რა მოხდება, თუკი მსოფლიოს ყველა მყინვარი გადნება - კვირის პალიტრა

რა მოხდება, თუკი მსოფლიოს ყველა მყინვარი გადნება

რამდენიმე დღის წინ დათბობის პროცესმა ანტარქტიდის წარმოუდგენელი სიდიდის მასა ჩამოშალა - ლარსენის ყინულის შელფი გაიპო. მეცნიერების განმარტებით, მსგავსი რამ დედამიწაზე არასოდეს მომხდარა, - მოწყვეტილ ყინულს, რომლის წონა ტრილიონი ტონაა და 175 კმ სიგრძე აქვს, უცხოელი გლაციოლოგები ლონდონის ფართობს ადარებენ, ქართველები კი იმერეთის ფართობს

კაცობრიობას გლობალური დათბობის თემა მეტად აღელვებს. მეცნიერების მტკიცებით, დათბობისა და გამყინვარების პერიოდები ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ადამიანს გლობალური დათბობისას არასოდეს უცხოვრია და არავინ იცის, გაუმკლავდება თუ არა მას. Aსაკითხავია, ადამიანს ამ პროცესის შეჩერება თუ არა, გაუვნებლება მაინც თუ შეუძლია?!

სულ რამდენიმე დღის წინ დათბობის პროცესმა ანტარქტიდის წარმოუდგენელი სიდიდის მასა ჩამოშალა - ლარსენის ყინულის შელფი გაიპო. Mმეცნიერების განმარტებით, მსგავსი რამ დედამიწაზე არასოდეს მომხდარა, - მოწყვეტილ ყინულს, რომლის წონა ტრილიონი ტონაა და 175 კმ სიგრძე აქვს, უცხოელი გლაციოლოგები ლონდონის ფართობს ადარებენ, ქართველები კი იმერეთის ფართობს. მეცნიერები ანტარქტიდისა და ზოგადად, ყინულოვანი მთების დნობას ყურადღებით აკვირდებიან. მათ შორის არის მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა მეცნიერი, გეოგრაფიის დოქტორი, გლაციოლოგ-გემორფოლოგი ლევან ტიელიძე. ის ამჟამად კანადაში, ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში იმყოფება, მაგრამ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- დათბობა-გამყინვარება დედამიწის სოცოცხლის თანმდევი პროცესებია და ერთმანეთს ათასეული წლების განმავლობაში ცვლიან. ჩვენ დღეს დედამიწასთან ერთად პოსტგლაციალურ, ანუ გამყინვარების შემდგომ დათბობის პერიოდში ვცხოვრობთ და მყინვარები მთელ მსოფლიოში დნება. თუმცა, ეს არ არის თვეების ან წლების პროცესი - დნობა დაკავშირებულია გეოლოგიურ დროსთან და ათასეული წელი მიმდინარეობს.

ზოგადად, დედამიწაზე ყინულის დნობა დაახლოებით ბოლო 150 წლის წინ დაიწყო. კონკრეტულად რომელიმე ერთი მყინვარის დნობას რეალურად გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თუმცა, როცა ჩნდება კითხვა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მსოფლიოს ყველა მყინვარი გადნება და მათ შორის, ანტრაქტიდაც, მეცნიერები პასუხობენ: მსოფლიო ოკენეების დონე რამდენიმე მეტრით აიწევს და სანაპიროზე მდებარე ყველა ქვეყანას შეექმნება საფრთხე, მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. თუმცა, ამის საშიშროება ჯერჯერობით არ არის. დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, ის განიცდის მუდმივ ცვლილებას და არავინ იცის, ზუსტად რა როგორ განვითარდება.

ანტრაქტიდის უდიდესი შელფის დნობის საგანგაშო ცნობები 1990-იანი წლებიდან გავრცელდა, როდესაც შელფის კიდეების ნგრევა დაიწყო, შემდეგ კი პირველი მონაკვეთებიც მოსწყდა, თუმცა არა იმ ზომისა, როგორიც რამდენიმე დღის წინ. ბოლო, ლარსენის ყინულის მონაკვეთის მოწყვეტა 2010 წელს დაიწყო და 7 წელი მიმდინარეობდა.

- რა მოუვა თითქმის პატარა სახელმწიფოს ტოლ მოწყვეტილ ყინულს?

- ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, შესაძლოა, ეს ნაწილი წყალშიც ჩაიძიროს, რაც ოკეანეს რამდენიმე სანტიმეტრით ასწევს. ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მცირე აისბერგებად დაიშალოს და წყლის ზედაპირზე იმოძრაოს.

ჭალაათი 1884 და 2011 წლებში

- მსოფლიოს რომელ მყინვარზე შეინიშნება დნობის ფატალური პროცესი? არის თუ არა ისეთი მყინვარი, სადაც პირიქით, ყინულმა მოიმატა?

- მყინვარების ყველაზე ინტენსიურად დნება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მაგალითად, აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიაში, კილიმანჯაროს მთაზე, რომელიც აფრიკის უმაღლესი მწვერვალია, მყინვარული საფარი თითქმის მთლიანად გაქრა. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბოლივიაში და სხვ. მყინვარების დნობის ტემპი მომატებულია ალპებშიც - იქ დნობის ინტენსივობა კავკასიონზე თითქმის ორჯერ მეტია. ამავე დროს, კავკასიაში, დნობის პარალელურად, მყინვარების მომატებაც შეინიშნება. ჩრდილოეთ კავკასიაში მიჟირგის მყინვარმა 1985-2000 წწ-ებში 110 მეტრით წინ წამოიწია. ამის მიზეზი მრავალი იყო. მათ შორის მყინვარის დახრილობა, ზღვის დონიდან სიმაღლე, ნაშალი მასალის სისქე მყინვარის ზედაპირზე და ა.შ. ნაშალი მასალა ყინულს მზის რადიაციისგან იცავს. დაახლოებით იგივე ხდება მყინვარ ხალდეზე სვანეთში.

- მოხალისე მთამსვლელი პარმენ მარგველაშვილი 80-იან წლებში მყინვარწვერთან, ყინულის ქვეშ შემთხვევით წააწყდა ქვებს, შემდეგ კი ამ ადგილზე XI საუკუნის დამწვარი ეკლესიის ნაშთები აღმოჩნდა. არადა, დღესაც კი ადამიანის დიდხანს იქ გაჩერება შეუძლებელია. კვლევებით დადგინდა, რომ ეკლესია იმ დათბობის პროცესის დროს იყო აშენებული, რომელმაც ევროპა-აზიას XI-XII საუკუნეებში გადაუარა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დათბობა კვლავ შეწყდება?

- დედამიწამ თავისი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე განიცადა ძლიერი და სუსტი გამყინვარება-დათბობის პერიოდები. ბოლო ასეთი მცირე გამყინვარება დაახლოებით საუკუნე-ნახევრის წინ დასრულდა. ეს პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მზის აქტივობა-პასივობის ფაზებზე. ამიტომ

შესაძლებელია იმ ადგილებში, სადაც დღეს მყინვარებია, ადრე შედარებით თბილი კლიმატი ყოფილიყო. ამას ანტარქტიდაში ყინულის სიღრმეში რამდენიმე ასეულ მერტზე აღმოჩენილი სითბოს მოყვარული სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის ნაშთებიც ადასტურებს.

გერგეტი 1890 და 2011 წლებში

- შეიძლება თუ არა, ყინულის დნობის შემდგომი რისკებისაგან თავის დაცვა?

- დნობის რისკებისგან თავის დაცვა პირდაპირ კავშირშია მყინვარების მონიტორინგთან. ეს ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც მყინვარებია. საქართველოში, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მეცნიერების ამ დარგს, არამედ ზოგადად მეცნიერებას ნაკლები ყურადღება ექცევა.

დანგრეული ეკონომიკა შეიძლება 20-30 წელიწადში განვითარდეს, თუ გონივრულად დავგეგმავთ ყველაფერს, მაგრამ დანგრეული მეცნიერების განვითარება-აწყობას 100 წელი მაინც დასჭირდება.

ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც თერგზე დარიალჰესის მშენებლობა გადაწყდა, არ უკითხავთ ჩვენი დარგის სპეციალისტებისთვის, შეიძლებოდა თუ არა იქ ჰესის მშენებლობა. არადა, გეოგრაფიის ინსტიტუტი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევები ტარდება. არც ერთი გეომორფოლოგი თუ გლაციოლოგი მეცნიერი იქ ჰესის მშენებლობას არ დათანხმდებოდა, რადგან ეს წყალში გადაყრილი ფული იქნებოდა. ეს 2014 წლის მაისის სტიქიამაც დაადასტურა, როდესაც დევდარაკის გლაციალურმა ღვარცოფმა თითქმის მთლიანად წალეკა იქაურობა. შესაბამისად, ცხადია, რომ მეცნიერების ჩართვა დღეს ამ და სხვა პროცესებში სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება.

სტატისტიკა

ჩვენს მწვერვალებს XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან უცხოელი მეცნიერები იკვლევდნენ - 1952 წელს კოდორის ხეობაში 145 მყინვარი იყო; 2014 წელს კი მხოლოდ 118 მყინვარი აღირიცხა. ენგურის აუზში 1960 წელს 299 მყინვარი აღირიცხებოდა; 2014 წელს კი 269 მყინვარი. თერგის აუზში 1960 წელს 99 მყინვარი იყო, 2014 წელს კი 58 მყინვარი დარჩა. ზოგიერთი მყინვარი დნობისას, გარდა ზომაში დაპატარავებისა, იყოფა კიდეც. მაგალითად, უშბა 1960 წელს ერთი, ხეობის რთული ტიპის მყინვარი იყო. 2012-2013 წლებში უკვე ორად არის გაყოფილი

ეთერ ერაძე