"ვინც ეს ჩაიდინა, მისი მიზანი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა" - კვირის პალიტრა

"ვინც ეს ჩაიდინა, მისი მიზანი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა"

"ცხელი ზაფხულის მიუხედავად, საქართველოში ცეცხლის კერებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო"

კობა კობალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - ცხელი ზაფხულის მიუხედავად, საქართველოში ცეცხლის კერებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. როგორც წესი, ასეთი პროცესები საზოგადოებრივი აზრის დაძაბვას ემსახურება, თუმცა, გამოძიების დასრულებამდე ვერდიქტს არ გამოვიტან - შესაბამისმა უწყებებმა უნდა გვითხრან, ვის აძლევდა ხელს ეს პროცესები.

პირველ რიგში, მოსახლეობას მოვუწოდებ, ამ პროცესებს ცივი გონებით შეხედოს, ვინც ეს ჩაიდინა, შესაძლოა, მისი მიზანი სწორედ მოსახლეობის გაღიზიანება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა. თუ ეს პროცესები მართლაც მართულია, ეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და მორალური ტერორის მცდელობა იყო, ეკონომიკურადაც დიდი ზარალის მიყენების მუქარაც გახლდათ.

- იქნებ მოქალაქეები უფრო ნაკლებად გაღიზიანებულიყვნენ, სახელმწიფოს რომ დროულად ემოქმედა და 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია არ გადამწვარიყო?

- სახელმწიფომ დროულად იმოქმედა, მაქსიმალური მობილიზება და კოორდინაცია გამოავლინა, არსებული რესურსით გაუმკლავდა სტიქიას.

- მართლაც სთხოვა თუ არა საქართველომ დახმარება რუსეთს, როგორც რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას?

- საქართველოს რუსეთისთვის დახმარება არ უთხოვია.

- გია ვოლსკის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ სანამ ხანძრების სერია დაიწყებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. თქვენც ხედავთ კავშირს ამ ორ ფაქტს შორის?

- ბორჯომში გაჩენილ ხანძარსა და კონფლიქტის ზონაში ხნულს შორის მანძილი საკმაოდ დიდია, ამიტომ მტკიცებით ფორმაში საუბარი მიჭირს. ალბათ, არალოგიკურიც არ უნდა იყოს, როდესაც რუსეთისთვის დახმარების თხოვნის ტალღა აგორდა. შესაძლოა, ბევრმა მართლაც კეთილი გულით ითხოვა ან გულწრფელად ფიქრობდა, რომ რუსეთის დახმარება აუცილებელი იყო. ბევრი დღემდე დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა ჩრდილოელ მეზობელთან უნდა შევათანხმოთ. დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს შვილები ვართ, რომლებსაც არა მხოლოდ უფლება, ვალდებულება გვაქვს, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, ძლიერ და წელში გამართულ ქვეყანაში. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. სწორად უნდა დავგეგმოთ სტრატეგია, როგორ უნდა წავიდეთ ამისკენ, ისტერიკით და წიოკით, როგორც 2008 წელს, თუ ცივი გონებითა და თითოეული ნაბიჯის გათვლით.

რუსუდან შელია