"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?
05-09-2017
"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?
კახა აბუაშვილი: "მთელი ცხოვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი-მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი"

თითქმის საათი ვისაუბრეთ - წარსულზე, დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე, ადამიანებზე, კიდევ ბევრ რამეზე... 2 წელია, კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი, საფრანგეთში გაემგზავრა. ამბობს, რომ კეთილი ადამიანების გვერდში დგომით, შეძლო და გამოიცვალა, იმკურნალა, უკვე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა და გეგმებიც დასახა.

- კაბუ, რა იყო საქართველოდან გამგზავრების მიზანი?

- ვიმკურნალე. არ მიყვარს ამაზე
საუბარი. მინდა რაღაც პერიოდი ჩემი წარსულიდან საერთოდ არ გავიხსენო. ჩემმა მეგობარმა პაატა ახალაძემ წამომიყვანა საფრანგეთში და ძალიან მომხედა. მასთან ერთად სხვა აქაურმა ქართველებმაც. ამდენ ხალხს თუ ვუყვარდი, არ მეგონა.

- რას საქმიანობთ?

- ერთი დუეტი ჩავწერე, მალე კიდევ რამდენიმე სიმღერას ჩავწერ. აქაურ ქართველებთან ერთად კლუბურ
საქმიანობასაც ვგეგმავ.

- ჩამოსვლას აპირებთ?

- ჯერ არა. ჩემი შვილები მენატრებიან, გიო 15-ისაა, კესო - 13-ის. ორივეს ძალიან ლამაზი თვალები აქვს. კესუნა სცენისკენ მიიწევს. გიორგის ქირურგობა აქვს გადაწყვეტილი, საიდან მოიტანა, არ ვიცი, მოინდომა და მიდის მიზნისკენ.

- ნარკოტიკების პრობლემა ქართველი ახალ­გაზრდებისთვის უცხო არ ყოფილა. თქვენ ერთ-ერთი მაგალითი იყავით, რომელიც სხვებზე მეტად ჩანდით და ხშირად ხდებოდით განსჯის საგანი.
- შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო ჰეროინობანა. მერე ამათმაც გაშალეს ფრთები, ფულები აკეთეს ჯიგრებმა გაყიდვითაც, ფსიქოტროპულებითაც და ჯარიმებითაც.
ადამიანი რომ რაღაცაზე დამოკიდებული ხდება, მერე ძნელია მისგან თავის დაღწევა.
მესმის, რომ სენია, სირცხვილია, 21-ე საუკუნეში რა დროს ნემსია, მაგრამ ეგრე დაგვემართა, ვისაც მიდრეკილებაც კი არ ჰქონდათ, იმათაც დაემართათ.
მე მთელი ცხოვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი-მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი.

აქ აგრე არ ყრია ნარკოტიკული საშუალებები, როგორც საქართველოში ჰგონიათ. თუ ადამიანს წამლის გადაგდება უნდა, აქ გადააგდებს. საფრანგეთში ისე არაა, როგორც საქართველოში, ახალგადაგდებულზე ვიღაც ნაძირალა რომ მოგეპარება უკნიდან და ყურში ჩაგჩურჩულებს, წამო, წამალი გაგიკეთოო. რაც უნდა ჭკვიანი იყო და მტკიცე გადაწყვეტილება გქონდეს მიღებული, შეიძლება ვერ გაუძლო ეგეთ ცდუნებას. მერე კიდევ აქ ასე თვალებში არ გედება ნარკოტიკული საშუალებები.

ნარკომანიასთან ბრძოლის არაფერი განსაკუთრებული მეთოდები ფრანგებს არ აქვთ. უბრალოდ შეგნებული აქვთ, რომ საძაგლობაა.

- საქართველოდან გამგზავრებამდე ქალაქში ხმა გავარდა, კაბუ დაჭრესო.
- ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი. კინაღამ გამაგორეს თუფაქივით. დღემდე ვფიქრობ, ვინ იყო, რა უნდოდა...

- ყველაზე მეტად რა გაკვირვებთ ფრანგების ყოველდღიურობაში?
- ბევრი უცხოელი დადის. თვითონ ფრანგები წყნარი ხალხია. იფიქრებთ, 8 საათის შემდეგ აღარ ცხოვრობენო. ჩვენი გადასახედიდან, ცოტა არ იყოს, უცნაურები არიან. მეგობარს ჰყავს ფრანგი გოგო. ამას წინათ უთქვამს, ბებიასთან რანდევუ გვაქვს მარტშიო. ამას ეუბნება აგვისტოში. რა უნდა უთხრა, რანდევუ აქვს... ასეა, თუ რანდევუს გარეშე მიხვედი, შეიძლება კარი მოგიხუროს.
აქ ჩვენი ახლობელი ქართველები არიან. 19 აგვისტოს მე და მათ გოგონას, მარიამს დაბადების დღე გვქონდა. გვესტუმრნენ ფრანგები. მივიწვიეთ სუფრასთან, ჩვენ ჯერ არ ვჭამთო, გვითხრეს. თურმე ჭამის დრო 2 საათის შემდეგ ჰქონდათ.

- დრო როგორ გაგყავთ?
- ვწერ. მუშაობა არ მიტყდება, მაგრამ თეატრში რომ საჭიროა, ეგეთ ფრანგულს როდის ვისწავლი. მშენებლობაზე რომ წავიდე, მოღუნულ სახლს ავაშენებ. ამიტომ ისევ სიმღერას მივხედე.

- ბოლო როლი, რომელშიც გიხილეთ ბაბულიკა იყო ცნობილი სერიალიდან. სინამდვილეში, თუ ჰგავხართ ამ პერსონაჟს?

- სულ არ ვგავართ. "ჩემი ცოლის დაქალებზე" მუშაობის პერიოდი ძალიან ტკბილად მახსენდება. რომ ვუყურებ, მონატრებასა და ტკივილს განვიცდი. კიდევ ვითამაშებდი.
თუ რამეს მივაღწიე თეატრში, ჭოლას დამსახურებაა. მან მასწავლა და სცენაზეც მან დამაყენა, დუტა კი ჩემი მეგობარია, ჩემი კესუნას ნათლიაც არის.
ძალიან გავსუქდი, 100 კილო ვარ. ამხელა,­ ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინ ვიყავი. "ფიგაროს" დგამდა მაგ პერიოდში ჭოლა და მითხრა, გახდი, თორემ ფიგაროს კი არა, ჯოკერსაც არ გათამაშებო.
ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში და მივხვდი, მთავარია, გიყვარდეს შენი ოჯახი, სამშობლო, მეგობრები. არასდროს არ უნდა წაეპოტინო იმას, რაც არ არის შენი საქმე. სისულელეა, რომ ამბობენ, კაცმა ყველაფერი უნდა გასინჯოსო. ეგ თავის მართლება უფროა, ვიღაცის მოგონილი.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებთ?

- უფრო სოციალური ქსელიდან და მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება, თუ გარყვნილება თავისუფლებაში არ აერევათ. ამბობენ, გარყვნილება ევროპიდან მოდისო, ტყუილია. სოციალურ ქსელში არასრულწლოვნები როგორ ფოტოებს დებენ, მშობლებმა თვალი არ უნდა ადევნონ?! დამიჯერეთ, რასაც ეგენი აკეთებენ, ევროპა არაა! უყურებენ ვიღაცებს, ვინც გაიხადა, მკერდის მოშიშვლებით გახდა პოპულარული და ფიქრობენ, რა მენაღვლება, რა მათემატიკა, რის მათემატიკა, აგერ არა მაქვს ძუძუებიო.

- რომელია თქვენი ცხოვრების ყველაზე სანატრელი და ლამაზი პერიოდი?
- ბავშვობა, ინსტიტუტი, თეატრალური სარდაფი... მერე უცებ რაღაცნაირად დამეძინა. ახლახან გავიღვიძე და მაგრად მიტყდება, ამდენი რომ მეძინა.

იხილეთ ასევე: კაბუ: "მგონია, თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"
ეკა სალაღაია
ვერონიკა
07 სექტემბერი 2017 14:45
ყოველივე კარგს ვუსურვებ, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მაღიზიანებდა.
Georgia
07 სექტემბერი 2017 13:22
საღოლ ძმაო, მასე გეჭიროს ...!


წარმატებას გისურვებ თმელი გულით ...!
ქართველი
07 სექტემბერი 2017 01:45
ამბობს რომ რაც იყო ძალიან ცუდი იყოო და იმ ვითომ მეგობრებთანაც არ სურს ურთიერთობა.ასე ამბობს ხო? თუ ასეა ძალიანაც კარგი.რა არ მოგწონთ ამაში ვერ ვხვდები. ისევ ისე უნდა ყოფილიყო და მაშინ კაი ტიპი იქნებოდა? . დანარჩენს კარგაფ ხუმრობს:) თუ იუმორთან პრობლემა გაქვთ გასაგებია თქვენი მდგომარეობა.

რედაქტორის რჩევით