საქართველოში 35 000 "უჩინარი ბავშვია" - კვირის პალიტრა

საქართველოში 35 000 "უჩინარი ბავშვია"

"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრია, რათა მოვახდინოთ მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაცია. აქ ისინი დაეუფლებიან კომპიუტერს, გოგონებს შევასწავლით ხელსაქმეს. გვინდა მინანქრის წრის გახსნაც"

32 წლის ნათია, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ცხოვრობს. იცის უამრავი ლექსი, ბევრი ქართველი და არაქართველი მომღერლის სიმღერა, ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორებიც კი. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ცერებრალური დამბლის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, თუმცა, რომ მეტყველებს, კიდურებს ამოძრავებს და საზოგადოებაში ინტეგრირებულია, მშობლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ნათიას გაუმართლა, რომ დედა მედიცინის მუშაკია... არ გაუმართლა რეგიონებში მცხოვრებ უამრავ შშმ მოზარდს, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად მათ მალავდნენ და ახლაც მალავენ.

საქართველოში 35 000 "უჩინარი ბავშვია", რომელთა შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და ცრურწმენის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი და ისინი სტიგმის მსხვერპლნი ხდებიან... ეს ნეგატიური დამოკიდებულება ართმევს მათ უფლებას იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. მარტო გურჯაანის რაიონში 6-დან 18-წლამდე 174 შშმ ბავშვია. მათი უმრავლესობა, კარჩაკეტილად ცხოვრობს. ამას ისიც ემატება, რომ რაიონში არ არის სპეციალიზებული დღის ცენტრი.

სოფელ კარდენახის დაწყებით სკოლაში ბოლო ზარი 2006 წელს დაირეკა. მიტოვებული შენობა მალე დაიქცეოდა, რომ არა, ალექსანდრე გუგეშაშვილი, მან შენობა საკუთარი სახსრებით გაამაგრა, ეზო გაწმინდა, კომუნიკაციები გამართა.

შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. მისი წერილობით თხოვნის საფუძველზე, სამინისტრომ ნაგებობა ორი წლით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცა. გადაწყდა, რომ აღდგენილ შენობაში დღის ცენტრი "კოპალა" იფუნქციონირებდა, თუმცა, დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტით გათვალისწინებული კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, თანხებია საჭირო.

ალექსანდრე გუგეშაშვილი, დღის ცენტრის დამფუძნებელი: "ვიფიქრე, რატომ უნდა დაინგრეს სკოლის შენობა-მეთქი და დღის ცენტრის ჩამოყალიბება გადავწყვიტე, სადაც რაიონში მცხოვრებ შშმ ბავშვებზე ვიზრუნებდით. ჩემი სტუდენტობის მეგობრის, გურჯაანის სამების ტაძრის მოძღვრის, მამა ილია ჭოველიძის ლოცვა-კურთხევით, გადავწყვიტე ამ კეთილი საქმის დაწყება. დაავადების სხვადასხვა სიმძიმიდან გამომდინარე, პირველი ეტაპისთვის სამი სოფლიდან 15 მოზარდი შევარჩიეთ, რომელთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, დღის ცენტრში სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობასა და მათი უნარების განვითარებაზე ვიზრუნებდით. მეგობრების დახმარებით და საკუთარი სახსრებით შენობის ნაწილი ამ საქმისთვის მოვამზადე. ვფიქრობ,

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრია, რათა მოვახდინოთ მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაცია. აქ ისინი დაეუფლებიან კომპიუტერს, გოგონებს შევასწავლით ხელსაქმეს. გვინდა მინანქრის წრის გახსნაც.

დღეს მათ არავითარი გასართობი არა აქვთ, ისინი შინ არიან ჩაკეტილები, აქ კი 3-დან 7 საათამდე შეეძლებათ აითვისონ სხვადასხვა აქტივობა, მიიღონ განათლება...

- მსგავსი დაწესებულება რაიონში არ არის?

- არის ორი დღის ცენტრი, მაგრამ მხოლოდ იმ სოფლის ბენეფიციარები სარგებლობენ, სადაც დღის ცენტრია.

ჩვენი ცენტრი შარშან, სექტემბერში გაიხსნა. გახსნაზე გამგებელი და ჯერ კიდევ მაჟორიტარობის კანდიდატი ტრანსპორტის დანიშვნასაც დაგვპირდნენ, ბიუჯეტიდან დახმარებასაც, მაგრამ... 50-მდე ორგანიზაციაში დახმარების სათხოვნელად უამრავი წერილი გავგზავნე, არავინ გამოგვხმაურებია.

ძალიან დაგვეხმარა რაიონის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელი - წიგნები, თაროები და კომპიუტერები გადმოგვცა.

იმედი მაქვს, რომ კეთილი ადამიანები მხარში ამოგვიდგებიან. გარდა ამისა, დასაქმდება ორი პედაგოგი, ერთი დამხმარე, დიასახლისი და დარაჯი.

ლალი ნალიყაშვილი, ექიმი-პედიატრი: "არიან ოჯახები, რომლებიც ცდილობენ შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, თუმცა ბევრს რცხვენია და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. არადა, მათთვის უპირველესად, ოჯახში უნდა იყოს გარემო, სადაც თავს კარგად იგრძნობს, ხოლო შემდეგ - საზოგადოებაში.

ბატონი ალეკოს წამოწყება რაიონული მასშტაბისაა - ყველა სოფლის, სკოლის ასაკის შშმ ბავშვებს ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ ნიჭი და საზოგადოებაში ინტეგრირდნენ. "

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული ჯგუფია საქართველოში. არადა, ისინი ისევე არიან ამ სოციუმის წევრები, როგორც ჩვენ. ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს და მიიღოს განათლება. გვჯერა, რომ მოკლე დროში გურჯაანში კარდენახის ცენტრის შენობა მოზარდებით სავსე დაგვხვდება, შენობა, სადაც ეს ბავშვები ცხოვრებას და ცხოვრებისთვის ბრძოლას ისწავლიან.

იმედს ვიტოვებთ, გამგებელი გაგებით მოეკიდება ამ საკითხს და ბიუჯეტიდან შშმ ბავშვებს თავიანთ წილს აუცილებლად არგუნებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი