"გზებზე სიარულში გოგონები უფრო ძლიერები არიან" - ავტოსტოპით მოხეტიალენი... - კვირის პალიტრა

"გზებზე სიარულში გოგონები უფრო ძლიერები არიან" - ავტოსტოპით მოხეტიალენი...

"ჩვენ შეიძლება მოგზაურობით მოწამლულებიც გვიწოდოთ. გზებზე სიარულში გოგონები უფრო ძლიერები არიან"

"მე სილამაზისა და სიკეთის საძიებლად დავდივარ. ჩემთვის ეს არის ცხოვრება"

- საითაც თვალი გაგვიწვდება! - აი, ასე პასუხობდნენ ფანტასტიკური საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის გმირები, როცა ეკითხებოდნენ, ახლა საით გაგიწევიათო. მეც ეს სიტყვები ამომიტივტივდა, როცა ვახო ნოზაძე-წერეთელს ვესაუბრებოდი. ეს ბიჭი და მისი მეგობრებიც იქ მიდიან, საითაც თვალი გაუწვდებათ. მოგზაურობისთვის ფულს როგორ შოულობენ? რა პრობლემაა - ავტოსტოპი და მისი ჯანი! ვახომ ავტოსტოპით ნახევარი აზია: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი შემოიარა, ნახევარსაც აწი აპირებს. აზიის იქით კიდევ ევროპაა, იმის იქით კი - მსოფლიო! Gგზებს რა დალევს!

"სხვა საქართველო არსად არის, მაგრამ სილამაზე ყველგანაა. როცა გული სამოგზაუროდ მიგიწევს, ყოველთვის მოიძებნება გზა, გულს გაჰყვე... ეს ყველაზე მაგარი რამეა", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ვახო ნოზაძე-წერეთელი.

- ჩვენ შეიძლება მოგზაურობით მოწამლულებიც გვიწოდოთ. ლაგოდეხში გავიზარდე და ათი წლიდან შევუჩნდი მშობლებს, შავ ტბებზე გამიშვით-მეთქი. ეს ტბები კლდეებში 2 800 მეტრ სიმაღლეზეა და როგორ გამიშვებდნენ?! 14 წლისა მაინც წავედი. ასანთიც კი არ წაგვიღია მეგობრებს და ისეთმა წვიმამ დასცხო, სულ დავსველდით, ასე სველებმა გავათენეთ ტყეში ღამე. მას მერე აღარც გავჩერებულვართ... დღეს ბევრი ახალგაზრდაა ხეტიალით მოწამლული. გზებზე სიარულში გოგონები უფრო ძლიერები არიან...

- მარტო როგორღა მოგზაურობ?

- თუ სადმე წასვლა მომინდა და იმ დროს ვერავინ მოდის, მარტო მივდივარ. ირანში მარტო წავედი, ავტოსტოპით. სომხეთით გადავედი. სომხეთამდე ავტოსტოპით ვიარე. სომხეთისა და ირანის საზღვარზე სასტიკი გაუდაბნოებაა. მდინარის აქეთ სომხეთია, იქით ირანი. ამ უდაბნოდან თავრიზისკენ სატვირთოს მძღოლმა გამიყვანა ავტოსტოპით. ინგლისური არ იცოდა, მაგრამ ხელებითა და ფეხებით ვუხსნიდი, ფერეიდანში მივდივარ-მეთYქი. ერთ პატარა ქალაქამდე მიმიყვანა, იქ კი პროფესორის ოჯახმა მიმასპინძლა. ძალიან თბილი ადამიანები იყვნენ. ინგლისური იცოდნენ და დამაკვალიანეს, თავრიზამდე მიმიყვანეს. ამ ქალაქში უმეტესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია და კლდეში ნაკვეთ სახლებში ცხოვრობენ...

თავრიზიდან ფერეიდნისკენ ავტობუსით წავედი. ერთი სიტყვაც არ იცოდნენ ინგლისური. როგორ არ ვცადე, გამეგებინებინა, სწორად მივდიოდი თუ არა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბოლოს ერთი კაცი მომიჯდა. არ მომეწონა, ავდექი და სხვაგან გადავჯექი. იქაც გადმომყვა და ნერვები ამიშალა. მერე დავაკვირდი და მივხვდი, რაღაცას მანიშნებდა. მოკლედ, გამაგებინა, ამ ავტობუსს ბოლომდე არ გაჰყვე, ფერეიდანში არ მიდისო. ელდა მეცა. ამასობაში დაღამდა და ისე აცივდა, ავტობუსშივე ცახცახი დამაწყებინა. იმ კაცმა ჩანთა გახსნა, ახალთახალი შარვალი და წინდები ამოიღო და ძალით ჩამიტენა ზურგჩანთაში. მერე ავტობუსი გააჩერებინა და მიმანიშნა, აქ უნდა ჩახვიდეო...

ბნელოდა, კოკისპირულ წვიმაში ძვალსა და რბილში ატანდა სიცივე. ხელები ისე მიკანკალებდა, კარავი ნახევარი საათი ვერ გავშალე. Bბოლოს შიგ შევძვერი, სანთებელა ამოვიღე და გაყინული ხელები მოვითბე. საშინლად ვიგრძენი თავი - მარტო ვარ ამ უცნობ მხარეში, საქართველოსთან არანაირი კავშირი... უკვე იმაშიც შემეპარა ეჭვი, მივაღწევდი თუ არა ფერეიდნამდე. ამ საშინელ ფიქრებში ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს თავთან ბოძი იდგა წარწერით: "ფერეიდანშაჰრი". თურმე აქედან უნდა წავსულიყავი ფერეიდანში. მოკლედ, როგორც იქნა, მანქანამ გამოიარა, ხელი დავუქნიე და ფერეიდნამდე ჩავაღწიე. უცებ ქართული წარწერა დავინახე და მივხვდი, უკვე იქ ვიყავი - სამშობლოში! ჰოდა, ყველაფერი ცუდი, რაც წინა ღამეს გადამხდა, უცებ გაქრა - ქართულ ანბანს ეს ძალა აღმოაჩნდა. იქ სხვანაირი ქართველობაა. ასეთი მინდა აქეთა საქართველოც...

მაღაზიაში შევედი იმის მოსაყოლად, ვინ ვიყავი და რატომ ჩავედი მათთან. რომ გაიგეს, ავტოსტოპით ჩავაღწიე, გაგიჟდნენ, კაცი შენ ყოფილხარო. ერთმა, ამაღამ ჩემთან წამოხვალო. წავედი და, რა თქმა უნდა, ახლა უკვე ფერეიდნელი ძმებიც მყავს.

- მომწონს შენი ფერეიდნული ფოტოები: მანქანაზე წარწერით "დედა ენის დამვიწყებელს დედა გეტირება, ქართველნო"... გულიც კი ამიჩუყდა.

- საოცარი ხალხია, საოცარი სიყვარულითა და ძმობით. ისეთი მოვლილი აქვთ ყველაფერი, თვალს ვერ ვწყვეტდი. ძალიან მინდა, ჩვენთანაც ასე იყოს. მე სილამაზისა და სიკეთის საძიებლად დავდივარ. ჩემთვის ეს არის ცხოვრება.

ეთერ ერაძე