"მთელ ჩემს ქონებას ვუტოვებ ჩემს საყვარელ ქალაქს"
08-09-2017
"მთელ ჩემს ქონებას ვუტოვებ ჩემს საყვარელ ქალაქს"
XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის პირველ ოცწლეულამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე, თბილისმა, 19 ქალაქისთავი (მოურავი), ანუ მერი გამოიცვალა. ამ ცხრამეტიდან თბილისის განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეიტანეს დიმიტრი ყიფიანმა, ალექსანდრე მატინოვმა (მათიაშვილი) და ვასილ ჩერქეზიშვილმა. უშანგი რუხაძე, თბილისის ისტორიის მკვლევარი:

– თბილისის პირველი, არა დანიშნული, არამედ არჩეული ქალაქისთავი დიდი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი გახლდათ. მანამდე მეფისნაცვალი, ან მთავარმართებელი ნიშნავდა ქალაქისთავებს. ყიფიანს მეტად მცირე ხნით, 1876-78 წლებში ეკავა ქალაქისთავის თანამდებობა, მაგრამ ბევრი კარგი საქმის გაკეთება
მოასწრო. დიდი ამაგი დასდო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას, დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბებას. მის სახელს უკავშირდება ერევანსკის მოედნის (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) კეთილმოწყობა, შუამდგომლობა ახალი სახაზინო თეატრის აგებისათვის, თბილისის წყალსადენის პროექტის შემუშავების დაწყება. დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით დაიწყო დაბალჩინოსანთა ოჯახების დახმარება. მისი მითითებით შექმნილი სპეციალური სამსახური ქალაქში უპატრონო ძაღლებზე
ზრუნავდა, მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება, აშენდა ეგზარქოსის სასახლე (დღეს – საპატრიარქოს შენობა).
დიმიტრი ყიფიანი რუსეთის იმპერიის მსახვრალ ხელს შეეწირა. ის დაპირისპირებული იყო მთავარმართებელთან. სემინარიის რექტორ პავლე ჩუდეცკის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა. დიმიტრი ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. 1886 წლის ზაფხულში ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ერთი წლის შემდეგ, ღამით მის სახლში ჯალათი შეიპარა და თავში ურო ჩაარტყა. ქართველ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით მოხდა მისი ჩამოსვენება. დღეს დიმიტრი ყიფიანი წმინდანად არის შერაცხილი.

ყიფიანის შემდეგ ქალაქის მერობის კანდიდატად 17 კაცი იყო წარდგენილი, მათგან აირჩიეს ალექსანდრე მატინოვი.­ ამბობენ, მას კარგი თვისება ჰქონდა – ოპოზიციურ აზრებს ყურად იღებდაო. მატინოვის მთავარი ოპოზიციონერი ნიკო ნიკოლაძე იყო. მატინოვისა და ნიკოლაძის ურთიერთობამ თბილისის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა. მატინოვის სახელს უკავშირდება ტრამვაის ხაზების დაპროექტება. დღევანდელი თბილისის საკრებულოს შენობამ საბოლოო სახე მატინოვის ქალაქისთავობის პერიოდში მიიღო. მისი მმართველობის პერიოდში აიგო ვერის ლითონის ხიდი, რომელიც ამჟამინდელი გალაკტიონის ხიდის ადგილას მდებარეობდა. მანამდე ამ ადგილას ბორანი დადიოდა. 1878 წელს მატინოვის თაოსნობით ამუშავდა პირველი თბოსადგური, დაწესდა სანიტარიული ექიმის თანამდებობა, დაიწყო ქუჩაში ლამპიონების დაყენება, გაკეთდა წყალკანალი, გაიხსნა 7-სამწლიანი სკოლა, ამოქმედდა ბათუმი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზი.

1890 წელს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მატინოვი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. უმემკვიდრომ მთელი ქონება (200 ათასი მანეთი) თბილისს უანდერძა. "მთელ ჩემს ქონებას ვუტოვებ ჩემს საყვარელ ქალაქს", – ეწერა ანდერძში. მატინოვი პარიზში გარდაიცვალა.
ვასილ ჩერქეზიშვილი 1905 წელს აირჩიეს ქალაქისთავად. მისი მმართველობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – ამუშავდა ფუნიკულიორი – სამთო ტრამვაი, დასრულდა ქაშვეთის ეკლესიის (თანამედროვე სახით) მშენებლობა, მუშტაიდის ბაღში გაიხსნა პირველი კინოთეატრი, აიგო ზუბალაშვილების სახელობის სახალხო სახლი (დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრი), ამოქმედდა უპოვართა სახლი. ჩერქეზიშვილის ქალაქისთავობის პერიოდში, კერძოდ კი 1906 წლის იანვრიდან, სოფელი ვაკე თბილისის საზღვრებს შემოუერთდა. ვასილ ჩერქეზიშვილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გარდაიცვალა – 1908 წელს.

ქალაქისთავები

თბილისის თავები წლების მიხედვით: თომა პრიდონოვი (ფრიდონაშვილი) – 1849-1850 წლები; ზაქარია ამირაგოვი (ამირაღაშვილი) – 1851 წელი; იოსებ მირიმანოვი (მირიმანაშვილი) –1852-1853; ავეტიკ სვეჩნიკოვი – 1854; ანდრო მანანოვი (მანანაშვილი) – 1855-1858; ვართან არშაკუნი – 1859-1861; სოლომონ მირიმანოვი (მირიმანაშვილი) – 1862-1867; ერემია არწრუნი – 1869; ნიკოლოზ ალადატოვი (ალადათაშვილი) – 1870; იასონ თუმანოვი (თუმანიშვილი) – 1871-1875; დიმიტრი ყიფიანი – 1876-1878; ალექსანდრე მატინოვი (მათიაშვილი) – 1878-1890; ნიკოლოზ არღუთაშვილი (არღუთინსკი) წყვეტით – 1892-1904 წლები; პავლე იზმაილოვი – 1895 წ. გიორგი ევანგულოვი – 1899-1901; მიხეილ შესტაკოვი – 1902-1903; ვასილ ჩერქეზიშვილი – 1905-1908; ტიგრან ენკიციანცი – 1909-1910 ალექსანდრე ხატისოვი – 1911-1919; ბენიამინ ჩხიკვიშვილი – 1919-1921 წლები.

ტფილისის "მედროშკეები"


პირველი ტრამვაი – "კონკა" დედაქალაქში 1883 წელს გამოჩნდა. ამ დროისთვის თბილისის ქუჩებში 439 ორცხენიანი, 117 ერთცხენიანი ეტლი და 672 საზიდარი დადიოდა. 1830 წელს გერმანელი მოგზაური, ბარონი ტორნაუ წერდა: "ტფილისის მედროშკეები ისე დააქროლებენ ცხენებს, რომ გამვლელებს შიშის ზარს სცემენ". ქალაქში რამდენიმე სადგომი, ანუ ბირჟა"იყო "დროშკის" ან ეტლის დასაქირავებლად. იყო ეტლის დამამზადებელი საწარმოებიც, რომელთაგან განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ გერმანელი რიჰარდ მადერის ეტლის საწარმო, ასევე კოტრინის, იბრაგიმბეკოვის, კადმანის, აღამოვისა და სხვათა. მეეტლეები მეტწილად მალაკნები იყვნენ. ქალაქისთავ მატინოვის დამსახურებით 1882 წელს დაიწყო პირველი საცხენოსნო რკინიგზის მშენებლობა. "კონკის" პირველი ხაზი ექსპლუატაციაში 1883 წლის 23 თებერვალს გაუშვეს.
1887 წლისთვის თბილისში რეგისტრირებული იყო 520 ფაეტონი, თუმცა, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თბილისი საცხენოსნო რკინიგზით დაქსელილიყო.

სახაზინო (ოპერის) თეატრი

არქიტექტორი ვიქტორ შრეტერი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რუსეთში პირველი არქიტექტურული ჟურნალის "ზოდჩის" დამაარსებელი და რედაქტორი გახლდათ, პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინრების ინსტიტუტის პროფესორი. იგი აშენებდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს რუსეთის იმპერიის ქალაქებში. მისი პროექტით აიგო გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) ე.წ. "მავრულ" სტილში 1880-1896 წლებში თბილისის სახაზინო თეატრი, დღეს ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრის შენობა. "მშენებლობა 1896 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. თეატრი 1200 კაცზე იყო გათვლილი. შენობას 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი.

ძმები სიმენსები

1887 წელს თბილისი პირველად განათდა. ანათებდნენ მაშინ, როდესაც მთვარის განათება არ იყო საკმარისი – სექტემბრიდან მაისის ჩათვლით. იმხანად ცნობილ შენობებს (დრამატული თეატრი, სათავადაზნაურო ბანკი და ა.შ.) საკუთარი ელექტროსადგურები ჰქონდათ. მაშინდელ თბილისში ელექტროსადენებისა და ელექტრომოწყობილობების მთავარი მიმწოდებელი ორი კომპანია იყო: "სიმენსი და ჰალსკე" და "შუკერტი და კომპანია". თუმცა, "სიმენსი" პირველი იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაში. თბილისში მისი ფილიალი 1860 წელიდან ფუნქციონირებდა, რომელსაც სათავეშიც ვალტერ და ოტო სიმენსები ედგნენ. ვალტერ სიმენსის სახელს უკავშირდება პირველად ასფალტის საფრის დაგება თბილისის ქუჩებში. ოტო და ვალტერი ფირმა "სიმენსის" დამფუძნებლის, ვერნერ ფონ სიმენსის უმცროსი ძმები იყვნენ. ძმები სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრობდნენ. ვალტერ სიმენსი 1868 წელს გარდაიცვალა – წვეულებაზე მიმავალი ცხენმა სასიკვდილოდ დააშავა. ოტო 1871 წელს ქოლერამ შეიწირა. ორივენი ვერის ძველ სასაფლაოზე იყვნენ დაკრძალული, სადაც ამჟამად ვერის ბაღი და ჭადრაკის სასახლეა. მოგვიანებით ძმები სხვა სასაფლაოზე გადაუსვენებიათ და დაკარგულად ითვლება. ვალტერ სიმენსი ამჟამინდელ ლადო ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობდა. მის საცხოვრებელ სახლს მემორიალური დაფა ამშვენებს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით