დამწვარია 12 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი - ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად 800-ზე მეტი ადამიანი იბრძვის - კვირის პალიტრა

დამწვარია 12 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი - ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად 800-ზე მეტი ადამიანი იბრძვის

მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარი მძვინვარებს. სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა.ამ დროის მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება

როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა, გავრცელების ერთი კერა წაღვერისკენ, მეორე კი უშუალოდ ბორჯომის მიმართულებითაა.

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცახადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო. შესაბამისად, სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალის სახით ამ დროისთვის 800-მდე მეტი ადამიანი მუშაობს.

რაც შეეხება უშუალოდ ადგილზე არსებულ სიტუაციას, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა:

"პროცესშიჩართულია შსს-ს ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთი ვერტმფრენი, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უკეთესობა გვაქვს იმასთან შედარებით, რაც წუხელ გვქონდა. იმედს ვიტოვებ, რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ მოვახდინოთ ხანძრის ჯერ ლოკალიზება, შემდეგ ლიკვიდაცია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, "ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება "პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ხანძრის კერები არის უშუალოდ უღრან ტყეში".

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.

როგორც მან აღნიშნა, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება. "ველოდებით დახმარებას თურქეთიდან 2 ვერტმფრენის სახით. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

მისივე თქმით, ხანძრის ახალი კერების გაჩენის შედეგად ახალი ნარგავებიც დაიწვა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბორჯომის ხეობაში "ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა". მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონაში არსებული ვითარება ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა. კვირიკაშვილი სიტუაციას ინფსტრუქტურისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად გაეცნო.

ბორჯომის ხეობაში მოხალისეებიც ჩავიდნენ. მოხალისეთა ჯგუფი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც ხანძრის ნაკლები კერაა.

მისივე განმარტებით, ყველაზე მძიმე ერთი კერაა, რომელზეც მთელი ძალა იქნება მიმართული. "ხანძრის გავრცელების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუ ეს ქედი არ ჩავაქრეთ. თუ ეს ქედი ჩავაქრეთ, მწვავე ფაზას გადავივლით. მე მგონი, გავუმკლავდებით", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთანავე, გუშინ ღამე სოფელ დაბიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა, თუმცა ამ წუთში მათ სახლსაც არაფერი

ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა მთელი საქართველოდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით