ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 1000-ზე მეტი სამხედრო ჩაერთო - კვირის პალიტრა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 1000-ზე მეტი სამხედრო ჩაერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ბორჯომის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებში 1000-ზე მეტი სამხედრო ჩაერთო.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპისთვის გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან და დადგა იმის საჭიროება, რომ სამუშაოებში ორგანიზებული ცოცხალი ძალა ჩაერთოს.

ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ის ძალები, რომლებიც სამუშაოებს აქამდე ახორციელებდნენ, მუშაობას კვლავ გააგრძელებენ. პრემიერმა შეაჯამა განვლილი დღეები და აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციის გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა. ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყვანის, ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი - 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობიდან. ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას ისინი, ვინც აქამდე მუშაობდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ცოცხალი ძალა ორად არის გაყოფილი. პრემიერის ინფორმაციით, ერთი ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსდება საჯარისო ნაწილები.

დილიდან მუშაოება განაახლეს ვერტმფრენებმა. ადგილზე კვლავ 2 ქართული, 2 თურქული, 1 აზერბაიჯანული და1 ბელორუსული ვერტმფრენი მუშაობს. საქართველოში რჩება ასევე თურქული თვითმფრინავი, რომელიც ასევე ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს.

ვითარება კვლავ რთულია. ქარის გამო იმ კერების ნაწილიც თავიდან ააალდა, რომლის ლოკალიზებაც მეხანძრეებმა მოახერხეს.

იხილეთ ასევე: "დარწმუნებული ვარი იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს, ღირსეულად უპასუხებთ"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით