"მერად ნაცარქექია გვინდა" - კვირის პალიტრა

"მერად ნაცარქექია გვინდა"

ზურა ყიფშიძე: "რაც ჩვენ გავაკეთეთ, მკრეხელობა დავარქვა თუ რა, არ ვიცი. დავხუნძლეთ იქაურობა კორპუსებით. ხალხი ლამის ერთმანეთის საძინებლებში იყურება"

ბაადურ წულაძე: "სპორტის სასახლე ერთ დროს მართლა სასახლე იყო, გარშემო სივრცე ჰქონდა, ახლა კი საკუჭნაოა, იმდენი სახლი მიუშენეს გარშემო"

თურქეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აია-სოფიის ისტორიული პანორამის დარღვევის გამო მაღალსართულიანი კორპუსები დაინგრევა. ყველა იმ ნაგებობის დემონტაჟი მოხდება, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ხედებს ამახინჯებს.

ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ხვდები, რამდენი შენობისგან არის თბილისი გასათავისუფლებელი. მწვანე საფარიც უპასუხისმგებლოდ ნადგურდება და მათ ადგილას სოკოებივით მრავლდება ახალ-ახალი კორპუსები. რა ეშველება თბილისს? - ამ კითხვით საზოგადოების რამდენიმე ცნობილ წევრს მივმართეთ:

"ქართველებს ჯიბე გვეწვის..."

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: - ჩვენებმა რომ ამ პრინციპით იმსჯელონ, ალბათ, ნახევარი თბილისი დასანგრევი გახდება. ბევრი არ გაიმეტებს საკუთარ ქალაქს ისე, როგორც ჩვენ ვამახინჯებთ. არავინ არავის არაფერს ეკითხებოდა, სადაც და რაც უნდოდათ, აშენებდნენ. თურქები პატივისცემის ღირსი არიან - ის, რაც ჩრდილავს ისტორიულს, ნამდვილს, ყველაზე გამოსაჩენს, ადგნენ და მიიღეს მისი დანგრევის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული. თბილისი უნდა იყოს რაც შეიძლება ძველი, ცენტრი კი ისე განახლებული, როგორც პარიზი, როგორც პრაღა, ყველა სიძველე შენარჩუნებული, ფაქიზად აღდგენილი. ცენტრის გადატვირთვა დიდი ცოდვაა.

არ შეიძლება, შანგრილა-მანგრილა საპატრიარქოს ახლოს იყოს. ბევრი ხედი გააფუჭეს, რომელი ერთი ჩამოვთვალო - იმელის უკანა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიები. სპორტის სასახლე უნიკალური არქიტექტურული ნიმუშია, ლადო მესხიშვილის პროექტი, ურთულესი გადახურვით. აუცილებელია ფონი და სივრცე, შენობა რომ არ დაიკარგოს, გამოჩნდეს. რაც ჩვენ გავაკეთეთ, მკრეხელობა დავარქვა თუ რა, არ ვიცი. დავხუნძლეთ იქაურობა კორპუსებით. ხალხი ლამის ერთმანეთის საძინებლებში იყურება. როგორი ნაშენები კორპუსებია, ეგ კიდევ სხვა თემაა.

ახალმა მერმა თავი რიგითი თბილისელის ადგილას უნდა წარმოიდგინოს, რომ არ წავიდეს კომპრომისზე, უნდა იყოს მაგარი სტრატეგი, ესთეტი.

დედაქალაქელი უნდა იყოს თუ არა, მაგაზე არ მიფიქრია. სხვათა შორის,

გასულ საუკუნეებში ქალაქისთავებად სომხებიც გვყავდა. ესე იგი, ვანდობდით ქალაქს, იმიტომ, რომ სომხებს აქვთ გამჭრიახობა, ფულის შოვნის ყისმათი, დახარჯვაც ქართველებზე უკეთ, უფრო მიზნობრივად იციან.

ქართველებს, ჩემი არ იყოს, ჯიბე ეწვით და ერთი სული აქვთ, რამე გადაყარონ.

"თუ სამმეტრიან ხელს მიიკერებ, ხომ ვერ იგუებ?!"

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი: - თბილისს სიყვარული და გაფრთხილება სჭირდება. ეს ქალაქი არ არის მხოლოდ ქუჩები, ის ცოცხალია. მე რომ ფული მქონდეს, პირველ რიგში იმ სახლებისგან გავათავისუფლებდი, რომლებიც ამახინჯებენ, გადავიტანდი. მშენებლობაში არ ჩავდებდი თანხებს, ძველი თბილისის შენარჩუნებაზე ვიფიქრებდი. მთაწმინდაზე მამადავითი ღილივით ჩანს იმ უზარმაზარ შენობებთან, რომლებიც ქალაქის მასშტაბის შეუსაბამოდ ააგეს. მაინტერესებს, არქიტექტურის სამსახური რატომ იძლევა მშენებლობის უფლებას ასეთ ადგილებში?

რას დაამსგავსეს თბილისი! ხანდახან მგონია, სხვა ქალაქში ვცხოვრობ. ეს ის თბილისი აღარ არის. როგორც საკუთარ ოჯახს ექცევი, შვილს, დედას, თავს, შენს ქალაქსაც ისე უნდა მოექცე. თუ საკუთარ თავს სამმეტრიან ხელს მიაკერებ, ხომ ვერ იგუებ, ასე ვერ ეგუება თბილისი ამ შენობებს... პარიზში აივანზეც კი ზედმეტს ვერავინ ვერაფერს გამოიტანს უნებართვოდ.

თბილისი ისეთივე ხელოვნების ნიმუშია ჩემთვის, როგორიც ყველა უდიდესი მხატვრის ტილო. დროა თბილისის შემქმნელი და დრო მისი მომსპობი არ უნდა გახდეს.

ახალი სასტუმრო თუ ცათამბჯენი რომ აშენდა რუსთაველზე, რატომ არ აშენდა სხვაგან? მისი მასშტაბის გამო რუსთაველის თეატრმა, ოპერამ, ამ ულამაზესმა შენობებმა, პეწი დაკარგა. სპორტის სასახლე ფანტასტიკური შენობა იყო, ახლა ზემოდან დევებით ადგანან კორპუსები. ნაცარქექიამ მოიშორა დევები და, ალბათ, მერად ნაცარქექია გვინდა, რომ დევებს მოუგოს. ნაცარქექია ზღაპრის ის გმირია, რომელმაც ჭკუით აჯობა დევებს და არა ძალით, ამიტომ გონიერი და ჭკვიანი მერი გვჭირდება.

"შემოიარეთ მსოფლიო და ნახავთ, რომ ქალაქის ცენტრს იერს არ უცვლიან"

ბაადურ წულაძე, რეჟისორი, მსახიობი: - თბილისს მანამ არაფერი ეშველება, სანამ არ შეწყდება კორპუსების მშენებლობა. ახლახან სანქტ-პეტერბურგში ვიყავი, ბოლოდროინდელი ვიზიტიდან 25 წლის შემდეგ. ჩავედი და ცენტრი ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორიც 25 წლის წინ დავტოვე. პრაღაში 1989 წელს ვიყავი და მას შემდეგ ამ რამდენიმე წლის წინ, - ცენტრი იქაც უცვლელი დამხვდა. შემოიარეთ მსოფლიო და ნახავთ, რომ ქალაქის ცენტრს იერს არ უცვლიან. თუ რამეა დაზიანებული, შეაკეთებენ, აღადგენენ. მთელ მსოფლიოში იციან, რომ ფასადი შენ არ გეკუთვნის, ის ქალაქისაა.

სპორტის სასახლე ერთ დროს მართლა სასახლე იყო, გარშემო სივრცე ჰქონდა, ახლა კი საკუჭნაოა, იმდენი სახლი მიუშენეს გარშემო.

"მალე შავ ქალაქად გვაქცევენ"

ბერტა ხაფავა, მსახიობი: - არ მომწონს, ამდენი მახინჯი შენობა რომ წამოჭიმეს. ვაკეში კარგი სახლები დაანგრიეს და შავფანჯრიანი შენობები ააშენეს. მალე შავ ქალაქად გვაქცევენ. არავის ვენდობი, არც ერთი მერობის კანდიდატის არ მჯერა.

ქალაქში სკვერები აღარ არის. უგულავამ აღმაშენებლის პროსპექტზე მოსაჩრდილებელი ხე აღარ დატოვა.

ასწლოვანი ჭადრები რომ მოჭრეს, კი, სეზონურად ალერგიული იყო, მაგრამ ახლა არც ერთ სეზონზე აღარ არის თავშესაფარებელი. ჰაერი აღარ მოძრაობს ქალაქში. უპირველესად გამწვანება და ეკოლოგიაა მისახედი.

სადაც პატარა სკვერი იყო, ყველგან შენობები ჩათხარეს, თუ პატარა ადგილია, სანაყინე ან კაფე. იმელის უკან რა საშინელება დადგეს, ახლა ასეთი შენობები შემოიღეს მოდაში. ალბათ, თბილისისგან სინგაპური უნდათ გააკეთონ.

"დამოუკიდებელი საქართველოს არქიტექტურა ერის დეგენერაციის მაჩვენებელია"

ბუბა ხოტივარი, რეჟისორი: - თბილისი და თბილისელები კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდეს. დღევანდელი არქიტექტურა აბსოლუტურად უნიჭოა. უყურებენ, რას აკეთებენ დასავლეთში და იმის სულელური ასლები გადმოაქვთ. არადა, საქართველოში გვყავს ნიჭიერი არქიტექტორები. მათ დაახლოებით 1970 წლამდე კარგი ქალაქი ააშენეს, მერე დაიწყო კატასტროფა. დამოუკიდებელი საქართველოს არქიტექტურა ერის დეგენერაციის მაჩვენებელია, განსაკუთრებით თბილისის არქიტექტურა. სახლები იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს, არქიტექტორი მფლობელების სურვილს ემორჩილება.

მთლიანად აირია თბილისის განვითარების გეგმა. პლასტიკური ოპერაცია რომ გაუკეთო ლამაზ გოგოს და დაამახინჯო, იგივე გაუკეთეს თბილისს, განსაკუთრებით მის ცენტრს. ეჭვი არ მეპარება, რომ თბილისის დამახინჯება მიზანმიმართულად ხდებოდა. არ შეიძლება იმ ხიდის მოწონება, ასევე იმ ორი გაუგებარი მილის ქალაქის ცენტრში. გააკეთეს იმიტომ, რომ დაეჩრდილათ მეტეხი, სიონი, ანჩისხატი...

მე საზოგადოების სახელით ვთხოვდი ახალ მერს, რომ სხვაგან გადაიტანოს ეს შენობები. იმ ადგილას აფუჭებს ქალაქის ხედს.

"თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია"

ლაშა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი: - თბილისში არქიტექტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია, მაგრამ ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

მერმა, რომელსაც აირჩევენ, უნდა იფიქროს, როგორ განტვირთოს ქალაქი მანქანებისგან. თბილისი უნდა გახდეს ქალაქი, სადაც ცხოვრება იქნება შესაძლებელი, მანქანები ტროტუარებზე არ იდგებიან და ეტლიან ადამიანს შეეძლება ქუჩაში გავლა. წარმოუდგენლად დაბინძურებულია ჰაერი.

ახალი სახლები ანადგურებს პარკებისა და მწვანე ნარგავების იმ მცირე ნარჩენებსაც კი, რომლებიც იყო თბილისში. სუნთქვის საშუალება აღარ არის. მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზეც, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი იყოს ქალაქში - ტრამვაი და ტროლეიბუსი. არადა, ორივე გვქონდა. უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხიც, საკმარისად არ არის ქალაქში. სამარშრუტო ტაქსების იმედად ყოფნა არ შეიძლება. სამარშრუტო ტაქსები გარდამავალი პერიოდისთვის იყო, როდესაც საბჭოეთი დაინგრა, მაგრამ ეს გარდამავალი პერიოდი აგერ 25 წელზე მეტია გრძელდება.

თბილისში ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორი სოციალური გარემოა. როდესაც სიმდიდრე ასე არათანაბრად არის ქვეყანაში გადანაწილებული, ყოველთვის წარმოშობს დიდ დაპირისპირებასა და პრობლემებს. არ შეიძლება ერთნი მილიონერები იყვნენ და მეორეთ პურის ფული არ ჰქონდეთ. ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა. თბილისი, როგორც დედაქალაქი, უნდა იყოს მიმართულების მაჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომში ქვეყანა.

ეკა სალაღაია