"თქვენ მე შვილი გადამირჩინეთ, ახლა გთხოვთ, ეს ბავშვები გადავარჩინოთ"
28-08-2017
"თქვენ მე შვილი გადამირჩინეთ, ახლა გთხოვთ, ეს ბავშვები გადავარჩინოთ"
გოგიტა მურცხვალაძე: "ჯაბას ერთი გაღიმება ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია, მისი ცრემლი კი მანადგურებს"

"ქველმოქმედება მე საზოგადოებამ მასწავლა", - ამბობს ფონდ "ღვთის შვილების" ხელმძღვანელი გოგიტა მურცხვალაძე. ყველაფერი წლების წინ, გოგიტას ვაჟის, ჯაბა მურცხვალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაიწყო, დღეს კი მის მიერ დაარსებული ფონდი ჯაბას გარდა 21 ქმედუუნარო ბავშვებზე ზრუნავს.

- ჯაბას დასახმარებლად პირველი საქველმოქმედო კონცერტი ჯერ კიდევ 1997 წელს ჩაატარეს ჟურნალისტებმა. მას შემდეგ შევეცადე, თავად გამეწია ორგანიზება და სხვადასხვა ღონისძიება დამეგეგმა. დღესდღეობით 15-მდე
საქველმოქმედო კონცერტი და 5 გამოფენა ჩავატარე.

- "ღვთის შვილების" ბენეფიციარებზე მიამბეთ.
- უმეტესობა ჰიდროცეფალიით არის ავად. ასეთ ბავშვებთან თვით ბიოლოგიური დედაც ვერ ახერხებს სრულფასოვანი კონტაქტის დ
ამყარებას, მაგრამ დედაშვილური უხილავი ძაფი არასდროს წყდება მათ შორის. როდესაც დედის ხმას გაიგონებენ, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, როგორ ეფინებათ სახეზე ნათელი.
ამ ბავშვების უმრავლესობას ეპილეფსიური კრუნჩხვები ახასიათებს. ჩემი ჯაბაც ანალოგიურად იყო, თუმცა, ადრე თუ დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა, ახლა კვირაში 5-ჯერ შეიძლება დაემართოს. სამწუხაროდ, ეს ბავშვები არ განიკურნებიან. ზოგიერთი დაბადებიდანვე ასეთია, ზოგიერთს ეს დაავადება შემდგომ აქვს შეძენილი. სიცოცხლე ამ ბავშვებსაც ისევე უნდათ, როგორც მე, თქვენ და ნებისმიერ ჩვენგანს. გოგოები მყავს, მაგრამ ჯაბას ერთი გაღიმება ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია, მისი ცრემლი კი მანადგურებს...

საოცრები ყოფილან ჩვენი მხატვრები. მათგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი. არ მინდა, საზოგადოება კატეგორიებად დავყო, თუმცა, კონკრეტულად რამდენიმე მხატვრის მიმართ გამოვხატო მადლიერება. რუსუდან ფეტვიაშვილი საოცარი პიროვნებაა. ჯერ არ ჩაუგდია ქალბატონ რუსუდანს არც ერთი ჩვენი საქველმოქმედო გამოფენა. არ შემიძლია, არ ვახსენო დალი ფოდიაშვილი, 2 გამოფენაზე 10-10 ნახატი გამოგვიგზავნა, ხოლო, როდესაც დარწმუნდა, რომ შემოსული თანხა მიზნობრივად იხარჯებოდა, ამის შემდეგ მისი პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა მოაწყო და თავისი 70 ნახატი გამოიტანა. ნიკოლოზ ხერკილაძე დიდებული ისტორიკოსი და მხატვარია, ოლეგ ტიმჩენკო, რადიშ თორდია, მამუკა ცეცხლაძე, საოცარი პიროვნებები არიან. იმავეს ვიტყვი ქეთი მატაბელსა და გია გუგუშვილზე, ცირა კალანდაძეზე, დიმიტრი და სანდრო ერისთავებზე... ფონდს მზრუნველობას არ აკლებენ აჭარისი, აფხაზეთისა და ქუთაისის მხატვართა კავშირები.

- რამდენი ბენეფიციარი გყავთ?
- 22. უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არის. დღეს საშუალო შემოსავალი ვისაც აქვს, მასაც უჭირს, და წარმოიდგინეთ, ასეთი ბავშვის მოვლა-პატრონობას რამდენი უნდა. სამი ოჯახი მყავს, რომლებსაც ორ-ორი შვილი ჰყავთ ქმედუუნარო. უღრმესი მადლობა იმ მოცეკვავეებს, მომღერლებს, მხატვრებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენს საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობენ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თხოვნით, დაეხმარეთ ამ ბავშვებს, იქნება ეს ჩასაცმელი, პროდუქტები, ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. ამ ოჯახებისთვის ყველაფერი საჭირო და ღირებულია. კეთილო ადამიანებო, თქვენ მე შვილი გადამირჩინეთ, ახლა გთხოვთ, ეს ბავშვები გადავარჩინოთ.

- ჯაბაზე მიამბეთ.
- ჯაბა დაბადებიდან მესამე დღეს ხელიდან გაუვარდათ და... ეს კარგა ხანს არ ვიცოდით, დავდიოდით ექიმიდან ექიმამდე, საავადმყოფოდან საავადმყოფომდე. 90-იანი ყველაზე მძიმე წლები იყო. სახლში თუკი რამ არსებობდა გასაყიდი, ყველაფერი გავყიდეთ, ოღონდ ბავშვისთვის გვემკურნალა. იმ დღიდან დღემდე ხალხის მხარდაჭერამ მოგვიყვანა. 1995 წელს განგებამ გაზეთ "კვირის პალიტრაში""მიმიყვანა, მაშინ გავიცანი მისი მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი და მთელი კოლექტივი. სწორედ მათი გულისხმიერების დამსახურებაა, რომ ჩემი შვილი რომ დღეს ცოცხალია.
ჯაბა ახლა უკვე 24 წლისაა. წელს ქვევით მოწყვეტილი იყო, თუმცა, ახლა დამოუკიდებლად დადის, მშრალ საჭმელს დამოუკიდებლად მიირთმევს, შინაურების ცნობა შეუძლია.

დახმარების მსურველთათვის:
თიბისი ბანკი
მიმღები: ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი "ღვთის შვილები".
ანგარიში:
GE11TB7238436080100004
ტელ.: 551193438; 593906275

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით