კრიტიკული 4 საათი - დაგვიანდა თუ არა რეაგირება
28-08-2017
კრიტიკული 4 საათი - დაგვიანდა თუ არა რეაგირება
"პირველი ზარი 112-ში 20 აგვისტოს დაახლოებით 13:30 საათზე შევიდა, ვერტმფრენი ბორჯომის თავზე 17:20 საათზე გამოჩნდა..."

"ხანძრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში პირველად 20 აგვისტოს, 14:52 საათზე გავრცელდა"


ბორჯომის ხეობის ხანძართან დაკავშირებით არაერთხელ დაისვა კითხვა - დაგვიანდა თუ არა რეაგირება მაშინ, სანამ ცეცხლი დიდ მასშტაბებს მიაღწევდა. მოდით, თვითმხილველებთან ერთად გავიხსენოთ სტიქიის ქრონოლიგია და შევეცადოთ, ამ კითხვებს პასუხი გავცეთ.

ბორჯომის ხეობის ხანძართან დაკავშირებით არაერთხელ დაისვა კითხვა - დაგვიანდა თუ არა რეაგირება მაშინ, სანამ
ცეცხლი დიდ მასშტაბებს მიაღწევდა. მოდით, თვითმხილველებთან ერთად გავიხსენოთ სტიქიის ქრონოლიგია და შევეცადოთ, ამ კითხვებს პასუხი გავცეთ.

სოფიო დათუნიშვილი, სოფელ დაბის მკვიდრი, იხსენებს:
- 20 აგვისტოს, კვირას, დღის დაახლოებით ორის ნახევარზე, უკვე ყველა დაბელმა იცოდა, რომ სოფლის მიმდებარე ტყეში ხანძრის კერა იყო - კვამლი სოფლის ნებისმიერი
სახლიდან კარგად ჩანდა. ზუსტად რომელ საათზე გაჩნდა ხანძარი, არ ვიცით (სხვა თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი 20 აგვისტოს დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა), თუმცა, პირველად სწორედ 13:30 საათისთვის დავრეკეთ 112-ში. გვიპასუხეს, გასაგებია, გავარკვევთო და გაგვითიშეს. დახმარების თხოვნის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფი დიდხანს არ გამოჩენილა. არადა, ვგრძნობდით, საფრთხე გვემუქრებოდა - მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის კვამლი ფერდობის წვერზე ჩანდა და პატარა ხანძრის კერას ჰგავდა, ცეცხლსა და სოფელს შორის მანძილი მცირე იყო და ეს გვაშინებდა. ამიტომაც მოსახლეობა 112-ში ისტერიკულად რეკავდა, ჩემი თანდასწრებით ერთდროულად ათჯერ მაინც დარეკეს, თუმცა, ამაოდ. ჩვენმა ორმა თანასოფლელმა სცადა ცეცხლის კერამდე ასვლა, მაგრამ ბოლომდე მისვლა ვერ მოახერხეს, თანაც, თუ ხანძარი შორიდან მცირე მასშტაბის ჩანდა, ადგილზე აღმოჩნდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები მასთან გასამკლავებლად არასაკმარისი იყო. ყურადღების მისაქცევად გადავწყვიტე, ფოტოები სოციალურ ქსელში გამევრცელებინა. ზუსტად 14:52 საათზე სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი სამი ფოტო ავტვირთე, იქვე მივუთითე, რომ ძლიერი ქარის გამო ცეცხლის სწრაფად გავრცელების რისკი მაღალი იყო. ამ პერიოდში უკვე დაახლოებით ერთ ჰექტარზე იყო ცეცხლი მოდებული.
alt
- რომელ საათზე გამოჩნდა სოფელში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი?
- 17:20 საათზე, მანამდე რას ელოდებოდნენ, გაუგებარია, რადგან ამ პერიოდში ცეცხლი გამძვინვარდა. როგორც იქნა, ვერტმფრენის გამოჩენას ვეღირსეთ, მაქსიმუმ სამი შემოვლის შემდეგ კი გამოგვიცხადეს, ვერტმფრენი ღამე ვერ მუშაობს და გათენებას უნდა დაველოდოთო. ამასობაში,
ქარი უფრო გაძლიერდა, ცა ცეცხლის ღრუბელმა დაფარა, კვამლმა და ნამწვის სუნმა უკვე დაბამდე ჩამოაღწია და რეალური საფრთხე გაჩნდა, რომ ცეცხლი მოსახლეობამდე მოაღწევდა.

ვინც მოახერხა, ქალები და ბავშვები დაბიდან მეზობელ სოფლებში გაიყვანა, დანარჩენებმა კი ღამე ქუჩაში გავათენეთ. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ თითოეულ მოსახლეს დაუცველობის განცდა გვქონდა, ვიდექით ქუჩაში და ვუყურებდით, როგორ იწვოდა მიმდებარე ტერიტორია, ვერტმფრენი არსად ჩანდა, არც ისეთი ძალა იყო ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული, რომ იმედიანად ვყოფილიყავით. ორი დღე მეხანძრეები ფერდობის დაბლა იდგნენ და ხანძარს შორიდან უყურებდნენ - ჯერ გზა არ ჰქონდათ გაჭრილი, რომ ხანძრის კერამდე მიეღწიათ. ხელმძღვანელები დაბნეულები დადიოდნენ. მეორე დღეს გვითხრეს, ხანძარი ლოკალიზებულიაო, არადა, ამ დროს ვუყურებდი, როგორ ჩნდებოდა ახალი კერები. მაშინ მხოლოდ 5 ჰექტარი იყო დამწვარი. დაგვამშვიდეს, ეს მხოლოდ დაკვამლიანებაა, ცეცხლი განეიტრალებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობსო, ვერტმფრენიც აღარსად ჩანდა, ქარმა ისევ დაუბერა და მცირე კერიდან ცეცხლი ფერდობს ელვის სისწრაფით მოედო.

გადამწვარი ტყე მთვარის რელიეფს დაემსგავსა

რეპორტაჟი ეპიცენტრიდან

სოფელ დაბაში საგანგებო შტაბთან ყოფნას იმის მოლოდინში, მორიგი ოფიციალური პირი დაკონკრეტების გარეშე, საერთო ფრაზებით, ინფორმაციის პატარა ლუკმას "გადმოუგდებდა" იქ შეკრებილ ჟურნალისტებს, აღარ ღირდა, საჭირო იყო ხანძრის რომელიმე კერასთან თავად ასვლა.
2005 წელს აბასთუმანში გაჩენილი დიდი ხანძრის ჩაქრობაში პატარა გამოცდილება მქონდა მიღებული და დაახლოებით წარმომედგინა, რა დამხვდებოდა, თუმცა... სოფელ ყვიბისიდან თორთის მთისკენ, სადაც მანამდე ხანძრის ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო, სამხიდიანი "ზილით" დავიწყეთ აბობღება. მთაში ტრაქტორის მიერ გაჭრილ ამ ურთულეს ხუთკილომეტრიან გზას თითქმის საათი მოვუნდით.
მძღოლი, ყვიბისელი 32 წლის ლევან გოგოლაძე, უზარმაზარ "ზილს" დიდ აღმართში ოსტატურად მართავს და არც საუბარს წყვეტს: - დიდი საფრთხე იყო, ხანძარი ამ ფერდობზეც გადმოსულიყო და ყვიბისამდე ჩამოსულიყო. მთელი სოფელი დავირაზმეთ, ვინ ბარებით და თოხებით, მე ეს "ზილი" მყავს და მთის თავზე მეხანძრეებისთვის დღეში ექვსჯერ მაინც სამ-სამი ტონა წყალი ამაქვს. ტრაქტორებმა მთის თავისკენ გზა რომ გაჭრეს, მერე სახანძრო მანქანები ბუქსირებით აიყვანეს. მე და ჩემს რამდენიმე სოფლელს, ვისაც ასეთი სამხიდიანი სატვირთოები გვყავს, წყალი სწორედ იმ სახანძრო მანქანებში ჩასასხმელად აგვაქვს.

ტყე სავსეა გადამხმარი ტოტებითა და მორებით, რაც წლების განმავლობაში ტყის ბრაკონიერულად ჭრის გამო დაგროვდა და არც არის გასაკვირი, ცეცხლი ასე სწრაფად რომ ვრცელდება.

როგორც იქნა, თორთის მთის თავზე გავივაკეთ და თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა... ასე წარმომიდგენია მთვარის ზედაპირი, ნაცრისფერი მასა გარშემო, სიცოცხლის კვალი გამქრალია...

საშინელი ფიქრებიდან მეხანძრის გახარებულმა შეძახილმა გამომიყვანა: "წყალი მოიდა, წყალი, აბა, ბიჭებო, დავცხოთ!" ეტყობა კახელია, მართლაც გურჯანიის სახანძროდან აღმოჩნდა. "აქ მთელი საქართველოდან ვართ შეკრებილი, აგე, ქვემოთ კასპელები მუშაობენ", - სანამ მეხანძრე მესაუბრება, ჩვენი "ზილიდან" სამ ტონა წყალს სახანძრო მანქანა თავის ცისტერნაში ტუმბავს.

"ქვემოთ კასპელები დარჩენილ ცეცხლის კერებს აქრობენ, ნახავთ?" - მთავაზობენ მეხანძრეები. ამას კითხვა უნდა-მეთქი, გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ სახანძრო მანქანით თორთის მთის უკვე მეორე, დამწვარ ციცაბო ფერდობზე ნელ-ნელა ვეშვებით - ღმერთმა ნუ ქნას, წყლით სავსე ძველ "სახანძრო "ზილს" მუხრუჭებმა უმტყუნოს, გაფიქრებაც მზარავს...
ფერდობზე ხანძრის დიდი კერა აღარ მძვინვარებს, მაგრამ დამწვარი ხეები ხრჩოლავენ და აქა-იქ ნაკვერჩხალი გიზგიზებს.
კასპელი მეხანძრეები სახანძროს გაჩერებას არ აცლიან, მილს უერთებენ და ბრანდსპოიტით აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებზე "ნადირობას" იწყებენ, არც ქართლური იუმორით ერთმანეთის გამხნევება ავიწყდებათ.
ციცაბო კალთაზე ნაცრის ფენაზე ფეხი სრიალებს, კვამლი დგას, სუნთქვა ჭირს, მაგრამ დრო არ ითმენს, საჭიროა კოცონების რაც შეიძლება სწრაფად ჩაქრობა. ფოტოაპარატს გვერდზე ვდებ, მეხანძრეების ნებართვით ბრანდსპოიტს ვიღებ და რამდენიმე წუთით თავად ვხდები ამ მართლაც ვაჟკაცური და უშიშარი პროფესიის წარმომადგენელი.

სამწუხაროდ, წყლის მარაგი მალევე მთავრდება, ისევ მთის თავზეა ასასვლელი, რომ ყვიბისელების მორიგი "ზილით" ამოტანილი წყალი ჩაიმატოს. სანამ უკან ავალთ, ხანძარგამოვლილ ხეებს ვაკვირდები, თითქოს ძირებში ცეცხლი ჩავაქრეთ, მაგრამ ხის ფუღუროში ცეცხლი ისევ ღვივის, ისევ წყალია საჭირო და რაც მთავარია, მუდმივი ყურადღება. მეხანძრეებს აქ გათენება მოუწევთ. ბიჭებისთვის საჭმელი მოაქვთ, ცოტა კიტრი, პამიდორი, პური, მონადირული ძეხვი, თევზის კონსერვები და, რა თქმა უნდა, წყალი პლასტმასის ბოთლებით.

მთის თავზე ყვიბისელების მორიგი "ზილი" ამოსულა წყლის ახალი ულუფით, სახანძრო მანქანა ხარბად ისრუტავს წყალს. გურჯაანელი მეხანძრე თევზის კონსერვს ხსნის და ფიქრებში წასული ხმამაღლა ნატრობს, ერთი ახლა ხაშლამა იდოსო, ამ დროს თავზე დაბალ სიმაღლეზე წყლით სავსე კალათით შვეულმფრენმა გრუხუნით გადაგვიფრინა და ვიღაცამ მიაყოლა, აჰა, ისიც ხომ გინდა, მაგ შვეულმფრენიდან მარილი მააყაროსო... მეხანძრეების გამურულ სახეებზე სიცილი მართლაც სხვანაირად მოჩანს, რამდენიმედღიანი რთული და სახიფათო სამუშაოს შემდეგ იუმორი განწყობას ამაღლებს, მათ ხომ მთავარი შეძლეს, ცეცხლი შეაჩერეს...

საერთო ტკივილმა კახელები, კასპელები და ყვიბისელები თორთის მთის თავზე ერთმანეთს დაახლოვა, იგივე ხდებოდა ხანძრის სხვა კერებთან, სადაც ბათუმელი, თბილისელი, ქუთაისელი, ზუგდიდელი და სხვა ქალაქების მეხანძრეები აქაურებთან, მეტყევეებსა და მოხალისეებთან ერთად ებრძოდნენ ამ საშინელ სტიქიურ უბედურებას.

ირაკლი ალადაშვილი
ქუთაისელი
01 სექტემბერი 2017 12:50
თქვენი აზრით ალბათ ტრამპიც უნდა გადადგეს რადგან ვერახერხებს სტიქიასთან წარმატებულ ბრძოლას .დდ ამ დემაგოგიას არ ჯობია მადლობა ვუთხრათ მეხანძრეებს და მთავრობას.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები