მეგის მეომრები - კვირის პალიტრა

მეგის მეომრები

ბრძოლების ამსახველი პრინტი და საქართველოს გაცოცხლებული ისტორია - ახალი სიტყვა ქართული მოდის ინდუსტრიაში

მოდის ინდუსტრია ერთ-ერთ კონკურენტულ სფეროდ ითვლება. ახალი კაბის ყიდვის სურვილით შეპყრობილი ქალისთვის არჩევანი დიდია, თუმცა, კაბას საქართველოს ისტორიიდან გაცოცხლებული სურათით ვერსად შეხვდებით.

მეგი გაბუნია მხატვარ-დიზაინერია. მასთან სახელოსნოში ახალი პროექტით დაინტერესებამ მიმიყვანა - პროექტს "ისტორიის მცველები" ჰქვია. რკინის ხვეული კიბით მეგის სამუშაო ოთახში ავდივარ. აქ საქართველოს ისტორიის ბრძოლების ამსახველი უამრავი ესკიზია, აბჯრები, საბრძოლო აქსესუარები და რაც მთავარია, ორიგინალური კაბა, რომელზეც ბრძოლის სცენებია გამოსახული. გაოცება ვერ დავმალე და ჩვენი საუბარიც მისი ინოვაციური პროექტით დავიწყეთ.

"ისტორიის მცველები"

- გასულ წელს ვიმუშავე ფილმზე. გადავიღეთ XVI საუკუნის საქართველოს ისტორია. მე კოსტიუმების მხატვარი ვიყავი. ყველა კოსტიუმი, აბჯარი თუ სხვა აქსესუარი შევქმენი და დიდი შრომა და სიყვარული ჩავაქსოვე. რკინის, ნატურალური ბეწვის, ტყავისა თუ სხვა ქსოვილების დამუშავება ხელით მიწევდა. ეს იყო "ჰენდ მეიდ" კოსტიუმები. ისტორიის თემამ ისე ჩამითრია, რომ მოგვიანებით დამებადა იდეა, თანამედროვე სამოსში ბრძოლების თემა გამომეყენებინა. ასე დაიბადა პროექტი "ისტორიის მცველები". ჩემი მეგობრები, მსახიობები: დათო ქაცარავა, გიორგი ბახუტაშვილი, ლაშა კანკავა, ლაშა ჯუხარაშვილი და გიორგი ცაავა დამეხმარნენ და დავდგით პერფორმანსი ფოტოგადაღებისთვის და გავაცოცხლეთ XIV-XVI საუკუნეების ბრძოლები, რომლებიც საქართველომ გამოიარა. ფოტოკოლაჟი ქსოვილზე მხატვრულად არის აწყობილი და გადატანილია ქალის კაბებსა თუ მაისურებზე.

ძალიან მწირია ინფორმაცია ამ პერიოდის საბრძოლო ჩაცმულობაზე. ამიტომ ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი დამეხმარა. მიყვებოდა მეომრების ჩაცმულობისა და სხვადასხვა დოკუმენტური მასალის შესახებ, შემდეგ უკვე ჩემი ფანტაზიაც ჩავრთე.

აბჯარი

XVI საუკუნეში საქართველო დაშლილი იყო, ყველა კუთხეს თავისი მეფე ჰყავდა. შესაბამისად, თავისებური ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ მეფეთა მსახურები და მებრძოლები. ჩემს სამოსზე ასახული მებრძოლები ქართლის, იმერეთის, კახეთისა და გურიის წარმომადგენლები არიან. იცით, როგორ გავაკეთე აბჯრები? ელიავას ბაზრობაზე, სადაც შეშის ღუმელები იყიდება, მილის მასალა ვიყიდე, ხელოსანს ფირფიტებად დავაჭრევინე და ჩაქუჩით, ბრტყელტუჩათი და სხვა იარაღებით შევკარი. მერე მამაკაცის მანეკენს მოვარგე, შემდეგ შევღებე, დავაძველე, გავხეხე - შუა საუკუნეების იერი მივეცი. ტურისტებში ეს კოლექცია დიდ ინტერესს იწვევს. კითხულობენ, რომელი ბრძოლაა? რა ხდება? ჩვენც ვუყვებით. ქალის მაისურებზე ჩემი ჩანახატები დავიტანე - ქართული საბრძოლო იარაღები და ამონარიდები სხვადასხვა ისტორიული წყაროდან. ერთ-ერთი ამონარიდი მოგვითხრობს თემურ-ლენგის შემოსევაზე საქართველოში და იქვე გამოსახულია იარაღი, რომლითაც ქართველები თემურ-ლენგს ებრძოდნენ.

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო

ჩემს სამოსზე პრინტის სახით გადატანილია არა ინტერნეტით მოძიებული ფოტოები, არამედ ჩემი ნახატები. პერიოდულად სხვადასხვა თემით ვინტერესდები და კოლექციასაც ამ თემატიკაზე ვქმნი. მეომრებამდე კოლექცია აფრიკულ მოტივებზე გავაკეთე. ფერადკანიანთა პორტრეტები და ცხოვრების ამსახველი კადრები გადავიტანე ჯერ ტილოზე, შემდეგ კი სამოსზე. ეს თემაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მომხმარებლებისთვის.

ბავშვობიდან ვხატავ. მამა, ზურა გაბუნია, მხატვარია და ჩემი ადრეული მახსოვრობა ხელოვნების ამ დარგს უკავშირდება. სამხატვრო აკადემია ტყავ-გალანტერიის სპეციალობით დავამთავრე და მაშინვე დავიწყე ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის სალონში მუშაობა. წლების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შევიძინე.

მომავალში ვგეგმავ განვავრცო პროექტი "ისტორიის მცველები" და ამ პროექტის ფარგლებში ახლა უკვე მსახიობი ქალები გააცოცხლებენ შუა საუკუნეების ისტორიას.

ნინო წიფურია