ახალზელანდიელი მაიკლისა და კოტ-დ'ივუარელი ბობის ქართული არჩევანი, ანუ როცა ოჯახში ორი უცხოელი სიძეა - კვირის პალიტრა

ახალზელანდიელი მაიკლისა და კოტ-დ'ივუარელი ბობის ქართული არჩევანი, ანუ როცა ოჯახში ორი უცხოელი სიძეა

მაიკლ ჯეიმს სანდერსსა და ბობი დედის დავით ბოლქვაძისა და ლენა ჟორდანიას გამორჩეულად თბილ და სტუმართმოყვარე ოჯახში შევხვდი. მაიკლიც ამავე ოჯახის წევრია და კარგა ხანია, იქვე ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად. იგი პროფესიით ინფრასტრუქტურის ინჟინერია და მთელი საქართველო აქვს შემოვლილი.

ამ ძალიან სიმპათიური, სერიოზული და სიტყვაძუნწი უცხოელისთვის კარგა ხანია, საქართველო დიდ აღმოჩენად და უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა. ამბობს: გარდა იმისა, რომ ქართველების სიძე გავხდი და აქ დავსახლდი, ჩემი პროფესიით სამსახური რომც არ მეპოვნა, აქაურობას მაინც არ მივატოვებდი. აქ განსაკუთრებულად დიდი სულიერებაა - საქართველოს ისტორია, მისი ამდენი წმინდანი მხოლოდ ამაზე მეტყველებს და მსგავსი ქვეყანა ძალიან ცოტაა მსოფლიოშიო.

საოცრად ხალისიანი, მეგობრული და გულღია ბობიც უცხოელია, ფერადკანიანი და მასაც ძალიან უყვარს საქართველო. იგი მაიკლის ქვისლია - იმავე ოჯახის სიძე, ოღონდ ცოლ-შვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ბობი ფიქრობს, რომ დასავლეთ ევროპა ძალიან შეიცვალა. იქაურები მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტნენ, მხოლოდ თავის ოჯახებსა და ცხოვრებაზე ფიქრობენ და სხვა ადამიანები ნაკლებად ანაღვლებთ. მის სულთან ახლოს სწორედ ქართული ურთიერთობები და გამორჩეულად გულთბილი ქართული ოჯახები არიან. ამბობს: აქ უცხო სტუმარსაც კი გულითადად გხვდებიან, ევროპაში კი, თუ წინასწარ არ შეუთანხმდი, შეიძლება უახლოეს ადამიანსაც არ გაუღონ კარიო. ისიც გაიხსენა, წლების წინ გურიას რომ სტუმრობდა: მაშინ სოფლებში უცხოელი არ ენახათ და მიუხედავად ჩემი განსხვავებული გარეგნობისა, ძალიან თბილად მხვდებოდა ყველაო.

- მაიკლ, თქვენ უკვე "სტაჟიანი ქართველი" ხართ, მგონი, მართლაც გაქართველდით, ქართულადაც მშვენივრად საუბრობთ. სად და როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე - ნინო ბოლქვაძე?

- ერთმანეთი ბრაზილიაში გავიცანით. მე ახალი ზელანდიიდან ვარ, ბრაზილიის სახელმწიფოს დაფინანსება მივიღე და იქ დოქტურანტურაში ვსწავლობდი.

ნინო:

- გერმანიაში ვსწავლობდი და შემდეგ ბრაზილიაში გავემგზავრე, იქაურებისთვის გერმანული რომ მესწავლებინა. ერთხელ ჩემს ფრანგ მეგობართან ერთად უნივერსიტეტის კაფეში წავედი. მაიკლიც იმავე კაფეში იყო, თავის მეგობართან ერთად. გვერდიგვერდ მაგიდებთან ვისხედით და ჩვენც ინგლისურად ვსაუბრობდით და ისინიც. იქ ნაკლებად ლაპარაკობენ ინგლისურად და ერთმანეთსაც ამიტომ მივაქციეთ ყურადღება. მერე ერთმანეთი გავიცანით და მალევე დავმეგობრდით. გერმანიაში ინტერნაციონალური ჯგუფი მყავდა, მაგრამ ახალზელანდიელი არავინ იყო. ამიტომ დავინტერესდი მაიკლით. მაგრამ ჩემი სასწავლო პროგრამა მხოლოდ ოთხ თუ ხუთ თვეს გრძელდებოდა და შემდეგ კვლავ გერმანიაში უნდა დავბრუნებულიყავი. ამ ამბავმა, თითქოს, უფრო დააჩქარა ჩვენი ურთიერთობა.

მაიკლი და ნინო

მაიკლი:

- ბრაზილიაშივე გავუგზავნე ნინოს წერილი, სადაც სიყვარულს ვუხსნიდი, შემდეგ კი ხელიც ვთხოვე.

ნინო:

- იქვე დამნიშნა და მალე გერმანიაშიც წავედი. მერე ერთმანეთს ახალ ზელანდიაში შევხვდით, მაიკლის მშობლები უნდა გამეცნო, შემდეგ ერთად გავემგზავრეთ გერმანიაში, საქართველოშიც ჩამოვედით და ბოლოს ისევ ბრაზილიაში წავედით.

მაიკლი:

- ქორწილი საქართველოში გვქონდა. ჩემი მშობლები, და და სიძე, ნათესავები და მეგობრებიც ჩამოვიდნენ, ვინ - ჩემი სამშობლოდან, ნაწილი - ევროპიდან. მოკლედ, ვინც მოახერხა, ყველა გვეწვია. ნამდვილი ქართული ქორწილი გვქონდა. ხელი ახალ ზელანდიაში, ოკლენდში მოვაწერეთ, ჯვარი კი - აქ, საქართველოში დავიწერეთ. ანგლიკანი ვიყავი და მართლმადიდებლურად სვეტიცხოველში მომნათლეს, ქორწილამდე ერთი წლით ადრე. ნინო ძალიან მიყვარდა და ძალიან მინდოდა, ღმერთის წინაშეც ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით. არადა, ვიცოდი, თუ მართლმადიდებელი არ გავხდებოდი, საქართველოში ეკლესიურად ვერ ვიქორწინებდით. თანაც ნინო მართლმადიდებელ, მორწმუნე ოჯახში იყო გაზრდილი. სხვათა შორის, მაშინ მართლმადიდებლობის არსი არც მესმოდა. რწმენა მერე მოვიდა.

- მონათვლის გამო თქვენი ოჯახისგან წინააღმდეგობა არ შეგხვდათ?

- არა, რადგან მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ვფიქრობდით, რომ ყველა ქრისტიანი ერთია. ისინი დღესაც ასე ფიქრობენ, თუმცა მე უკვე ვიცი, რომ ეს ასე არ არის. უფლის წყალობით, დღეს სამი შვილი გვყავს - ანა-მარია, ნოა და ნიკოლოზი და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში, თბილისში ვცხოვრობთ.

- ნინო, თქვენი დის ასევე უცხოელი, ოღონდ ფერადკანიანი მეუღლე - ბობი უფრო გვიან შემოგიერთდათ ოჯახს?

ნინო:

- არა - პირიქით. მე და ბობი ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით, 20 წელიწადია, ერთმანეთს ვიცნობთ. გერმანიაში, კერძოდ - ჰაიდელბერგში ჩემს დასთან - თამარასთან ერთად ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. ბობიც იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც - ჩვენ. ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, სტუდენტურ წვეულებაზე. ძალიან მიზანდასახული და ბეჯითი სტუდენტი იყო.

- ბობი, თქვენ რომელი ქვეყნიდან ხართ?

ბობი:

- სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკიდან, ანუ კოტ-დ'ივუარიდან. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გერმანიაში რომ ჩავედი და მას შემდეგ იქ ვცხოვრობ.

ნინო და თამარა რომ გავიცანი, თავიდანვე არ დავმეგობრებულვართ, მაგრამ ჰაიდელბერგი პატარა ქალაქია, სულ ერთსა და იმავე ადამიანებს ხვდები, ასე რომ, ჩვენი გზებიც მალე გადაიკვეთა...

- თამარი როდის შეგიყვარდათ?

- ძალიან გაწონასწორებული, სერიოზული ადამიანია და თავიდანვე მომეწონა. მე კომუნიკაბელური ვარ, უცნობებთან ურთიერთობა არ მიჭირს, თამარა კი ჩემგან ძალიან განსხვავდება.

ლეა, თამარი და ბობი

- მალევე დაქორწინდით?

- პირიქით - გაცილებით გვიან, 2010 წელს. თამარას ოჯახი თავიდან წინააღმდეგი იყო. მაინც სხვა კულტურის ადამიანი ვიყავი, კანის ფერიც განსხვავებული მქონდა, მაგრამ მერე, რომ ნახეს, ვმუშაობდი და ჩემს ოჯახს თავს ვევლებოდი, ნელ-ნელა შემეგუენ და შემიყვარეს. ახლა ერთი გოგონა გვყავს, 15 წლის ლეა.

- ნინო, მაიკლ, რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად აქ ჩამოსვლა?

ნინო:

- წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი და შვილის გაჩენა მაინცდამაინც ბრაზილიაში, ახლობლებისგან შორს, არ მინდოდა.

მაიკლი:

- მერე, უცბად ვიშოვე სამსახური, ძალიან მალე შევიძინე უახლოესი მეგობარი და მანაც სტიმული მომცა.

- ბობი, თქვენ არ აპირებთ საქართველოში ცხოვრებას?

- საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს და ვერ მივატოვებ. მერე კი, ვნახოთ... შესაძლოა, საბოლოოდ მაინც აქ დავსახლდეთ. ასეთ შემთხვევაში კი, არ გამოვრიცხავ, მართლმადიდებულ ეკლესიას ვემსახურო...

- შევნიშნე, თქვენც და მაიკლიც სამარხვი კერძებს მიირთმევდით. თავიდანვე მართლმადიდებელი იყავით?

- არა, ადრე კათოლიკე ვიყავი და საკმაოდ აქტიურად დავდიოდი ეკლესიაში, მაგრამ... მერე და მერე, როდესაც კარგად ჩავუღრმავდი ქრისტიანულ რელიგიას (დაახლოებით, 4-5 წლის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე), აღმოვაჩინე, რომ მართლმადიდებლობა სწორედ ისეთი იყო, როგორც მე ვცხოვრობდი, ხოლო კათოლიციზმი მისგან ძალიან განსხვავდებოდა. ეს უკანასკნელი არ იყო ის, რისიც მე მწამდა, რაც მე მინდოდა.

მაიკლი:

- ბობი მართლმადიდებელად შარშან, აგვისტოში მონათლა მამა ბასილმა, წოდორეთში რომ მონასტერია, იქ. ერთადაც ავდივართ ხოლმე იმ მონასტერში, თორემ წირვა-ლოცვებს მე სიონში ვესწრები. ბობი გერმანიაში ესწრება წირვა-ლოცვას, ოღონდ - რუსულ ეკლესიაში, რადგან მის ქალაქში - ბადენ-ბადენში ქართული ეკლესია არ არის. მართალია, რუსული არ იცის, მაგრამ თავისი ლოცვების კრებულით დადის და, წირვის პარალელურად, მას კითხულობს... მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ, თუნდაც შეუცნობლად, ასეთი არჩევანი გავაკეთე და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პირადად გავიცანი. ვფიქრობ, ის უკვე დიდი წმინდანია და მოვა დრო, ამას ყველა გაიგებს.

იხილეთ ასევე: "ჰარშიმ ძალიან მოიხდინა ჩოხა, თავზე კი ინდური ტურბანი ჰქონდა მოხვეული" - ჩემი ქართულ-ინდური ქორწილი

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)