"კარგი გვინდოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ცუდ შედეგამდე მივედით" - კვირის პალიტრა

"კარგი გვინდოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ცუდ შედეგამდე მივედით"

"არავის სჯერა, რომ ორგანიზატორები ფულს არ ვიპარავდით"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის ჩატარებაში შესაძლო ფინანსურ დარღვევებს სწავლობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ძიება ქონების მესაკუთრის ან მფლობელის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებაზეა აღძრული. ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. რაში დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი და აღიძვრება თუ არა ფესტივალის ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, "კვირის პალიტრა" GEM FEST-ის პროექტების მენეჯერს, ლაშა წურწუმიას დაუკავშირდა:

- დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში ყველა დარწმუნდება, რომ ფესტივალის საშუალებით"ფულის შოვნის იდეა არავის არასოდეს გასჩენია, პირიქით, მაქსიმალური ენთუზიაზმით ვმუშაობდით, რომ ფესტივალი წარმატებული ყოფილიყო და ანაკლია იბიცას მსგავს კურორტულ ზონად გადაგვექცია.

- თქვენ ენთუზიაზმზე ლაპარაკობთ, თუმცა, ფაქტია, წელს პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი გამოიყო, მაგრამ ეს სოლიდური თანხა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ორგანიზატორებს დავალიანება არ გქონოდათ. რატომ?

- პროექტზე 16 მილიონი სრულად დაიხარჯა, ეს თანხა პროექტს დასჭირდა როგორც არტისტების ჰონორარებისთვის, ისე პერსონალის ხელფასისა თუ ტრანსპორტირებისთვის. ამასთან, ტერიტორია ჩვენი დაფინანსებით მოეწყო. არავის სჯერა, რომ ორგანიზატორები ფულს არ ვიპარავდით.

საგამოძიებო სამსახურსაც აინტერესებს, რატომ იზარალა პროექტმა, მაგრამ მალე ყველა დარწმუნდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული შინ არავის წაუღია.

- რამდენია პროექტის დავალიანება?

- დღევანდელი მდგომარეობით, რვაასი ათასი ლარი, თუმცა, თანხა მეიჯარეებისგან ჩვენც უნდა მივიღოთ, დაახლოებით მილიონ ლარამდე აქვთ ჩვენი დავალიანება.

- მეიჯარეებს თქვენი დავალიანება, ბუნებრივია, ექნებათ, რადგან თავადაც აღიარებთ, რომ პროექტი ჩავარდა, ხალხი ფესტივალზე არ მოვიდა და ის მოლოდინი, რაც ორგანიზატორებმა კერძო ბიზნესს შეუქმენით, აბსოლუტურად ცრუ აღმოჩნდა.

- კარგი გვინდოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ცუდ შედეგამდე მივედით - ეს რეალობაა და ვაღიარებთ, მაგრამ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან არა გვაქვს. პირიქით, ვფიქრობ, გამოძიება სამოქალაქო დავას არ გასცდება, თანაც მზად ვართ, ყველა დაზარალებულს დავალიანება სრულად გადავუხადოთ.

ვიღაცამ თაღლითები გვიწოდა, მაგრამ გულწრფელად არ მესმის, ვინ რაში მოვატყუეთ?! ზოგიერთს იმედი ჰქონდა, რომ იმ შემოსავალს, რაც შარშან ერთ დღეში მიიღეს, წელს ერთ თვეში დააგროვებდნენ, მაგრამ ეს არ გამოვიდა.

- შარშანაც არ იყო პროექტი ფინანსურად წარმატებული და დაახლოებით ექვსასი ათასი ლარის დავალიანება მაშინაც დაგიგროვდათ. რატომ უნდა აფინანსებდეს წარუმატებელ პროექტს სახელმწიფო მილიონებით?

- დიახ, შარშანაც გვქონდა დავალიანება, მაგრამ ის სრულად დავფარეთ. ვფიქრობ, წელსაც განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, ნეგატიური საინფორმაციო ველი შეიქმნა და მედიის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით.

- საგამოძიებო სამსახური მილიონობით ხარჯის მიზანშეწონილობას სწავლობს და ეს თქვენთვის "განსაკუთრებული არაფერია?"

- "ჯემ ფესტი"" თბილისში ან ბათუმში რომ ჩაგვეტარებინა, ასეთი ფინანსური პრობლემების წინაშე არ დავდგებოდით. ფესტივალი ანაკლიაში ტარდება, სადაც ნორმალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები უნდა იყოს, რომ ტურისტს დარჩენა მოუნდეს. ჩვენ გვინდოდა, ჩამკვდარი რეგიონი გაგვეცოცხლებინა, ამიტომაც გავხადეთ ფესტივალი ერთთვიანი.

- თქვენ ფესტივალზე დახარჯული 16 მილიონი ლარი სამი წლის განმავლობაში ანაკლიის ადგილობრივ პრობლემებს რომ მოხმარებოდა, იქნებ მართლაც მოწესრიგებულიყო ინფრასტრუქტურა და სეზონზე მაინც ტერიტორია "ჩამკვდარი" არ ყოფილიყო.

- ჩვენც სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს. შესაძლოა, მენეჯმენტის პრობლემაც გვქონდა და ვერ გავთვალეთ, რომ ერთთვიანი ფესტივალის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო. მოვისმინე ბრალდება, თითქოს უცნობი მუსიკოსები ჩამოვიყვანეთ, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული ათი დიჯეიდან შვიდმა ანაკლიაში დაუკრა. მაპატიეთ, მაგრამ გრიგორი ლეპსსა თუ ალა პუგაჩოვას ვერ ჩამოვიყვანდით, რომ ვიღაცებისთვის ცნობილი ყოფილიყო - ელექტრონულ მუსიკას ვინც უსმენს, ყველა დამეთანხმება, რომ ანაკლიას მაღალი დონის დიჯეები ესტუმრნენ. სხვათა შორის,

ბევრი მსურველია, ვისაც "ჯემ ფესტის" ხელში ჩაგდება უნდა, ჭორად ბერაზეც კი ითქვა, მაგრამ არა მგონია, ეს სიმართლე იყოს.

- ანუ თქვენს ფინანსურ პრობლემებზე კითხვის ნიშნები ხელოვნურია და ის ბიზნესის წართმევის მიზნითაა გამოწვეული?

- ამის ნიშნები, ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა, არიან კომპანიები, რომლებსაც "ჯემ ფესტის" შეძენა უნდათ. ვინც ფესტივალს პირველივე წლიდან ადევნებს თვალს, ყველა აღიარებს, რომ სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვვითარდით. კომპანიებს კონკრეტულად ვერ დავასახელებ, თუმცა, ჩვენი მთავარი პირობაა, რომ ახალმა კომპანიამ ყველა დავალიანება სრულად დაფაროს.

- თუ "ჯემ ფესტს" სხვა კომპანია იყიდის, ის მაინც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. როგორია მოლაპარაკებების პირობები?

- შესაძლოა, დაფინანსების გარეშე "ჯემ ფესტმა" განაგრძოს სიცოცხლე, თუმცა, არა ანაკლიაში. თუ სახელმწიფო არ დაეხმარება პროექტს, ანაკლიაში დარჩენას აზრი არ ექნება. თუ სახელმწიფო მხარში ამოგვიდგება, საქმიანობას გავაგრძელებთ. თუ ჩათვლიან, რომ სამეგრელოსთვის არ არის სასარგებლო პროექტი და კომპანიებთან მოლაპარაკებაც არ შედგა, დამოუკიდებლად დავბინავდებით ან თბილისში, ან ბათუმში, სადაც მომხმარებლის პრობლემა ნამდვილად არ გვექნება.

- თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ნარკოსკანდალზე, რაც ფესტივალის კიდევ ერთ კრახად იქცა?

- 30 ათასი კაცი პანსიონატში რომ შეკრიბოთ, უბედური შემთხვევისგან იქაც არავინ იქნება დაზღვეული, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ელექტროფესტივალზე. ვწუხვართ ამ მოვლენების გამო, თუმცა,

როდესაც საზღვარი ვერ კონტროლდება და ნარკოტიკი ქვეყანაში მაინც შემოდის, ჩვენ როგორ გაგვეკონტროლებინა ორკილომეტრიანი ღობე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გადმომძვრალიყო, ან ნარკოტიკი სულაც სხვა ტერიტორიაზე მიეღო და ფესტივალზე შემოსულიყო.

- ანუ, შსს-მ ვერ იმუშავა ეფექტიანად?

- პოლიციამ ბრწყინვალედ იმუშავა, თუმცა, ნარკოტიკების ფესტივალის ორგანიზატორებთან დაკავშირება დიდი უსამართლობაა.

"ფესტივალის სუბსიდირება მთავარი შეცდომა"

მაია სიდამონიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი:

- ზოგადად, დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს ტურისტული მიმართულებით კონკრეტული პროგრამა არ გააჩნია, არ არის განსაზღვრული, რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. "ჯემ ფესტის" იდეაც თითქოს ტურისტების მოზიდვა იყო, თუმცა ფაქტია, არ გაამართლა, რადგან ორგანიზატორებმა თუ სახელმწიფომ ჩანასახშივე არასწორი გეზი აიღეს. ფაქტია, სახელმწიფოს არ აქვს სწორი პოლიტიკა ფესტივალებთან დაკავშირებით - პირველ რიგში, გასააზრებელია, რომ მსგავსი ღონისძიებები კომერციული პროექტია და მასში სახელმწიფოს სუბსიდირება მთავარი შეცდომაა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა არალოგიკურადაც ხდება და ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობასაც მინიმუმამდე ამცირებს. "ჯემ ფესტის" შემთხვევა კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მიდგომები რადიკალურად შეიცვალოს და ვითარების სიღრმისეული ანალიზი დაიწყოს.

რუსუდან შელია