იწვის ივრისპირეთი, იქით ვაზი იწვება და აქეთ კაცი
28-08-2017
იწვის ივრისპირეთი, იქით ვაზი იწვება და აქეთ კაცი
გათენებისას სოფელ კაკაბეთში, მელანიაანთ წყალზე იმდენი წყლით ასავსები ჭურჭელი მოქუჩდა, ბირჟაზე ხალხის გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა

- კაცო, წყლის მარაგით, ცივანკარა და თბილ-მჟავე წყაროებით თავი რო მოგაქვს მსოფლიოში, სოფლისა არ უნდა გეყურებოდეს? ხომ იციან, რომ ივლის-აგვისტოში, მით უფრო ძალამოუკრებავი ივრისა და უძალო ფშის ანაბარა დარჩენილ კახელებს, მათ ბაღ-ვენახებს წყალი უჭირს. სათავეში იკლებს წყალიო... სათავეს თავიანად უნდა მიხედვა და გაკეთება. ეგეთი რამე არ მინახავს, გლეხებო, სასმელი წყლის ასაღებად წინა ღამითა ვდგები
რიგში, თავის გულის დუღილს ვერ ფარავს ემზარ ვარდიაშვილი.

მართლაც, გათენებისას სოფელ კაკაბეთში, მელანიაანთ წყალზე იმდენი წყლით ასავსები ჭურჭელი მოქუჩდა, ბირჟაზე ხალხის გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა. დიდხანს ელოდნენ კაკაბელები უკვდავების წყალს, ბოლოს დაასკვნეს, გველეშაპი დაჰპატრონებიაო და მეზობელ სოფლებში ზოგმა ყავრიაანთ წყლისკენ, ზოგმაც ალაკნის წყაროზე უტია.

-
"უპატრონოს ვინ უპატრონებს, თორემ ზოგს საკუთარ სახლში ჰყავს გაყვანილი წყალი, ზოგი სოფლის საძოვრის დასაკუთრებასა ლამობს, გუშინ რომ ტყის ჩეხას არ ერიდებოდა, დღეს მამასახლის-მოსამართლედა ჰყავს მთელ სოფელს. ამათთვის არ არის გლობალური დათბობა, ამათთვის რატომ არა წყდება წყალი სათავიდან? აღარაფერი გვეშველება, არა... არადა, არჩევნები მოდის, ეხლა მაინც მოგვხედე, შე დალოცვილო, ვიღაცა ხარ, - ამბობს ვასო კვეზერელი.

- ეგრეა, ეგრე. ძაღლის თავი სათავეშია დამარხული, - მხარს უბამენ კაკაბელები და მიხვეულ-მოხვეული ორღობეებით უჩინარდებიან. თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე "მწყალობელი"უბანია, საიდანაც დიდ-პატარა წყალს ეზიდება, ზოგი ვირით, ზოგი ფეხით, მოხუცებსაც კი უწევთ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა წყლის მოსატანად.

- ფულზე მეტად ჩვენთან წყალი ფასობს. ნუთუ ასე ძაღლუმადურად უნდა გავლიოთ წუთისოფელი წყლის მოლოდინში - ჩივის ჩაილურელი ნინა ბაბო.
ივრის სარწყავ არხთან ჩავდივარ. აქ ორი-სამი სოფლის იმედი - წყალსაქაჩი ფუნქციონირებს. სარწყავი არხები ასე თუ ისე, შეკეთდა და დღეს სოფლების ქვემოთ, ჭალებში, წლობით გახრიოკებული ადგილები ირწყვება. არხ-არხ ხირხატების მინდორი გადავჭერი და ზეიანის გორაზე ავედი. ამ ადგილებს მოსახლეობა საძოვრად იყენებს. დრო ვიხელთე და ვერხვიანელ მენახირეს გამოველაპარაკე.

- ველ-მინდვრადაც ჭაკად არი საქმე, ნარგავ-ნათესებს წყალი არა ჰყოფნის, ვენახს აგვისტოში ყოველთვის უჭირს, იქით პატარა ვაზი თხოულობს წყალს, აქეთ მებაღეები დაობენ - საზამთრო გვეწვებაო. ირიგაციაც არ არის ბოლომდე გამართული, ზოგჯერ იმდენი წყალი მოვარდება, გზაზე იღვრება და ვერ გაივლი. სოფლის მოსახლეობა უნდა იკრიბებოდეს და ასეთ საკითხებს ერთად წყვეტდეს.

სასმელი წყალი უნდა გვიჭირდეს? მარტო მე რამდენიმე მიკარგული წყარო ვიცი. ამ წყალ-ხევებს შეკრება უნდა და დასათავება. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე. ზოგს წყლის რიგი რომ მოუწევს მოსარწყავად, დღისითა რწყავს ვენახს, ღამით კი სძინავს, არადა, ერთ ალაგზე მიგდებული წყალი გაივლის თავის გზას, სხვაგან გადამგდებელი აღარა ჰყავს, გუბდება, იტბორება იქაურობა ან გზაზე გადადის და იკარგება. ეს კი უთავბოლობის ნიშანია, ხან ჩვენ არა გვყოფნის წყალი და ხან ჩვენ არა ვყოფნით წყალს..."

P.S. ჯერჯერობით ასეა საქმე. აქაურები ერთმანეთს რომ შეხვდებიან, გამარჯობის მაგივრად, შეუძახებენ: - "წყალი ბაბაჯან, წყალიო..."

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით