"ოცეულის შეძახილი გავიგონე, ცეცხლმა არ უნდა გვაჯობოსო"
28-08-2017
"ოცეულის შეძახილი გავიგონე, ცეცხლმა არ უნდა გვაჯობოსო"
ნიკა კოდუა, მოხალისე: "სოფელ დაბაში დილის ხუთი საათისთვის ჩავედით. გადავწყვიტეთ, დახმარება განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის შტაბისთვის შეგვეთავაზებინა, თუმცა, ხელმძღვანელმა შტაბიდან გამოგვაგდო, აქ მოხალისეების ადგილი არ არის, პროფესიონალებს ხელს შეუშლითო. მაინც არ მოვეშვით, სამჯერ მივაკითხეთ და ბოლოს გვითხრეს, ჯარისკაცებმა ფერდობზე ოცეულს სასმელი წყალი უნდა აუტანონ და თქვენც გაჰყევითო. გვეგონა, პატრიოტული ყიჟინის თანხლებით მაინცდამაინც ნიჩაბი უნდა გვჭეროდა ხელში და ხანძარს ასე შევბრძოლებოდით, თუმცა, წყლის ატანის ნებართვაზეც კმაყოფილი დავრჩით, როგორც იქნა, რაღაც დაგვავალეს. შვიდი
მოხალისე და ორი სამხედრო მოსამსახურე წყლის ბოცებით ფერ­დობს ავუყევით. ჯარისკაცებს 60-ლიტრიანი ბიდონი მოჰქონდათ, ჩვენ - ხუთლიტრიანები. თანდათან სიარული გამიჭირდა, ფეხი მიცურდებოდა, ორჯერ წავიქეცი და ფერდობზე დაგორებას ძლივს გადავურჩი. კომპიუტერში სხვანაირად მეჩვენებოდა ხანძრის ტერიტორია, ადგილზე კი ნამდვილი ჯოჯოხეთი დამხვდა - აუტანელი სიცხე იყო. ის 5-ლიტრიანი წყლის
ბოცა რამდენიმე ტონა ტვირთად მეჩვენებოდა. ავწუწუნდი, თუმცა, როცა ჯარისკაცებს გადავხედე, შემრცხვა - ისეთი მონდომებით მოჰქონდათ 60-ლიტრიანი წყლის ბოცა, არც კი დაუჩივლიათ. ცოტა ხანში შევთავაზე, ჩვენ ავალთ, თქვენ აქ დაგველოდეთ და როგორც კი ჩვენს 5-ლიტრიან ბოცებს დავცლით, ჩამოვალთ და ასე 5-5 ლიტრად ავიტანოთ წყალი-მეთქი. უარი მითხრეს, ბრძანებაა და უნდა შევასრულოთო.

როგორც იქნა, ოცეულამდე მივაღწიეთ - ბიჭები ცეცხლს ებრძოდნენ, დაღლილნი იყვნენ, მაგრამ მაინც მთელი ძალით აყრიდნენ მიწას ცეცხლს. როდესაც დაგვინახეს, თითქოს იმედი გაუჩნდათ და გაორმაგებული ძალით გააგრძელეს მუშაობა. იქ დაახლოებით ნახევარი საათი გავჩერდი - მაშველები უკვე ადუღებულ წყალს სვამდნენ, სიცხისგან წყალი გზაშივე გათბა, მაღლა გაცხელდა კიდეც. მივხვდი, იქ მოხალისეების საქმე არ იყო, მაშველებს მხოლოდ ხელს ვუშლიდით, იმასაც მივხვდი, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო სოციალურ ქსელში ამტყდარი ისტერიკა, მოხალისეების ორგანიზება რომ მოეხდინათ, ცეცხლს უფრო მარტივად ჩააქრობდნენო. ვიღაცებს დაავიწყდათ, რომ მოხალისეები 13 ივნისს, სტიქიის ღამეს კი არა, მეორე დღეს ვმუშაობდით და ისიც მხოლოდ ვასუფთავებდით.
უკან რომ ჩამოვდიოდი, ოცეულის შეძახილი გავიგონე, ცეცხლმა არ უნდა გვაჯობოსო. კიდევ რამდენიმე ნაბიჯით დაბლა რომ დავეშვი, მათი ხმა უკვე აღარ მესმოდა. გათენებული იყო, ექვსი საათი. შორიდან ვუყურებდი ხანძრის ჩაქრობას და აზერბაიჯანელი პილოტის თავდადებამ აღმაფრთოვანა - წამითაც კი არ შეუსვენია, თავდაუზოგავად და რაც მთავარია, სწრაფად მუშაობდა, თითქოს საკუთარი ქვეყნის ტყეს ეკიდა ცეცხლი.

თბილისში იმავე დღეს დავბრუნდი და მათ ნაცვლად შემრცხვა, რომლებიც ადამიანების თავგანწირული შრომის ფონზე, პიარისთვის ვითომ მოხალისეებად პოზირებდნენ კამერების წინ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით