სვანეთის სავანეთი
28-08-2017
სვანეთის სავანეთი
სოფელ ნაკიფარის წმინდა გიორგის ტაძარში, საგულდაგულოდ ინახავენ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, რომელთა შორის გამორჩეულია ბაჯაღლო ოქროს თასი. თასი ტაძრიდან რომ გამოაბრძანეს, აგვიხსნეს: როცა თასი გამოგვაქვს, აუცილებლად უნდა იდღეგრძელოთ, დაილოცოთო

სვანეთში ამბობენ, თუ ამ მხარის დათვალიერებასა და მოლოცვას დადეშქელიანების სასახლით დაიწყებ, სვანეთი ყველაფერს გიჩვენებსო. ეს მოგზაურობის დასასრულს შევიტყვეთ, მანამდე კი გასაოცარი ამბავი გადაგვხდა: უთენია ნისლიანი ენგურის წყალსაცავთან ფოტოსესიის შემდეგ, პირველად სწორედ სოფელ ბარში, დადეშქელიანების ყოფილი რეზიდენციის ნანგრევები დავათვალიერეთ და მერე ავუყევით
აღმართს უშგულისკენ. მივიწევდით ზემოთ და გზადაგზა, თითქოს ჯადოსნური კარი იღებაო, ისე გვეგებებოდა სვანეთი -ნისლსა და ღრუბელს მზე ფანტავდა, უშბა გვეკეკლუცებოდა და თეთნულდი გვიღიმოდა, ხოლო ეკლესია-მონასტრების გასაღებები მყისვე მოჰქონდათ და ერთი შეხედვით პირქუში, სინამდვილეში კი მეტისმეტად გულთბილი სვანები გვიამბობდნენ თავიანთი ხატ-სიწმინდეების შესახებ და გვიჩვენებდნენ განძს, რაც
უხვად შემოუნახეს ქვეყანას. ყველაზე დიდი საოცრება კი შხარა იყო -უღრუბლო, მზით სავსე და მოსიყვარულე, მის პირისპირ კი ულამაზესი ლამარია, წირვის ზარებისა და ლოცვის მადლით რომ გვაძლიერებდა.
სოფელი ბარში, დადეშქელიანების ყოფილი რეზიდენციის ნანგრევები
ლატალის თემში 67 ტაძარი და ნატაძრალია. აქ პირველად 2008 წლის ზაფხულში მოვხვდი, აგვისტოს ომამდე. გირგვლიანების უთბილეს ოჯახს ვსტუმ­რობდი. პირველად სწორედ მაშინ მაჩვენეს მასპინძლებმა მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლებისა და იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძრები. გამიხარდა, XIV საუკუნის იონა წინასწარმეტყველის სახელზე აგებულ ეკლესიასთან მონასტერიც რომ დაუარსებიათ. ტაძრის ინტერიერი XIV საუკუნეშია მოხატული.

ფრესკები ძლიერაა გაჭვარტლული და ოდნავ გაირჩევა. სამხრეთის კედელზე, საკურთხევლის გვერდით, გამოსახულია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი -ვეშაპისგან მისი ხსნა. მსგავსი ფრესკა სვანეთის არც ერთ ეკლესიაში არ გვხვდება, საქართველოშიც ვერსად ნახავთ იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს.
იფარის ტაძარი, მაცხოვრის ნათლისღება
ეკლესიის საგანძურში დაცულია XI საუკუნის მაცხოვრის დიდი ხატი, სადაც ქრისტე გამოსახულია წელზევით, მაკურთხეველი მარჯვენითა და სახარებით ხელში. ხატი მოპერანგებულია ოქროცურვილი ვერცხლით, მხოლოდ სახე ფერწერითაა შესრულებული.

უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა მულახის თემის სოფელ ჟამუშში მაცხოვრის სახელზე აშენებულმა ტაძარმა. ამ ტაძრის გასაღები ქალდანებს აბარიათ და კარიც სწორედ მათი ოჯახის მერვეკლასელმა ვაჟმა - გიორგი ქალდანმა გაგვიღო. იგი ამ ტაძრის სტიქაროსანიცაა და მისი სიწმინდეების მცველიც. გიორგიმ გვითხრა, ეკლესიის უკან კოშკი რომ ჩამოინგრა, ჩვენი სახლი დააზიანა, ეკლესიას კი ერთი ქვაც არ მოხვედრიაო.

ტაძრის მოხატულობა XIII საუკუნეს მიეკუთვნება და მის კამარასა და კედლებზე საუფლო დღესასწაულების სრული ციკლია წარმოდგენილი. ტაძარში დაცულია წმინდა გიორგის X საუკუნის ჭედური ხატი, რომელიც იმერთა მეფე გიორგი II-ს შეუწირავს. აქვეა XVI-XVII საუკუნეების ხატებიც.
ნაკიფარის ტაძარი, წმ. გიორგი და წმ. თევდორე
იფარის თემის სოფელ ნაკიფარის წმინდა გიორგის ტაძარში, რომ იტყვიან, დროულად მივედით -მომლოცველები სტუმრობდნენ და მათთვის სიწმინდეები გამოებრძანებინათ. ტაძარი X საუკუნისაა და მეფის მხატვარს, თევდორეს მოუხატავს. მისივე მოხატული ყოფილა იფრაალისა და კალის ტაძრებიც. ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესიის წინ ორად ატოტილმა არყის უზარმაზარმა და ულამაზესმა ხემ მიიქცია ყურადღება. როგორც გვითხრეს, დაახლოებით ორმოცი წლის წინათ შესასვლელთან ორი ბავშვი დაუკრძალავთ და საფლავზე არყის ხე დაურგავთ. ის ხე ორ ტოტად ამოწვერილა და დღეს, აგერ, ორ უზარმაზარ ხედ იქცაო.
ტაძარში შესვლისთანავე კონქის კომპოზიცია და მაცხოვრის უზარმაზარი ფიგურა მოგვხვდა თვალში. აქვეა წმინდა გიორგისა და წმინდა თევდორეს გამოსახულებები, წმინდა გიორგის სასწაულების, მისი კირის ორმოში წამების, რკინის ფოცხებით ხვეტისა და თავის კვეთის გასაოცარი ფრესკები.

ტაძარში დაცულია ქართული ჭედურობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში -XI საუკუნის წმინდა გიორგის ხატი. აქვე საგულდაგულოდ ინახავენ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, რომელთა შორის გამორჩეულია ბაჯაღლო ოქროს თასი. სწორედ ეს თასი გამოაბრძანეს ტაძრიდან და აგვიხსნეს: როცა თასი გამოგვაქვს, აუცილებლად უნდა იდღეგრძელოთ, დაილოცოთო. ცოტ-ცოტა სასმლით ყველამ ვადღეგრძელეთ ეს მადლიანი მხარე და მადლის ნაწილი გზადაც გამოვიყოლეთ -სხვაგვარად ვერც იფრაალში მოსახვედრად ავივლიდით 3 კილომეტრს თაკარა მზეში, ვერც უღრუბლო შხარას ვნახავდით, ვერც ლამარიაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მოვხვდებოდით და უკანა გზაზე დადევნებული წვიმა გადაიღებდა სწორედ კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში ასვლის წინ.
რაც მთავარია, ვერც შინ დავბრუნდებოდით მშვიდობით. გვითხრეს კიდეც სვანებმა: ხალხი უღრუბლო მწვერვალების ნახვას დღეების განმავლობაში დარაჯობს, თქვენ კი 3 დღეში ყველაფერი გაჩვენათ სვანეთმა -ესე იგი, მოეწონეთ და მიგიღოთო!

ირმა ხარშილაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით