"როკი არის თავისუფლება!" - კვირის პალიტრა

"როკი არის თავისუფლება!"

ინტერვიუ ფოტოხელოვან ბობ გრუენთან, რომელმაც როკის ლეგენდების ცნობილი კადრები ისტორიას შემოუნახა

ლედ ზეპელინმა დაიქირავა "ბოინგ-720" ტურისთვის 1973 წელს. მას ჰქონდა ორი საძინებელი (ერთი ელექტრობუხრით) და სპილენძის ბარი, რომელშიც პიანინო იყო ჩაშენებული. ეს ფოტო ასახავს როკის ცხოვრების სტილს

1970-იან წლებში

ვუცქერ ჯონ ლენონის, "როლინგ სტოუნის", ელვის პრესლის, მადონას, ბობ დილანის, ბობ მარლისა და მუსიკალური სამყაროს კიდევ სხვა წარმომადგენლების ფოტოებს და ვფიქრობ, მათ ლეგენდარულ ავტორთან, ფოტოხელოვან ბობ გრუენთან როგორ გავაბა საუბარი...

როკმუსიკის დაბადებისა და მისი 40-წლიანი განვითარების ფოტოზე აღბეჭდვა ბობ გრუენმა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. მას ჯონ ლენონის პირად ფოტოგრაფადაც მიიჩნევდნენ. 1971 წელს, ლენონისა და იოკო ონოს ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, ბობი მათი ოჯახის ფოტოგრაფადაც იქცა. როკთან ერთად იცხოვრა და ასახა ეპოქა, რომელიც მუსიკალური სამყაროს ლეგენდარული პერიოდია.

ბობ გრუენთან საუბარი ბავშვობის წლებით დავიწყეთ:

- ფოტოხელოვნება დედამ შემაყვარა. 4-5 წლის ვიყავი, როცა მაჩვენა, როგორ გამემჟღავნებინა და დამებეჭდა ფოტოები. თავდაპირველად, ფოტოებს სკოლებისთვის, შემდეგ კი გაზეთებისთვის ვიღებდი. 60-იან წლებში კონტრკულტურული მიმდინარეობა გაჩნდა (ტერმინი "კონტრკულტურა" დასავლურ ლიტერატურაში 60-იან წლებში გაჩნდა და გაბატონებულ კულტურასთან კონფლიქტური ჰიპებისა და ბიტნიკების კულტურას ეწოდა). ამ მიმდინარეობას მეც შევუერთდი - სახლიდან წამოვედი და როკის ბენდთან ერთად დავიწყე ცხოვრება. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ხმის ჩამწერ სტუდიასთან თანამშრომლობა დავიწყე, ახალი ალბომის გამოშვებისთვის ჩემი ფოტოები გამოიყენეს და შემომთავაზეს, ფოტოები სხვა მუსიკალური ჯგუფებისთვისაც გადამეღო. ერთ გადაღებას მეორე მოჰყვა. მას შემდეგ სხვადასხვა ბენდს ვუღებ ფოტოებს.

- ელტონ ჯონი, "ლედ ზეპელინი", "როლინგ სტოუნი", ტინა ტერნერი... ვუცქერ ფოტოებს და მინდა გკითხოთ, რატომ ზუსტად ეს წამი, რადგან სწორედ ამ ერთ წამში დაჭერილმა კადრმა თქვენი ხელოვნება ლეგენდარული გახადა.

- ასობით, ათასობით ფოტოს ვუღებდი მსახიობებს, მუსიკალურ ჯგუფებს. შემდეგ რამდენიმე მათგანი ძალიან ცნობილი გახდა და ეს ბედნიერება იყო. ვცდილობ, დავიჭირო ის წამი, როდესაც არტისტი ყველაზე მძაფრად გამოხატავს ემოციას. როკი არის თავისუფლება, გრძნობების ძალიან ხმამაღლა გამოხატვა.

- ფოტოგრაფიაში კადრი არასდროს მეორდება. ვერ გავუშვებ შანსს, რომ არ გკითხოთ ჯონ ლენონზე...

- ჯონმა მთხოვა, გადამეღო ახლო პლანით ფოტოები ალბომ Walls&Bridges-ის ყდაზე დასაბეჭდად. შემდეგ რამდენიმე ფოტო რეკლამისთვისაც მოინდომა. ჯონს ფოტოგადაღება თავისუფალ გარემოში უყვარდა და შევთავაზე, მისი ბინის სახურავზე მოგვეწყო ფოტოსესია, გარშემო ნიუ-იორკის ხედებით. ჯონს ვკითხე, თუ ჰქონდა ის მაისური, რომელიც მე ვაჩუქე... ჩაიცვა და შეიქმნა კიდეც ის ცნობილი ფოტოსერია. მაშინ რას ვიფიქრებდით, რომ ძალიან პოპულარული გახდებოდა.

- როდესაც პირველად დახედავ, გგონია, რომ ნახატია. ტინა ტერნერის ცნობილი ფოტოც ნახატს ჰგავს, რომელიც თითქოს მთელ მის ცხოვრებას ასახავს.

- ტინა ტერნერის ეს ფოტო სხვადასხვა გამოსახულებით მარსელ დიუშანის ნახატს Nუდე Dესცენდინგ ა შტაირცასე ("კიბეზე ჩამავალ შიშველ ქალს")  შეადარეს. ერთ კადრში მომღერლის ხუთი გამოსახულებაა. ისე დავაყენე კამერა, რომ წამის შუალედით მიმეღო ექსპოზიცია. კამერას ისეთივე სისწრაფით უნდა ემუშავა, როგორითაც ტინა ტერნერი ცეკვავდა. აქ ჩანს, წამში რამდენ მოძრაობას აკეთებს...

- რა აქცევს ფოტოს ლეგენდარულად?

- ფოტო, რომელიც გამოსახავს ვნებას, ხალხს ამახსოვრდება. ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ფოტოების ნახვისას აქვთ განცდა, თითქოს თავადაც კადრში არიან. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფოტოს შექმნის პროცესში და დამთვალიერებლის მეხსიერებაშიც იმიტომ იკიდებს მყარად ფეხს.

ჩემი ფოტოების უმრავლესობა იმ ბედნიერ წუთებს ასახავს, რომელიც მინდა, მახსოვდეს. ბედნიერი ვარ, რომ იყო ჩემს ცხოვრებაში ეს განსაკუთრებული პერიოდი და მომავალსაც ბედნიერს ვხედავ. უკან არ ვიხედები, მაგრამ ვისურვებდი, ისევ გამევლო ის საოცარი პერიოდი, მაგრამ ეს უკვე იყო...

ნინო წიფურია