რა ბედი ელის ელიავას ბაზრობას? - კვირის პალიტრა

რა ბედი ელის ელიავას ბაზრობას?

"გეგმაში წარმოდგენილია ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ელიავას ბაზრობის კეთილმოწყობა. ჩვენ ვთავაზობთ სავაჭრო ცენტრის აგებას, სახურავზე რეკრეაციული ელემენტებით"

რამდენიმე დღის წინ შპს "მულტიტესტმა" გამოაქვეყნა ლაბორატორიული კვლევა, რომელიც იუწყება, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ნიადაგი დაბინძურებულია. კვლევის თანახმად, გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიულმა კვლევამ ცხადყო, რომ მიუხედავად მცენარისთვის შესათვისებელი საკვები ელემენტების დამაკმაყოფილებელი მონაცემებისა, გრუნტის შემადგენლობა (ნიადაგი 20%, ქვაღორღი 80%) არადამაკმაყოფილებელია მწვანე ნარგავობის გასაშენებლად.

კვლევის გასაჯაროებამდე რამდენიმე ხნით ადრე მერიის დაკვეთით მომზადდა თბილისის ახალი გენგეგმა, რომელიც ელიავას ბაზრობის ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციამ არაერთი კითხვა წარმოშვა, თუნდაც ვინ არის კვლევის ჩატარების დამკვეთი.

შპს "მულტიტესტი" საქართველოში 2004 წლიდან აშშ-ის ლიცენზიით მუშაობს. თბილისის მერი დავით ნარმანია შპს "მულიტესტის" კვლევას არ ენდობა: "მეეჭვება, ეს კვლევა და მისი შედეგი. მით უმეტეს, რომ არავის უნახავს კვლევა თავიდან ბოლომდე და ის, თუ რას ეყრდნობა. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი, თუ მივიღებდი.... თუმცა, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ სახურავებზე აკეთებენ მწვანე საფარს და არა მგონია, ელიავას ტერიტორიაზე შეუძლებელი იყოს".

ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები: "ბოტანიკური ბაღის ადგილას ჯერ კიდევ 300 წლის წინ აჰქონდათ მიწა ბაღის გასაშენებლად. ყველგან, სადაც რეკრეაციული ზონებია, ნაყოფიერი მიწა ხომ არ არის.

ელიავას ბაზრობის ტერიტორია ახლა არ ვარგა, მაგრამ მიწის შეტანით იოლად გაკეთდება მწვანე ზოლი. ალბათ, ვიღაცებს არ უნდათ, რომ იქ რეკრეაციული ზონა იყოს.

საცხოვრებლად იქაურობა ნამდვილად არ ვარგა, რადგან იქვე მტკვარი მოედინება და სინესტე ძალიან მაღალია. სამაგიეროდ, რეკრეაციული ზონის გასაშენებლად ძალიან კარგი ადგილია."

გოჩა გეთიაშვილი, "სენი", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი: "ის, რომ ეს ტერიტორია დაბინძურებული და ქვაღორღიანია, ბუნებრივია. დასკვნით ცხადი ხდება, რომ იმ ტერიტორიაზე არ არის გამწვანებისთვის საუკეთესო პირობები. თუ ერთიანი მწვანე რეკრეაციული ზონის შექმნაზეა ლაპარაკი, ამას მასშტაბური სამუშაოები დასჭირდება."

რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მულტიტესტის" კვლევის დამკვეთი ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციაა. ამის გასარკვევად ვცადეთ ბაზრობაზე მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციების რამდენიმე ხელმძღვანელს გავსაუბრებოდით, ზოგიერთმა კვლევის შესახებ არაფერი იცოდა. ერთ-ერთმა დირექტორმა, თეა აბულაძემ კი განგვიმარტა:

- "ელიავაზე 12 შპს ფუნქციონირებს. რომელიმეს თუნდაც დაეკვეთა, გაუგებარია, რატომ ატეხეს ამაზე ერთი ამბავი, მით უმეტეს, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ როგორ გალამაზდეს ტერიტორია.

რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქის მმართველობის ოფიციალური პირები, ასევე მესაკუთრეები, მეწარმეები. მიმდინარეობდა მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ იყოს ლამაზი სავაჭრო ცენტრი რეკრეაციული ჩანართებით, გასართობებით და ა.შ.

- გენგეგმის პროექტის თანახმად, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა გაკეთდესო, თქვენი თქმით კი გამოდის, რომ სავაჭრო ცენტრი მოეწყობა რეკრეაციული ჩანართებით?

- ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე იმდენი ბიზნესმენი მუშაობს, იმდენი თანხა შედის ბიუჯეტში, ვის რაში აწყობს ამბოხება არჩევნების წინ?! ჩვენ მივედით კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე, რომელშიც ყველას ინტერესი იქნება ჩადებული: მერიისა, თავისი პარკინგებით, სითი-ინსტიტუტისაც, მფლობელებისაც, რაც მთავარია, მოვაჭრეებისაც და მოსახლეობისაც.

ნუგზარ იმნაიშვილი, ელიავას ბაზრობაზე ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი: "სანამ ელიავას ბაზრობა გაიხსნებოდა, იქაურობა დაჭაობებული იყო, ვახუშტის ხიდამდე მხოლოდ საცალფეხო ხიდი გადიოდა. მოგვიანებით ეს ადგილი ნაგავსაყრელად აქციეს. ჭაობი რკინაბეტონის კონსტრუქციებით ამოავსეს და ზემოდან ნაგავი გადააყარეს. შარშან ჩვენ მერიაში ახალი გეგმა შევიტანეთ დასამტკიცებლად, მანამდე კი ამ ტერიტორიაზე ნიადაგის ანალიზი გავაკეთეთ, თუ სად რა ხე გაიხარებდა. ამისთვის დავუკვეთეთ ეს კვლევა და პასუხიც მივიღეთ. კვლევა გასაჯაროებლად არც გვინდოდა, ჩვენთვის იყო დაკვეთილი. რადგან დასკვნაში დაგვიწერეს, რომ გამწვანება ამ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო, ჩვენს გეგმაში გამწვანება სახურავებზე ავიტანეთ. გეგმაში წარმოდგენილია ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ელიავას ბაზრობის კეთილმოწყობა. ჩვენ ვთავაზობთ სავაჭრო ცენტრის აგებას, სახურავზე რეკრეაციული ელემენტებით.

- პასუხი არ მიგიღიათ?

- როგორც მერია ამბობს, სითი-ინსტიტუტის გეგმას ელოდებიან, რის შემდეგაც მერია გადაწყვეტს, სად რა უნდა გაკეთდეს და როგორ.

- სითი-ინსტიტუტს ხომ ჰქონდა გეგმა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გაშენებულიყო?

- ელიავას ბაზრობას 150 მესაკუთრე ჰყავს და ყველას ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ჩვენ სითი-ინსტიტუტს არ ვეთანხმებით და ვთავაზობთ ალტერნატიულ გეგმას, რომელიც ორივე მხარის ინტერესს ითვალისწინებს - შეიძლება ამ ტერიტორიაზე იყოს სავაჭრო ცენტრიც და რეკრეაციული ზონაც.

- ამ პროექტზე იყო საუბარი, როდესაც რამდენიმე დღის წინ ელიავას ბაზრობისა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა?

- დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ მესაკუთრეებმა უნდა შევიმუშაოთ ერთი გეგმა და მერე ვისაუბრებთ მომავალზე.

ეკა სალაღაია