"იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა..." - კვირის პალიტრა

"იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა..."

"მარლონ ბრანდოს ამსგავსებდნენ ფრანგები და ამაზე ლევანი სიცილით კვდებოდა"

მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა მეხსიერებას მარადიულ ჭაბუკად შემორჩა ლევან აბაშიძე - 29 წლის ულამაზესი ქართველი ვაჟკაცი, ქართული კინოსა და ქალაქის მშვენება. “ფრანგებმა მას ქართველი მარლონ ბრანდო უწოდეს, რაზეც ლევანი სიცილით კვდებოდა... "სულ ეჩქარებოდა, თითქოს სიცოცხლე უნდა მოესწრო", - იტყვის მერე ლევანის დედა.

გადასაღები მოედანი მიატოვა, აფხაზეთში მყოფ მეგობრებთან ჩავიდა და ზემო ეშერაში დაასრულა ერთი სიცოცხლე, მეორეს კი დღემდე აგრძელებს... ლევან აბაშიძის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი იხსენებს:

- ძალიან ცელქი იყო, ამავდროულად თბილი და მოსიყვარულე. ცუდად სწავლობდა, თუმცა ბევრს კითხულობდა. სულ შატალოებზე დარბოდა, მაგრამ მაინც საოცრად უყვარდათ მასწავლებლებს. ლევანი 1-ელ საშუალო სკოლაში სწავლობდა, დამრიგებელი მათემატიკის მასწავლებელი ჰყავდა. გამოცდამდე მისულა მასთან, მარო მასწავლებელო, უნდა გაკოცოთ, გამოგეთხოვოთო. გამოცდის მერე მნახე, ლევანო, უთქვამს. ამას კი უპასუხია, ვაითუ ცუდად ჩაგაბაროთ და ჩემთან გამომშვიდობება აღარ მოგინდეთო... ძალიან გულიანი იყო, ამავე დროს - ხიფათიანი. სულ ტრავმატოლოგიურში დავდიოდით - ხან ხელს იტეხდა, ხან - ფეხს. ერთხელ, ფეხი თაბაშირში ჰქონდა, ყავარჯნებით დადიოდა. ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ - ბიჭები ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და ლევანი კარში დგას ყავარჯნებით. ერთხელ მანქანა იქირავა, ბიჭებს დანაძლევებია, ორმოს გადავახტებიო და მანქანით შიგ ჩავარდა. ისიც დაამტვრია და ფეხიც მოიტეხა, ვინ იცის, მერამდენედ...

როცა გადაწყვიტა, სამსახიობოზე ჩაებარებინა, მიშა თუმანიშვილთან დაიწყო სიარული მოსამზადებელ კურსებზე, გატაცებით მუშაობდა... სკოლა რომ დაამთავრა, ბანკეტი ქალაქგარეთ გადაიხადეს. იქ მანქანა დაგორებულა, ლევანი გადამხტარა, ვიღაცები რომ გაერიდებინა მისთვის და ხელი მოიტეხა. დავურეკე მიშა თუმანიშვილს და ვუთხარი, გაგიჟდა - ძალიან უყვარდა ლევანი. თაბაშირით წავიდა გამოცდაზე. არ ვიცი, რა დაწერა, ეტიუდებიც გააკეთა მოტეხილი ხელით. მერე ლექსიც წაიკითხა. სხვათა შორის, არ უყვარდა ლექსის კითხვა. რატომღაც, მუხრან მაჭავარიანის“"შენ, სისხლო ჩემო" აირჩია... წაიკითხა რეზო ინანიშვილის პატარა მოთხრობაც, რომელსაც წინა დღეებში ერთად ვარჩევდით... მესამე კურსზე იყო, როცა მიშა თუმანიშვილმა მისცა პატარა როლი“"დონ ჟუანში". მეოთხე კურსზე არაჩვეულებრივად ითამაშა“სპექტაკლში "ჩვენი პატარა ქალაქი", თუმცა, მერე თუმანიშვილმა გამოაგდო და მართალიც იყო. ლევანს უცნაური ხასიათი ჰქონდა - ერთი და იმავე საქმის დიდხანს კეთება არ უყვარდა და ერთ დღესაც მიშას სპექტაკლი გაუცდინა, ის კი აბა, რას იზამდა? გული კი ძალიან დამწყდა...

ამის შემდეგ კინოში გადაინაცვლა. გიორგი შენგელაია“"ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას"”იღებდა და მიიწვია. ლევანი უკმაყოფილო იყო, ამბობდა, "ნაიგრიშები" მქონდა, ბუნებრივი არ ვარო. ფილმის გადაღება ძალიან თუ გაიჭიმებოდა, ბეზრდებოდა, თითქოს ეჩქარებოდა სიცოცხლე...

ჯერ ექიმობა უნდოდა, შემდეგ - მეხანძრეობა. ჩაიკოვსკის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იქვე იყო სახანძრო რაზმი და მათ რომ უყურებდა, ალბათ, მოსწონდა. უყვარდა ცხენით და მოტოციკლეტით სიარული. ჩვენს სახლში სულ მუსიკა იყო ჩართული. ლევანს "ბიტლზი", "ლედ ზეპელინი" და ჯო კოკერი უყვარდა განსაკუთრებით... სკოლას რომ ამთავრებდა, შინაურებს ჩამოგვიარა და გვკითხა, სკოლას რომ დავამთავრებ, კაპიკებს მომცემთო? რა თქმა უნდა, მოგცემთო, - ვუთხარით ყველამ... იყიდა ძველი "ზაპოროჟეცი". ისეთი ხმაურით შემოდიოდა ეზოში, ყველას ეღვიძებოდა და იყო ერთი ამბავი.

პირველი როლი 14 წლისამ ითამაშა ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". ლანას ქალიშვილი ნუცა და ლევანი მეგობრობდნენ და გოგონას უთქვამს დედისთვის, ამ ფილმში ლევანს თუ არ გადაიღებ, მეც არ ვითამაშებო. სინჯებზე რომ მიდიოდა, ღამე გამეღვიძა და ვხედავ, ლევანი ფანჯარაში იყურება. რატომ არ გძინავს-მეთქი. ვნერვიულობ, ნეტავ ხვალ როგორი ამინდი იქნებაო. ვფიქრობ, ამ როლმა განაპირობა მისი არჩევანიც.

ძალიან კრიტიკული იყო, როლებს ადვილად არ თანხმდებოდა. ამის გამო ბევრი გაუნაწყენდა. სცენარს ყოველთვის მე მაკითხებდა. თავისუფალი და თანამედროვე ტიპაჟები იზიდავდა. ყველაზე დიდი გატაცებით ფილმ "ანემიაზე" მუშაობდა. განსაკუთრებით ახლოს იყო ტატო კოტეტიშვილთან. მისი გარდაცვალების შემდეგ ტატოს დედას ჩანაწერები უნახავს, სადაც ტატო წერდა, "ლევანი იყო ჩემი ალტერ ეგოო.

ერთადერთი სცენარი, რომელიც ლევანმა არ წამაკითხა, იყო "არა, მეგობარო!" როცა ცოცხალი აღარ იყო, სცენარს ვათვალიერებდი და ვნახე, სადღაც ბოლოში ეწერა: "იქნებ უკან დაბრუნება ცუდის ნიშანია..." "ომში რომ მიდიოდა, უკან შემობრუნდა. მივაძახე, არ მობრუნდე-მეთქი და ხელი ჩაიქნია. წავიდა და წავიდა... 5 სექტემბერს წავიდა, 6-ში იქ იყო, 7-ში მოკლეს და 8-ში ჩამოასვენეს...

საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები - გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე - ლევანიც... ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა... (გაგრძელება)