45-წლიანი თანაცხოვრების ტკივილიანი დასასრული - ლიანა ისაკაძის მეუღლე თამაზ ჩაჩავა კონცერტის მიმდინარეობისას გარდაიცვალა
26 აგვისტოს, ფესტივალ "ღამის სერენადების" ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, ლიანა ისაკაძის მეუღლე, ცნობილი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოს თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. ის გულის შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, "ღამის სერენადები" გაგრძელდება და თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება.
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 31 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა გაიმართოს.
ლიანა ისაკაძე და თამაზ ჩაჩავა 45 წელი ცხოვრობდნენ ერთად. წყვილი ერთი კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში, რათა საუკუნის საუკეთესო მევიოლინეს მუსიკალურ ფესტივალ "ღამის სერენადებში" მიეღო.

ფესტივალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მევიოლინემ ასე ილაპარაკა მეუღლის შესახებ, რომელიც მასთან ერთად სიმღერას აპირებდა ფესტივალის დროს:
"ამჯერად, ფესტივალზე ჩემი მეუღლე იმღერებს ჯაზს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ის ისე კარგად მღერის, ყველას მოეწონება. მეც დავუკრავ, აუცილებლად. თურმე, მეც ვუკრავ ჯაზს", - აღნიშნა მუსიკოსმა.
ამასთანავე, პრესკონფერენციაზე თამაზ ჩაჩავამ ლიანა ისაკაძის წიგნის - "ლიანა ისაკაძის მედიტაციების" შესახებ ისაუბრა, რომელიც 10 წელია გამოცემულია. თამაზ ჩაჩავამ მეუღლის წიგნს გენიალური უწოდა.
ლიანა ისაკაძემ ფესტივალი "ღამის სერენადები“ 1982 წელს დააარსა. ყოველ წელს ფესტივალი აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. 1991 წელს ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი. იმ დროიდან ფესტივალი "ღამის სერენადები" ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება.
"საუკუნის დიდებული მევიოლინე"
ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა მუსიკის ენციკლოპედიაში შეყვანილია, როგორც საუკუნის საუკეთესო მევიოლინე. 16 წლისა ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, გაიმარჯვა ჟაკ ტიბოსა და მარგარეტ ლონგის (პარიზი) და იან სიბელიუსის (ჰელსინკი) კონკურსებზე, არის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი, დაჯილდოებულია შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიებით. კემბრიჯის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის ენციკლოპედია მას XX საუკუნის 2000 საუკეთესო მუსიკოსს შორის ასახელებს. გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა "საუკუნის დიდებული მევიოლინე" უწოდა.
პ.ს. "კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ქალბატონ ლიანას, გარდაცვლის ახლობლებსა და მეგობრებს
იხილეთ ასევე: "რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ" (ექსკლუზივი)