"საქართველოში საცხოვრებლად რომ ჩამოვიდეთ, მე კი დავსაქმდები, მაგრამ ანფისა?" - კვირის პალიტრა

"საქართველოში საცხოვრებლად რომ ჩამოვიდეთ, მე კი დავსაქმდები, მაგრამ ანფისა?"

"ანფისა წელს ვერ ჩამოვიდა კახეთში, ვერ მოახერხა. შარშან იყო, იმის წინაც, მთელი 2 თვე დავრჩით. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. 2010 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და შეიყვარა"

ქართველი მსახიობის, გურამ ბაბლიშვილისა და რუსი სექსსიმბოლოს, ანფისა ჩეხოვას რომანი სცენიდან დაიწყო. დღეს ისინი 5 წლის სოლომონს ზრდიან. კინოვარსკვლავი ცოლ-ქმრის გადატვირთული გრაფიკის წყალობით, სოლომონი დიდ დროს კახელ ბებოსა და პაპასთან ატარებს, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობდნენ და არც ისე დიდი ხანია შილდაში, მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ და მეურნეობას მიჰყვეს ხელი.

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გურამ ბაბლიშვილი საქართველოში გატარებული დღეების შესახებ გვესაუბრება:

- იმის გამო, რომ გადაღებები დამეწყო, მოსკოვში დავბრუნდი. ერთდროულად რამდენიმე ფილმში მიღებენ, ჩავები ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ჯერ არ დავღლილვარ, იმიტომ, რომ ენერგიით ავივსე, კარგად დავისვენე ჩემს მშობლიურ კახეთში. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, მოსკოვში წამოსვლა აღარ მინდება, მაგრამ რას იზამ, სამსახური აქ მაქვს.

- ჩვენი ინტერვიუდან მახსოვს, სოლომონი, თქვენი ვაჟი, მოსკოვში თქვენს მშობლებთან იზრდებოდა.

- ხშირად ჩემს მშობლებთან იყო. ქართული ასწავლეს, ქართული ტრადიციებიც შეაყვარეს. სოლომონი ახლა ჩემს მშობლებთან არის შილდაში, გაირუჯა, დასდევს პაპას და თავისი ჭკუით ეხმარება. ეს ისე მახარებს, ვერ წარმოიდგენთ.

ანფისა წელს ვერ ჩამოვიდა კახეთში, ვერ მოახერხა. შარშან იყო, იმის წინაც, მთელი 2 თვე დავრჩით. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ.

2010 წელს პირველად იყო საქართველოში და შეიყვარა. მარანი ანახეს, თონეში პური ჩააკვრევინეს, ხინკალი მოახვევინეს... გაგიჟდა. მერე ჩემმა თამარა ბებომ მოატარა ეზო-კარი, ბაღ-ბოსტანი, ახლა ვენახი ნახეო, იმდენი იარეს, სანამ მზის დარტყმა არ მიიღო. პატარძალმა თავისი ხელით დაკრეფილი კიტრი და მწვანილი მოგვართვა და სალათა მოგვიმზადა. სამწუხაროდ, ჩემი პაპა-ბებო ცოცხლები აღარ არიან, მიხარია, რომ ჩემს შვილს მოესწრნენ.

- როგორც ვიცი, ივნისში ცოლ-ქმარს საქართველოში გადაღებები გქონდათ.

- რუსეთის ტელეკომპანია "პიატნიცაზე" უნდა ეჩვენებინათ ბლოგი საქართველოზე, ეს ტურისტული პიარაქცია იყო. შემოგვთავაზეს, გურამი ქართველია, ანფისა ქართველების რძალი, ორივე ცნობილი ხართ და საქართველოს რამდენიმე კუთხეში იმოგზაურეთ და თქვენი ემოციები აღვბეჭდოთო. გადავიღეთ ბათუმი, თბილისი და ჩემი ინიციატივით კახეთს მოვედეთ, შილდაშიც შევატარე, რომ ენახათ, რომელი კუთხიდან ვარ. "Анфиса в стране чудес" - ასე ერქვა გადაცემას. ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა საქართველოში მოგზაურობის სურვილი. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს შევხვდით და მან სურვილი გაგვიზიარა, სვანეთი და სხვა კუთხეებიც გადავიღოთო. ვნახოთ...

რამდენჯერ მიფიქრია, საქართველოში რომ ჩამოვიდეთ საცხოვრებლად, მე კი, დავსაქმდები, მაგრამ ანფისა? ჩვენმა ნოვოსიბირსკელმა ნაცნობებმა 7 წლის წინ ყველაფერი გაყიდეს და გადმოვიდნენ შვილებთან ერთად საქართველოში. ტურისტული სააგენტო აქვთ და დღეს არც ერთ ქართველს არ ჩამოუვარდებიან საქართველოს ისტორიის, კულტურისა თუ წეს-ჩვეულებების ცოდნით. ბავშვები სკოლაში დადიან, მეზობლობენ, მეგობრობენ, გათბილისელდნენ.

- სოლომონზე მიამბეთ.

- 5 წლის არის. დედაჩემი ძილის წინ "ხუთკუნჭულას", "ნაცარქექიას", "კომბლეს" და კიდევ ათას ზღაპარს უყვება. ძალიან უყვარს მაწონი...

- ფიწლით ხელში ეს ფოტოები გადასაღები მოედნიდანაა?

- არა, ეგ შილდაში გადავიღე - ტუკებს ვაკეთებდით. მეზობელმა, თივა ასაღები მაქვსო და გავყევი. გულიანად ვიმუშავე. იქაურებს ჰგონიათ, სოფლის საქმეები არ მეხერხება და დავუმტკიცე, რომ ცდებოდნენ.

ადრე მეგობარი მყავდა ჩამოყვანილი შილდაში - მაქსიმ ლაგოზინი, მე-8 თაობის მოსკოველია, თან მგონი, პირველად გავიდა მოსკოვიდან. გაგიჟდა, ისე მოეწონა. ახლა 50 კაცი დგას რიგში, ჩვენც წაგვიყვანეო.

- ყველაზე თვალში საცემი, რაც არ მოგეწონათ, რა იყო საქართველოში?

- ნაგავი... გზაზე მიმავალი მანქანიდან ხან პარკი გამოვარდება, ხან ბოთლი, ხან სიგარეტის კოლოფი... ბუნებაში გახვალ და ნასუფრალი ყრია, ამჟავებულ საზამთროებს ბუზები ეხვევა. სხვა რეგიონებზე რა გითხრათ, კახეთში ასეა,

იგივე სიტუაცია იყო ბათუმში, სანაპიროზე სიმინდისა და ბანანის ნარჩენებს ხშირად დაინახავდით. ცალკე პრობლემაა მანქანების ქაოსური მოძრაობა.

- თქვენ საქართველოში დაიბადეთ?

- კი, ყვარელში, რომ მოვიზარდე, მოსკოვში ჩამოვედით. მერე მშობლების რჩევით, თბილისში ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. ლევან ხურცია, ქეთი ხიტირი, არჩილ სოლოღაშვილი, სოფო სებისკვერაძე ჩემი ჯგუფელები იყვნენ. ჯგუფი გვაქვს სოციალურ ქსელში და ვმეგობრობთ. ყოველ ჩამოსვლაზე ვიკრიბებით და ასე იქნება მუდამ.

ეკა სალაღაია