიტეტში იკვლევენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ჩაერთო ამ საქმეში და იმედია, ბევრი საინტერესო კვლევა ჩატარდება. არანაკლებ საინტერესო იქნება თერჯოლისა და ვანის შესწავლაც.

- ბაღდათის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ თუ გამოგეხმაურნენ სახელმწიფო ინსტიტუტები?

- 2016 წლის დეკემბერში წერილი მომივიდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან, რომ ჩემი აღმოჩენა ხანისწყლის ხეობაში ძალიან საინტერესოა გეოლოგიური და ტურისტული თვალსაზრისით.

როგორც გაირკვა, განცხადებას დანართად კიდევ 26 ფურცელი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჩემამდე მხოლოდ წერილი მოვიდა. მოვითხოვე ძირითადი მასალა, მაგრამ ჯერ არ მოუწვდიათ.

- არის თუ არა განსხვავება ბაღდათისა და სვირის მასალებს შორის?

- ბაღდათის მასალები მეტად ეროზირებულია, სვირისა უფრო მდგრადი. იქ აღმოჩენილ კუს ნაირსახეობებს ბაკანი, თავი და თვალები შენარჩუნებული აქვთ.

სვირში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ახლოს, განმარხებული დიდი კუს ნაშთია, ხალხი მასზე ჩამომჯდარი ელოდება ტრანსპორტს. არ იციან, რა არის... დასანანია, რომ ამ გიგანტურ განმარხებულ მასალებს საყოფაცხოვრებოდ იყენებენ: სკამებად, ხრეშად და ა.შ. იქნებ მუნიციპალიტეტმა შემოღობოს და გამაფრთხილებელი ნიშანი დადგას, რომ არავინ არაფერი დააზიანოს.

გაგვიმართლა და გაქვავებული მოლუსკებიც ვიპოვე. მასალების შესასწავლად აუცილებელია მეცნიერთა ჯგუფის, სპეციალისტების ჩართვა. ველოდებით გამოხმაურებას. გეოლოგებმა თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს, ახლა ჯერი პალეონტოლოგებზეა.

თორნიკე ყაჯრიშვილი