"ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტყუილი" - ომში გაპარული 17 წლის გოგონას ამბავი - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტყუილი" - ომში გაპარული 17 წლის გოგონას ამბავი

"აფხაზეთის ომის დაწყებისას 17 წლის ვიყავი. მახსენდება ქუთაისის ცენტრალური მოედანი, სადაც ტყვიისფერი სახით დადიოდნენ სამოქალაქო და სამხედრო პირები. შუა აგვისტო იდგა და მაინც ყველას, დიდსა თუ პატარას, ძვალში გამჯდარი სიცივის შეგრძნება გვქონდა. იმ სამხედრო პირთაგან, ვინ იცის, რამდენი მშობლიურ კერას ვერ დაუბრუნდა, რამდენს სამუდამოდ დაუსახიჩრდა ფსიქიკა და სხეული, რამდენი დაგვრჩა დაუფასებელი და გულნატკენი..."

გასულ წელს გავიცანი ლია. ის ძალიან განსხვავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს: თუ ყველა მოქურუხებული სახით დავაბიჯებთ და ტოტალური უსიამოვნება გვახატია ხშირად სახეზე, ლიას კეთილი, ბავშვური ღიმილი დასთამაშებს, რომელიც უნებლიეთ გადაგედება და სასიამოვნო განწყობაზე გაყენებს.

ლია პათოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუშაობდა და გაზეთ "ქუთაისის" შტატგარეშე კორესპონდენტობასაც ითავსებდა. აფხაზეთის ომის დაწყებისას სურვილი გაუჩნდა, ცხელ წერტილში წასულიყო, მაგრამ მამას ვერ გაუმხილა, ამის საფუძველი მამის სიმკაცრე ან მოსალოდნელი უარი კი არა, მშობლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო: ლია 15 წლისა დაობლდა და მამამ იტვირთა შვილებისათვის მშობლის ორმაგი ვალდებულება.

"მამა თავისი ცხოვრებით ჩემთვის დედასთან გათანაბრებული იყო და ამით ყოველთვის ვამაყობდი. სწორედ ამიტომ ვერ "ვღალატობდი" მას", - ასე იხსენებს შვილი მამას.

სტატიის წაკითხვის მერე მკითხველი დარწმუნდება, რომ ლიაზე უფრო ლამაზად ბევრი ვერც მოგიყვებათ და ვერც გაიხსენებს აფხაზეთის ომის ამბებს, თან 14 აგვისტო ამ ომის დაწყების თარიღია...

ლია ხარაბაძე:

- 1992 წლის მიწურულს, გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა დამავალა დაჭრილი სამხედროს შესახებ წერილის მომზადება. ქუთაისის ე.წ. ავტოქარხნის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ჭრილობებს იშუშებდა 25 წლის კობა ლაგაზიძე, მას მეტსახელად თუში ერქვა. კობა ტყვიით მუცლის არეში იყო დაჭრილი.

"მე და გოჩა ყარყარაშვილი ჯარში ერთად ვმსახურობდით. ომში მისი სიკვდილი რომ გავიგე, სახლიდან გავიპარე. ახლა სოფელში ერთადერთი ანთებული ლამპარი, დედა მელოდება, ჩემი გაპარვის გამო ნაადრევად თვალის სინათლე დაკარგა, - ამოტივტივდა მეხსიერების ზედაპირზე პირველი შეხვედრისას ნათქვამი, - ერთ დღეს ყვარლის რაზმთან ერთად წავედი დავალებაზე. ერთადერთი გოგო, მანანა გვახლდა, რომელმაც მძიმედ დაჭრილი, 100 მეტრზე ზურგით მატარა. მერე იმავე რაზმის ხელმძღვანელი, ნოდარ ფრეწვაშვილი მომეხმარა. ოჩამჩირის საველე ჰოსპიტლის ჯონი ექიმმა გადმომიყვანა ქუთაისში, თბილისელ ბიჭთან ერთად, რომელსაც "რემბოს" ეძახდნენ".

კობას ქუთაისში ახლობელი და ნათესავი არავინ ჰყავდა. სიტყვაძუნწად მესაუბრა, თუ როგორ გადამალა ირაკლი ამირეჯიბის (მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის) ცხედარი, რომელიც უცხოელი ჟურნალისტების გადარჩენას შეეწირა.

1992 წლის 4 დეკემბერს, ადამიანის პათოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-საკვლევ ცენტრში, სადაც იმხანად ვმუშაობდი, ოჩამჩირის შეტაკების დროს დაღუპული ლეგიონერი მოასვენეს. გადმომსვენებლებს ვთხოვე, დაჭრილ მეომარს შეხვედროდნენ, - ეს კობას სურვილი იყო. დაღუპულის ძმაც წამოიმართა და გამომყვნენ. ეს ფრონტიდან ჩამოსული, ჭუჭყიანფარაჯიანი, იარაღასხმული ბიჭები დერეფანში ისეთი შემართებით მოაბიჯებდნენ, რომ მედმუშაკები მოწიწებით უთმობდნენ გზას და სითბოთი სავსე თვალებით შესცქეროდნენ. 333-ე პალატის კარი გავაღე. კობა იწვა და ნოდარ დუმბაძის წიგნს კითხულობდა.

- როგორ ხარ, გენაცვალე, ძმაო, - გადაეხვია ჯერ ერთი, მერე მეორე, - ალბათ იცნობს, გავიფიქრე და გამიხარდა. ამის მერე დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა:

- მე რა მიჭირს, თქვენ ხართ საკითხავი, როგორ ხართ?

- კარგად, კარგად! გუშინ შალვას სახელობის ოპერაცია ჩავატარეთ და ჩვენი მიწის ერთი მონაკვეთი გავათავისუფლეთ!

- იარაღი რომ მომცა, გავიპარებოდი...

- სად წახვალ, ჯერ უნდა გამოჯანმრთელდე!

- ომი რომ დამთავრდება, მერე?! - იკითხა კობამ დანანებით.

სულ რაღაც ათიოდე წუთი ისაუბრეს. - შენ რა გქვიაო, ერთმა მეორეს რომ ჰკითხა, ყელში მობჯენილმა ცრემლებმა გზა იპოვეს... შემრცხვა საკუთარი სისუსტის. მე ხომ არასოდეს მენახა ომი და გამიჭირდა მისით მიყენებული ტკივილებისთვის თვალის გასწორება. დამშვიდობებისას ავტომატის ტყვია სთხოვა კობამ, - რომ დავბრუნდები, პირველად ამ ტყვიას ვისვრიო.

5 დეკემბერს, საავადმყოფოში მისულს კობა ლაგაზიძე პალატაში აღარ დამხვდა - გაპარულიყო...

კობას, დაბადების დღისთვის, 13 თებერვლისთვის, საჩუქრად ჩემი საგაზეთო სტატია გავუგზავნე. ვიცოდი, რომ 6 თვის შემდეგ მეორე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ 4 თვის შემდეგ, 1993 წლის მარტში, ოჩამჩირეში იარაღასხმულს შევხვდებოდი ისევ. სამახსოვრო ფოტოს გადაღება მოისურვა, მაგრამ ფოტოატელიე უკვე დღის 4 საათზე დახურული დაგვხვდა. მაშინ მითხრა, რომ ჩემს წერილს დედამისი სათუთად ინახავდა. მერე იქვე ახლოს მცხოვრები დედაჩემის ბიძაშვილის ოჯახს ერთად ვესტუმრეთ და წავიხემსეთ. იმ დღეს თუშმა პირველად ჭამა ღომი და ძალიანაც მოეწონა.

1993 წლის მაისში, ახმეტის რაიონის სოფელ ალბანადან კობას დედის წერილი მომივიდა. ქალბატონი მარიამი მწერდა: "ქუთაისელებმა გადამირჩინეს შვილი. ამ სიკეთეში შენი ღვაწლიცაა, როგორც ადამიანის, ჟურნალისტის, მეგობრის... ჩემმა შვილმა იცის, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს. საამისოდ მას რწმენას მატებთ თქვენ, შენ და შენი კოლეგები, ლია ხარაბაძევ! ამ მადლს ჩემი შვილი ბრძოლით გადაიხდის. ჩემი ცრემლიანი ბარათი კი დედის გულის ძახილია, პასუხია ჭრილობებიანი ჯარისკაცის დედისა. მინდა ხმამაღლა გითხრა, თქვენნაირი ხალხი როცა ცხოვრობს ამ მეომრების გვერდით, მათი ბრძოლაც ღირს და სიცოცხლეც".

ამ სტრიქონებმა კიდევ ერთხელ მომცა ძალა, რომ აფხაზეთის ომში ისევ წავსულიყავი.

მე და კობა 17 წელი ვეძებდით ერთმანეთს, ვცდილობდით, გაგვეგო რაიმე ერთმანეთზე, თუმცა ამაოდ. 2009 წლის 12 იანვარი იყო.

"ოდნოკლასნიკებში" უნახავს ჩემი გვერდი მომხმარებელ კობა ლაგაზიძეს, 42 წლისას! მივწერე, იყო თუ არა თუში. პასუხმაც არ დააყოვნა: "ჰო, ლია, ზუსტად მიხვდი. ცოცხალი ვარ", - მივიღე პასუხად და ავტირდი. რამდენიმე წუთში ტელეფონითაც ვისაუბრეთ. გავიგე, რომ დედა რამდენიმე თვის წინ გარდასცვლია. გვიან, მაგრამ ოჯახიც შეუქმნია. მთხოვა, ყველა ექიმი, სანიტარი და ექთანი მომიკითხე, როცა შეხვდებიო. "შენ თუ გიპოვიდი, უკვე აღარ მეგონა. რამდენი სითბო და სიკეთე მახსოვს შენგან".

რომ არა თუშის საოცარი შემართება და თავგანწირვის ჟინი, ვერასოდეს გავიპარებოდი სახლიდან ომში, იმ დიდი ტკივილის, სითბოსა და სიყვარულის შესაგრძნობად, რომელსაც, როგორადაც უნდა მოინდომო, ვერასოდეს შეიგრძნობ მშვიდობიან ყოველდღიურობაში.

1993 წლის იანვარი იდგა. მამა უკვე პენსიაზე იყო და სოფელში აპირებდა წასვლას. არ უნდოდა, ტრადიციისთვის ეღალატა და საკუთარ კერაზე სურდა ძველით ახალ წელს შეხვედროდა. მეც ამ ფაქტით მინდოდა მესარგებლა და ომში წავსულიყავი. ამ წუთებისთვის თვეები ვემზადებოდი. გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში ცნობის ფურცელი ავიღე, რომ შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი.

13 იანვარს მამა სახლიდან ადრიანად გავიდა. ძმას ეძინა. მე პატარა ბარათი დავწერე: "მივდივარ იანეთში, დაბადების დღეზე. ჩამოვალ 3-4 დღეში. არ მიჯავროთ". იანეთში არც ნათესავი გვყავს და არც ნაცნობი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტყუილი. წლების შემდეგ, ადგილობრივ ტელევიზიაში აფხაზეთის თემაზე სასაუბროდ მიწვეულმა ვთქვი, რომ სახლიდან საკუთარი ბედნიერებისათვის ვერ გავიპარე, ომში კი წავედი და ცრემლებმა ხმა გამიბზარეს

სახლიდან გაპარული ქვიტირის გზაზე გავედი. უკვე ვიცოდი, რომ კოპიტნარის აეროპორტიდან სამხედრო ვერტმფრენებზე გაყოლის შანსიც მქონდა. არც ერთი გამვლელი მანქანა არ მიჩერებდა. მოულოდნელად, საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის გადამღები ჯგუფის წევრებმა, მერი მუსელიანმა და დათო მირზაშვილმა კოპიტნარამდე დამგზავრება შემომთავაზეს. მერი მუსელიანთან წლების მანძილზე ვმეგობრობდი. იმხანად იგი სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ქალაქსაც კარგად იცნობდა. ოპერატორი დათო კი უჩვეულოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. რომ არა მერის (იქნებ ზღვარს გადასული) სითამამე, იმ ერთადერთი სამხედრო ვერტმფრენით ვერც გავფრინდებოდით...

აფხაზეთში ჩასვლის მერე, ჩემ მიმართ, თანაუბნელი, იმხანად სოხუმის აეროპორტის კომენდანტი, ავთანდილ დეკანოიძე დიდ ყურადღებას იჩენდა. ვერტმფრენიდან გადმოსვლის შემდეგ ის იყო ჩვენი პირველი მასპინძელი სოხუმში. აეროპორტის სასადილოში მიგვიწვია. თანამშრომელი, რუსი ეროვნების ქალბატონი აწუწუნდა, უცხოების გამოსაკვებად არაფერს ვამზადებო. ვითომ ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ უკვე ვიგრძენი ომის გარემოში ყოფნა. ისევ მერის აქტიურობით აღმოვჩნდი ომიან სოხუმში, თუმცა, ქუთაისიდან წასულს ოჩამჩირეში ჩასვლა მსურდა, სადაც ქუთაისის 24-ე ბრიგადა იბრძოდა, რადგან რეპორტაჟის მომზადებას სწორედ მათზე ვაპირებდი.

შტაბში სამხედრო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელს, სოსო მარგიშვილს ვესტუმრეთ, თუმცა წინა პოზიციებზე მებრძოლებთან საახალწლო შეხვედრაზე უარი გვითხრა. არც მერე გავუნებივრებივართ ყურადღებით. იქ გავიგეთ, რომ პირველ ბატალიონზე 4-5 იანვარს შეტევა განხორციელდა. ჰყავდათ დაღუპულები და დაჭრილები. ღამის გასათევად სასტუმრო "თბილისის" შენობისკენ გავეშურეთ. ძნელი იყო უკუნ სიბნელეში გზის გაკვლევა, მაგრამ მაინც მივადექით დანიშნულების ადგილს. სასტუმროში პირველად ჯოკია (ჯუმბერ) გასვიანს შევხვდით. ის გუდაუთის რაიონის, სოფელ ოთხარას მცხოვრები გახლდათ. ბრგე მოხუცის თვალებში ტკივილი და სევდა ჩანდა - უსაზღვროდ აწუხებდა 29 სექტემბერს უგზო-უკვლოდ დაკარგული ვაჟიშვილის, ჯეირანისა და ძმისწულების, ჯონი და ჯემალ გასვიანების ბედი. იმ დღეებში დისშვილი დაღუპვია და, აბა, რა გაუხსნიდა ტკივილისაგან შეჭმუხნილ წარბებს? (გაგრძელება)