"შვეულმფრენებს მუშაობა უჭირთ, ჩაქრობილ კერებს ქარი ხელახლა ანთებს... 2 საათის წინ ცოტათი გაწვიმდა" - კვირის პალიტრა

"შვეულმფრენებს მუშაობა უჭირთ, ჩაქრობილ კერებს ქარი ხელახლა ანთებს... 2 საათის წინ ცოტათი გაწვიმდა"

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება.

ფოტოგალერეა

სტიქიის ზონაში იმყოფება ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი, ჩვენ მას დავუკავშირდით:

"დღეს დილიდან აქ ვართ, შვეულმფრენებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ, აქვე, მდინარიდან იღებენ წყალს და ცეცხლის კერებს ასხამენ, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ქარი. შუადღის შემდეგ ამოვარდა და შეიძლება ითქვას, ქარი მართავს ყველაფერს, ხან თვითონ აქრობს, მერე უცბათ აალდება. გუშინდელ დღესთან შედარებით, ახლა უფრო სტაბილური ვითარებაა, თუმცა კვლავაც ბევრგან ჩანს ცეცხლი.

2 საათის წინ ცოტათი გაწვიმდა, გახარებულები ცას ვუყრებდით, მაგრამ გადაიღო... წვიმას კიდევ ველოდებით. ჩემი აზრით, ხანძრის ჩაქრობის ყველაზე რეალური ვარიანტი არის ამინდი, ანუ წვიმამ შეიძლება ჩააქროს, თორემ ავიაციის მოქმედება ლოკალურია, შვეულმფრენებს მუშაობა უჭირთ, ჩაქრობილ კერებს ქარი ხელახლა ანთებს.

ახლაც, ჩემს თვალწინ შვეულმფრენმა წყალი დაასხა ერთ-ერთ ცეცხლის კერას, თითქოს ჩააქრო, მაგრამ ისევ ვხედავ ცეცხლის ალს. 6 შვეულმფრენი მუშაობს... თურქეთიდან წამოსულმა თვითმფრინავმა რადენიმე გაფრენა განახორციელა. ზუსტად ახლა, ჩემს თვალწინ შვეულმფრენი ასხავს წყალს, დაველოდოთ თუ უშველის.. აი, ცეცხლის კერას მოხვდა, ახლა ჩააქრო, შვეულმფრენმა ზუსტად მოარტყა მთის მწვერვალზე ცეცხლის წყაროს, პირველმა დასხმამ ნაწილობრივ ჩააქრო, თუ ქარმა ისევ არ ააალა კარგი იქნება, წესით ჩააქრობს... "

იხილეთ ასევე: "ეს რომ დივერსიაა, შეიძლება ორი მიზეზის გამო ვიფიქროთ..."

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)