ერთწლიანი პირობითი პატიმრობა ბაყაყების დაჭერისთვის - უიღბლო ჩინელი მეთევზის გურული თავგადასავალი - კვირის პალიტრა

ერთწლიანი პირობითი პატიმრობა ბაყაყების დაჭერისთვის - უიღბლო ჩინელი მეთევზის გურული თავგადასავალი

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბრალდებული აკრძალულ ზონაში თევზს კი არა, ბაყაყს იჭერდა და ჩინელ მეთევზეს უკანონო თევზაობისთვის ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა

ცოტა ხნის წინ ლანჩხუთში, მდინარე სუფსაზე თევზაობისას 63 წლის ჩინელ იან ხუან გის გარემოს დაცვის პოლიცია დაადგა თავზე. დაკავებული ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის მუშა აღმოჩნდა. აქეთ ჩინელი დაიბნა, იქით პოლიციის თანამშრომლები შავ დღეში ჩაცვივდნენ - აღარ იცოდნენ, როგორ გაეგებინებინათ უცხოელისთვის რას აშავებდა - მან თავისი ჩინურის გარდა, არც ერთი ენა არ იცოდა. პოლიციელებმა ბოლოს ანკესი, მასზე მიმაგრებული ბადეხლართი და ცარიელი ჩანთა ჩამოართვეს და განყოფილებაში წააბრძანეს. როგორც იქნა, ორი თარჯიმანიც იშოვეს - ერთი ჩინელის საუბარს ჩინურიდან რუსულად თარგმნიდა, მეორე - რუსულიდან ქართულად.

მდინარე სუფსაში თევზაობა აკრძალულია - თევზის ნაკლებობის გამო მხოლოდ სპორტულ-სამოყვარულო თევზაობაა დაშვებული - ჩინელი კი მდინარეში... ბაყაყებს ბადეხლართით იჭერდა! ასე რომ, ხუან გიმ ბევრი ამტკიცა, - არ ვიცოდი, ამ მდინარეში ბაყაყის დაჭერა თუ არ შეიძლებოდაო, მაგრამ კანონთან ვერაფერს გახდა და ადვოკატი დაიქირავა. საქმე პროკურატურას გადაეცა...

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბრალდებული აკრძალულ ზონაში თევზს კი არა, ბაყაყს იჭერდა და უიღბლო მეთევზეს უკანონო თევზაობისთვის მიუსაჯა - ან სოლიდური ჯარიმა გადაიხადე, ან ერთწლიანი პირობითი პატიმრობა გელისო. მსჯავრდადებულმა ფულის გადახდას ერთი წლით პირობითი პატიმრობა არჩია - მსჯავრდადებული თვეში ერთხელ ლანჩხუთის პოლიციაში უნდა გამოცხადდეს და ხელისმოწერით დაადასტუროს, რომ საქართველოდან გაქცევას არ აპირებს.

ავი ენების თქმით, ბაყაყებზე მოთევზავე ჩინელს გურულებმა უჩივლეს - თავად უსახსროდ არიან და მათ მიწა-წყალზე გამავალ ავტობანზე დასაქმებული ჩინელები სოლიდურ გასამრჯელოს იღებენო. თუმცა იქაურები იფიცებიან, - ეს სიცრუეა, ჩვენში არავინ ისე არ დამდაბლდება, რომ კაცს უჩივლოს, შენ მაძღარი რატომ ხარ, მე კი მშიერიო.

ლანჩხუთელმა ზენადი ჩხარტიშვილმა გვითხრა:

- ანკესით მდინარისაკენ მიმავალ ჩინელს ხშირად გადავყრივარ. ცოტა მშურდა კიდეც - ამ ხნის კაცი იჯდა მდინარის ნაპირზე, ბაყაყებს იჭერდა, თავის ჭიას ახარებდა და იყო ბედნიერი. მე კიდევ წუთი რაა, იგიც არ მცალია დასასვენებლად.

- მდინარეში ბაყაყებზე როგორ თევზაობდა, ბაყაყი ხომ მხოლოდ მდორე წყლის სანაპიროზე ან ჭაობში ბინადრობს?

- ადიდებული სუფსა, სანამ კალაპოტში ჩადგებოდეს, პატარა-პატარა მდორე შენაკადებს ტოვებს, აი, იქ მრავლდება ბაყაყი. კი ვიცოდით, რომ სუფსაზე თევზაობა აკრძალული იყო (არაა დიდი დრო გასული, მას შემდეგ, რაც ამ მდინარეზე, საკუთარი სახლის უკან მოთევზავე თბილისელი პროფესორი დააკავეს), მაგრამ ბაყაყის დაჭერაც თუ არ შეიძლებოდა, რას ვიფიქრები. რომ გვცოდნოდა, გავაფრთხილებდით იმ პატიოსან ჩინელს და არ შეემთხვეოდა აი მარცხი!

- ავტობანზე მომუშავე ჩინელებს ლანჩხუთელების ბინები აქვთ დაქირავებული. ბაყაყის კერძებს ალბათ შინ იმზადებენ, ხომ არ იცით, როგორ?

- მე არ დოვუპატიჟებივარ, ბიძია, მაგ ხალხს ბაყაყის ჩახრაკულზე და ვერ გეტყვი.

"საქსტატის" მონაცემით, 1 კგ ბაყაყის ბარკალი 12 დოლარი ღირს, რაც ჩვენთვის "კაი ფულია". ასე რომ, ბაყაყებზე მონადირე ჩინელის დაკავება ბაყაყის დაცვის ღონისძიებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, თორემ შეიძლება მალე ბაყაყების მხიარული ყიყინიც ვეღარ გავიგონოთ.

ბაყაყის ბარკლები წიწაკით

ახალგაზრდა მზარეულის, რეზო ბაზაძის თქმით, მხოლოდ ბაყაყის ბარკლები იჭმება და ცხარე წიწაკასთან ერთად ძალიან გემრიელია.

- ცხარე წიწაკის დამატება ალბათ იმის გამოა საჭირო, რომ კერძს სპეციფიკური გემო დაუკარგოს.

- ბაყაყის კერძს სწორედ სპეციფიკური გემოს გამო მიირთმევენ, წიწაკა ეგზოტიკურობას მატებს. მაგალითად, ფრანგები გიჟდებიან დიჟონის მდოგვიან ბაყაყზე. სხვათა შორის, იოლი მოსამზადებელია - ბაყაყის კიდურებს ამოვავლებთ მდოგვიან კვერცხსა და სპეციალურ ორცხობილაში და ვწვავთ ზეთში. სულ ეს არის.

- ამ კერძს ქართველებიც ჭამენ?

- ხინკალსა და მწვადზე არა, მაგრამ ეგზოტიკის მოყვარულები საქართველოშიც ბლომად არიან.

"საქსტატში" გადავამოწმეთ, ქართული რესტორნები ჩინელების მონადირებული ადგილობრივი ბაყაყით ამზადებენ კერძებს, თუ უცხოეთიდან შემოტანილით. გვითხრეს: "ქართულ რესტორნებში ბაყაყის კერძებს ადგილობრივი ბაყაყით არ ამზადებენ. ჩვენი ბაყაყის საზღვარგარეთ გატანა 2009-2011 წლებში სცადეს, მაგრამ ჩაიშალა. ამჟამად რესტორნებისთვის მხოლოდ ბაყაყის ბარკლები შემოდის, წელიწადში დაახლოებით ტონამდე. მთავარი იმპორტიორი დანია გახლავთ.…წელს ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში 400 კგ ბაყაყის ბარკალი შემოვიდა".

ეთერ ერაძე